ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ასოცირებული პროფესორი
კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა
დოქტორი
თბილისი/საქართველო
irakli.chkhaidze@tsu.ge
აბსტრაქტი
ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი ილია ჭავჭავაძეს თანამედროვე ქართველი ერის ერთ-ერთ მთავარ დამფუძნებელ მამად და ეროვნულ გმირად მიიჩნევს. მისი მემკვიდრეობა აქტიური განხილვის საგანია ინტელექტუალურ და ფართო საზოგადოებრივ წრეებში. ჯგუფებს, რომელთათვისაც ილია საკულტო ფიგურას წარმოადგენს, განსხვავებული ხედვები აქვთ საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ერის მშენებლობის ფორმები, საზოგადოების განვითარების მოდელები, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციები და სხვა. ილია ჭავჭავაძის სახე ხშირად გამოიყენება ეროვნული იდენტობის სხვადასხვა დისკურსის გასამყარებლად; ერთნი მას ტრადიციული, კონსერვატიული ფასეულობების სიმბოლოდ მიიჩნევენ, სხვები კი - ლიბერალ მოღვაწედ და საქართველოს ევროპული იდენტობის მთავარ გამოხატულებად. საზოგადოების ნაწილი ილიას მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კანონიზებულ წმინდანად - წმინდა ილია მართლად აღიქვამს. ილია ჭავჭავაძე არის ქართველ გმირთა პანთეონის უდავო ლიდერი, რომლის ჰეროიკული სახე ფართოდ არის გაზიარებული საზოგადოებაში. ამავე დროს, იგი წარმოადგენს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმნიშვნელოვან და კომპლექსურ ფიგურას. პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოძრაობები, მათი ლიდერები მუდმივად ცდილობენ ილია ჭავჭავაძე საკუთარ გმირად წარმოაჩინონ და მისი სახელით ისაუბრონ. იგი ერთგვარი „ცარიელი აღმნიშვნელია“ („empty signifier“), რომელშიც სხვადასხვა ჯგუფი სასურველ შინაარსს დებს. როგორც საყოველთაოდ პატივსაცემი მთავარი ეროვნული ფიგურა და სიმბოლო, ილია ერთგვარ „ჭურჭლად“ იქცა, რომელიც მუდმივად ივსება ურთიერთსაპირისპირო შინაარსით. XX საუკუნის პირველ ათწლეულებში ილია ჭავჭავაძე არაერთგვაროვნად იყო აღქმული პოლიტიკურ და ინტელექტუალურ წრეებში, თუმცა, 1930-იან წლებში, ახალი ეროვნული პოლიტიკის ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის ფიგურის სრული საბჭოთა რეაბილიტაცია განხორციელდა. იგი ქართულ კოლექტიურ მეხსიერებაში დამკვიდრდა როგორც ურყევი გმირი და საკულტო ფიგურა, რომელმაც განმსაზღვრელი წვლილი შეიტანა საქართველოს სოციალისტურ ისტორიაში. საბჭოთა ნარატივში ილია წარმოდგენილი იყო, როგორც ერთ-ერთი პირველი საზოგადო მოღვაწე, რომელმაც საქართველოში სოციალისტური იდეები შემოიტანა და გაავრცელა. ილია ჭავჭავაძის პოპულარობა განსაკუთრებულად გაიზარდა 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო. იგი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. ამავე პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. ირონიულია, რომ ილია ჭავჭავაძე, რომელსაც ერთ დროს „სოციალიზმის მამად“ მოიხსენიებდნენ, საბოლოოდ იმ ძალების მხარეს აღმოჩნდა, რომლებიც მკვეთრად უპირისპირდებოდნენ სოციალისტურ წესრიგს. იგი მოგვევლინა როგორც „ერის მამა“ და მასთან ერთად რელიგიური სახე, ქართული მართლმადიდებლობის ახალი სიმბოლო. დღესაც ილია ჭავჭავაძის ფიგურა მრავალ განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებს. მის ირგვლივ არსებული იდენტობის წინააღმდეგობრივი დისკურსები და ნარატივები ხშირად იქცევა ქართულ საზოგადოების დაყოფისა და დაპირისპირების საფუძვლად. წარმოდგენილი ნაშრომი იკვლევს ილია ჭავჭავაძეს, როგორც მეხსიერების ადგილს, რომელიც ასახავს გვიანი საბჭოთა პერიოდის საქართველოს ახალ პოლიტიკურ რეალობას. ამ პერიოდში იგი სოციალიზმის გმირიდან ეროვნულ გმირად გარდაიქმნა და ახალი ქართული ნაციონალიზმის სიმბოლოდ იქცა. კვლევა ინტერდისციპლინურ ხასიათს ატარებს და აერთიანებს კულტურის კვლევების, ისტორიის, იდენტობის, ნაციონალიზმისა და მეხსიერების კვლევების თეორიულ მიდგომებს, რაც საკითხის მრავალმხრივი და სიღრმისეული შესწავლის შესაძლებლობას გვაძლევს.
Keywords
იდენტობა, ილია ჭავჭავაძე, ნაციონალიზმი, სოციალიზმი, რელიგია