თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი, მულტიდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი ერთეულია, რომლის მიზანია ქართველოლოგიური პროექტების ინიციირება, მხარდაჭერა და განხორციელება.
ინსტიტუტის მიერ 2022 წელს დაიგეგმა და პირველად ჩატარდა საერთაშორისო ქართველოლოგიური კონფერენცია „საქართველო და კავკასია – წარსული, აწმყო, მომავალი“, რომელიც ყოველწლიური სამეცნიერო აკადემიური ფორუმია და თავს უყრის საქართველოსა და საზღვარგარეთ მოღვაწე კავკასიოლოგიური და ქართველოლოგიური მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულების მკვლევრებს.
კონფერენციის მთავარი მიმართულებებია: ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია, ფილოლოგია, კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, დიგიტალური ქართველოლოგია, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა და მათი ქვედარგები, რაც სამეცნიერო ფორუმს მულტიდისციპლინურ და, ამავდროულად, ინტერდისციპლინურ სტატუსსა და ხასიათს სძენს და განაპირობებს მის მასშტაბურობას.
2026 წლის, რიგით მეხუთე კონფერენცია – “საქართველო და კავკასია – წარსული, აწმყო, მომავალი” მიზნად ისახავს ქართველი და კავკასიელი ხალხების ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე განვითარების საკითხების მრავალმხრივ განხილვას. აღნიშნული სამეცნიერო შეხვედრა შექმნის სივრცეს მკვლევრებისთვის, ისტორიკოსებისთვის და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვის, რათა გააზრონ რეგიონის ისტორიული გამოცდილება, იმსჯელონ თანამედროვე გამოწვევებზე და წარმოადგინონ ხედვები კავკასიის მომავალი განვითარების შესახებ. კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოსა და კავკასიის ისტორიული მემკვიდრეობის კვლევას, რეგიონული ურთიერთობების ანალიზს და იმ პროცესებს, რომლებიც განსაზღვრავს ამ სივრცის მნიშვნელობას თანამედროვე მსოფლიო კონტექსტში.
საორგანიზაციო კომიტეტი იწვევს მკვლევრებს, მეცნიერებსა და დოქტორანტებს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში შემდეგი მიმართულებებით: ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია, ფილოლოგია, კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, დიგიტალური ქართველოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა და მათი ქვედარგები.
კონფერენცია გაიმართება 2026 წლის 22-23 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტში და ონლაინ