ჩვენს შესახებ

თანამედროვე ეპოქამ და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სწრაფმა ტემპმა სამეცნიერო საზოგადოებისთვის კვლევისა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შექმნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს ახალი შესაძლებლობები იმ ქვეყნებისთვისაა, რომელთაც თავიანთი დიდი კულტურის პოპულარიზაციისა და კვლევით პროცესებში გათვალისწინებისთვის უდიდესი ძალისხმევა სჭირდებათ. 
ამ კონტექსტში საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ქართველოლოგიური პროექტების ინიციირებას, მხარდაჭერასა და განხორციელებას. სწორედ ზემოხსენებული ფაქტორებისა და რეალობის საპასუხოდ 2022 წელს – პირველად ჩატარდა საერთაშორისო ქართველოლოგიური კონფერენცია „საქართველო და კავკასია – წარსული, აწმყო, მომავალი“, რომელიც ყოველწლიური სამეცნიერო აკადემიური ფორუმია და თავს უყრის საქართველოსა და საზღვარგარეთ მოღვაწე კავკასიოლოგიური და ქართველოლოგიური მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულების მკვლევრებს.
სამეცნიერო მიმართულებები, რომლებიც მუშაობის პროცესში დარგობრივ სექციებში დიფერენცირდება, მოიცავს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მნიშვნელოვან სფეროებს: ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია, ფილოლოგია, კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, დიგიტალური ქართველოლოგია, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა და მათი ქვედარგები, რაც სამეცნიერო ფორუმს მულტიდისციპლინურ  და, ამავდროულად, ინტერდისციპლინურ სტატუსსა და ხასიათს სძენს და განაპირობებს მის მასშტაბურობას. 
 
თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი წარმოადგენს საქართველოს უნივერსიტეტის დამოუკიდებელ, მულტიდისციპლინურ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულს, რომლის მთავარი მიზანია ქართველოლოგიის სფეროში კვლევების დაგეგმვა, კოორდინირება და განხორციელება, რაც, ფართო გაგებით, მოიცავს საქართველოს შემსწავლელ ყველა ჰუმანიტარულ დარგს: ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ხელოვნებას, არქეოლოგიას, ფოლკლორისტიკას, ეთნოგრაფიას, ნუმიზმატიკას, სფრაგისტიკას, ისტორიას, ეკონომიკას, სამართალმცოდნეობას, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, ეპიგრაფიკას, პალეოგრაფიას, წყაროთმცოდნეობას და ა.შ. 
ინსტიტუტი გეგმავს ეროვნული და საერთაშორისო აკადემიური ღონისძიებებს და თანამშრომლობს სხვადასხვა აკადემიურ ინსტიტუტთან, კვლევით თუ სასწავლო ცენტრთან.
 
ინსტიტუტის დირექტორია მისი დამაარსებელი, პროფესორი მანანა სანაძე.