აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი

ქუთაისი/საქართველო

nestani.kutivadze@atsu.edu.ge

 

აბსტრაქტი

გენდერული პრობლემა აქტუალურია როგორც  თანამედროვე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ასევე მხატვრულ ლიტერატურაში, რომელიც, ერთი მხრივ, განასახოვნებს არსებული სოციალური რეალობის გენდერულ სურათს, მეორე მხრივ კი, თავად მონაწილეობს ამ უკანასკნელის ჩამოყალიბება–ტრანსფორმაციაში და ქალი და მამაკაცი პერსონაჟების მეშვეობით პატრიარქალური თუ ფემინისტური იდეოლოგიების რეპრეზენტაციას ახდენს მხატვრულ ნარატივში.

განსხვავებულია ქალის აღქმა სხვადასხვა ეპოქის  მწერლობაში.  კლასიკური თუ შემდგომი პერიოდის მხატვრულ ტექსტებში ქალი პერსონაჟები წარმოსახულნი არიან მშვენიერ სატრფოებად, დედებად, მეუღლეებად,  ერთგვარ მორალურ იმპერატივადაც, მსხვერპლისა თუ იდეალიზაციის მარკერებით, რასაც, უმეტეს წილად, საფუძვლად პატრიარქალური მიდგომები უდევს.

XIX საუკუნის II ნახევრიდან, განსაკუთებით XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე  ფემინისტური მოძრაობისა და ქალთა ემანსიპაციის საკითხის გააქტიურების კვალდაკვალ მხატვრულ ლიტერატურაში შემოდის ფემინისტური დისკურსი, რასაც მოჰყვება ქალისა და მამაკაცის როლების განსხვავებული გააზრება, აქცენტებია გადატანილი გენდერული უთანსწორობის ჩვენებაზე, მეტი ყურადღება ეთმობა ქალის შინაგანი სამყაროს მხატვრულ ასახვას, წინა პლანზეა წამოწეული პატრიარქალური სტერეოტიპების უსამართლობა. საბჭოთა იდეოლოგიამ დეკლარირებულად ქალი და მამაკაცი ერთმანეთთან გაათანაბრა, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ პატრიარქალური საზოგადოების სტერეოტიპული მიდგომები ერთბაშად შეიცვალა უფრო ლიბერალური შეხედულებებით.  

1960-1970-იანი წლების ქართულ ლიტერატურაში არაერთ ახალ ტენდენციასთან ერთად განსხვავებულად ტრანსფორმირდება ქალის მოდელიც: ტრადიციულ დედასა და მეუღლესთან ერთად ამ პერიოდის პროზაული ტექსტების ქალი პერსონაჟები გამოირჩევიან სულიერ–ინტელექტუალური თვისებებით, თვითრეფლექსიის უნარითა თუ შინაგანი პროტესტის გრძნობით.

რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ გენდერული საკითხის მხატვრული განსახოვნების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტია, რომელსაც ამასთანავე საბჭოთა პერიოდის სოციო-კულტურული და გენდერული ასპექტების შემცველი არაერთი პლანი გააჩნია. ნაწარმოები ხასიათდება ფსიქოლოგიური სიღრმითა და მინიმალისტური სიუჟეტით. მნიშვნელოვანია, რომ ნარატორი ქალია (ელენე), რომლის პერეპექტივიდან ინტერპრეტირდება ტექსტის არაერთი გმირი, მისი შინაგანი მონოლოგით იქმნება ძირითადი სიუჟეტური ხაზიც. მწერალი პატრიარქალური კლიშეების ჩვენებასთან ერთად არსებული მოდელების რღვევისა და გენდერული სტერეოტიპების გადალახვის აუცილებლობაზე აფიქრებს მკითხველს.

მცირე პროზის დიდოსტატად აღიარებული მწერლის შემოქმედებაში თანადროული ეპოქა აღიბეჭდება მრავალგვარი ყოფითი განსაცდელით, ტრამვული მეხსიერებით, სუსტი თუ მტკიცე ხასიათის მქონე გმირებით, მაგრამ ადამიანის მიმართ რწმენით. მისი პერსონაჟების სულიერი მარტოობაც რეალობასთან შინაგანი კონფლიქტით არის გამოწვეული, რისი დასტური აღნიშნული თხზულებაცაა, რომელსაც არამხოლოდ რევაზ ინანიშვილის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში უჭირავს გამოკვეთილი ადგილი.  

 

საკვანძო სიტყვები: გენდერი, პატრიარქალური სტერეოტიპები, რეპრეზენტაცია, მხატრული ნარატივი, მცირე პროზა.