დამოუკიდებელი მკვლევარი 

ისტორიის დოქტორი  

წყაროთმცოდნეობა

საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა

პარიზი/საფრანგეთი 

grigolpheradze1@gmail.com


ქართლ-კახეთის მეფე, ერეკლე II და XVIII საუკუნის მეორე ნახევრის სომხური განმათავისუფლებელი მოძრაობა 

აბსტრაქტი

ჩემი კვლევა შეეხება ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის როლს XVIII საუკუნის მეორე ნახევრის სომხური განმათავისუფლებელი მოძრაობის განვითარებაში. ნიშანდობლივია, რომ 1750-იანი წლებიდან, საერთაშორისო სარბიელზე, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ცვლილებების ფონზე, სამხრეთ კავკასიაში ნელ-ნელა იკრებდნენ ძალებს ქართლისა და კახეთის სამეფოები, რომელთა მონარქებმა (თეიმურაზ II და ერეკლე II), პირველივე ხანებში, ქვეყნის საზღვრების გამაგრება და ქართულ სამეფოებზე ირანის გავლენის მნიშვნელოვნად შემცირება შეძლეს. ხოლო, ერეკლე II-ის მიერ ქართლისა და კახეთის სამეფოების ერთი გვირგვინის ქვეშ გაერთიანების შემდეგ, ფაქტობრივად, დასრულდა კიდეც ირანის ბატონობა აღმოსავლეთ საქართველოზე, რამაც მას მეზობელ, კავკასიურ სახანოებზე ძალაუფლების გავრცელების შესაძლებლობა მისცა. XVIII საუკუნის მეორე ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს წარმატებებმა ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულეს სომხური განმათავისუფლებელი მოძრაობის აღორძინებაში, რომელთა ლიდერებიც (იოსებ ემინი, მოვსეს სარაფოვი, იოსებ არღუთიანი, შაჰამირ შაჰამირიანი და სხვ.), ფაქტობრივად, გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ერეკლე მეფის უშუალო თანამონაწილეობას სომხური განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმატების საკითხში. ამრიგად, აღნიშნული კვლევის მიზანია, გაანალიზდეს ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის როლი ამ ეპოქის სომხურ განმათავისუფლებელ მოძრაობაში. აგრეთვე, ქრონოლოგიურად იქნას გაშუქებული XVIII საუკუნის მეორე ნახევრის სომეხ ლიდერთა ურთიერთობების ხასიათი, მიზნები და ზოგადი გარემოებები ქართველ მონარქთან, რაც თავისთავად მოგვცემს საკითხის რეგიონულ და გლობალურ კონტექსტში განხილვის საშუალებას. 


საკვანძო სიტყვები: ერეკლე II, იოსებ ემინი, მოვსეს სარაფოვი, იოსებ არღუთიანი, შაჰამირ შაჰამირიანი, ქართლ-კახეთის სამეფო, ქართულ-სომხური ურთიერთობები.