ვარშავის უნივერსიტეტი
დოქტორანტურის სტუდენტი
დიგიტალური ქართველოლოგია
მაგისტრი
ვარშავა/პოლონეთი
a.davitashvili@uw.edu.pl
ქართული არქეოლოგიის ისტორიოგრაფია: სამეცნიერო მემკვიდრეობის კვლევა და ციფრული არქივის გამდიდრება
აბსტრაქტი
ქართული არქეოლოგიის ისტორიოგრაფია: სამეცნიერო მემკვიდრეობის კვლევა და ციფრული არქივის გამდიდრება ანადავითშვილი, ნიკოლოზ კაკაბაძე, ლოლა სანაია აბსტრაქტი ქართული არქეოლოგია გამოირჩევა მდიდარი ისტორიოგრაფიული მემკვიდრეობით, რომელიც ასახავს როგორც კვლევის ადრეულ ეტაპებს, ისე თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებს. საქართველოში არქეოლოგიური კვლევების ისტორია XIX საუკუნიდან იწყება და ამ დროიდან დღემდე დაგროვდა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ცოდნა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა არქეოლოგიის როგორც მეცნიერების განივთარებაში, არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზე. მიუხედავად ამ მდიდარი ტრადიციისა, ერთიანი, სისტემატიზებული და მუდმივად განახლებადი ციფრული სივრცის არსებობა კვლავ ერთ–ერთ გამოწვევად რჩება. განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს ისტორიოგრაფიული მასალის ფრაგმენტულობა და შეზღუდული ხელმისაწვდომობა. მონოგრაფიები, სამეცნიერო სტატიები, საველე ანგარიშები, დისერტაციები, ექსპედიციების დოკუმენტაცია და ფოტომასალა გაფანტულია სხვადასხვა ბიბლიოთეკაში, არქივში, სამეცნიერო დაწესებულებასა და კერძო კოლექციებში. მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომი არასაკმარისადაა აღწერილი, კლასიფიცირებული ან წარმოდგენილი კვლევისთვის მოსახერხებელ ფორმატში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქართული არქეოლოგიის სრულფასოვან განვითარებასა და მის ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ქართველოლოგიური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პროექტი – „ქართული არქეოლოგიის ისტორიოგრაფია და ქართველოლოგიური მემკვიდრეობა: ციფრული ბიბლიოთეკის განვითარება“, რომლის მიზანია ქართული არქეოლოგიური ისტორიოგრაფიული რესურსების მოძიება, დიგიტალიზაცია, სტანდარტიზებული კატალოგიზაცია და მათი ინტეგრირება ღია წვდომის ციფრულ პლატფორმაზე – Archaeolib.ge, რითაც იქმნება ეროვნული სამეცნიერო მემკვიდრეობის დაცვისა და საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში მისი ინტეგრაციის მდგრადი ინფრასტრუქტურა. 2016 წელს შექმნილი პლატფორმა წარმოადგენს საქართველოს პირველ სპეციალიზებულ ციფრულ ბიბლიოთეკას არქეოლოგიის მიმართულებით და მიზნად ისახავს ეროვნული სამეცნიერო მემკვიდრეობის დაცვასა და მისი კვლევითი პოტენციალის გაფართოებას. პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე დამყარდა თანამშრომლობა ეროვნულ ბიბლიოთეკებთან, არქივებთან, სამეცნიერო ცენტრებთან და ინდივიდუალურ მკვლევრებთან. შედგა პრიორიტეტული ბიბლიოგრაფიული ნუსხები და შეიქმნა სამუშაო ბაზა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქივებში დაცულ ხელით შესრულებულ ძველ არქეოლოგიურ ანგარიშებსა და ფოტოკოლექციებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აქამდე არასოდეს ყოფილა ხელმისაწვდომი ციფრულ ფორმატში. პარალელურად, მომხმარებელთა საჭიროებების გამოსავლენად შემუშავდა სპეციალური კითხვარი, რომლის შედეგებმა განსაზღვრა როგორც პრიორიტეტული ლიტერატურის გაციფრულების მიმართულებები, ისე პლატფორმის შემდგომი განვითარება. მიღებული გამოცდილების საფუძველზე დაიწყო Archaeolib.ge-ის ტექნიკური და ფუნქციური განახლება, მათ შორის ვებსაიტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, მონაცემთა საცავის გაფართოება და მომხმარებელზე ორიენტირებული ფუნქციების გაუმჯობესება, რაც უზრუნველყოფს როგორც გაციფრულებული რესურსების გრძელვადიან დაცვას, ისე მათი ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობას. ციფრული ბიბლიოთეკიის გაუმჯობესება, მნიშველოვანია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთ მოღვაწე მეცნიერთათვის, რადგან იგი ქმნის ქართული არქეოლოგიური ცოდნის საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებში ინტეგრაციის, ღია მეცნიერების პრინციპების დანერგვისა და ქართველოლოგიური მემკვიდრეობის გლობალური ხელმისაწვდომობის საფუძველს.