ნიკოლოზი - უახლესი ისტორიის ცენტრი; გიორგი - კავკასიის უნივერსიტეტი/უახლესი ისტორიის ცენტრი

ნიკოლოზ - ხელმძღვანელი; გიორგი - ასისტენტ-პროფესორი/მკვლევარი

ისტორიის დოქტორანტი (ორივე)

თბილისი/საქართველო

nikasarajishvili99@gmail.com

 

აბსტრაქტი

 

წარმოდგენილი ნაშრომი იკვლევს 26 მაისის — საქართველოს დამოუკიდებლობის დღის — ეროვნულ კოლექტიურ მეხსიერებაში დაბრუნებისა და იდეოლოგიურ-პოლიტიკური რეაბილიტაციის პროცესს. ეს ისტორიული ტრანსფორმაცია საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ წლებში, „პერესტროიკისა“ და „გლასნოსტის“ პოლიტიკის ფონზე, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის აღზევებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას დაემთხვა. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, კომუნისტური რეჟიმი აქტიურად ცდილობდა 26 მაისის იდეოლოგიურ დისკრედიტაციას და მის ჩანაცვლებას 25 თებერვლით — დღით, როდესაც წითელმა არმიამ თბილისი აიღო. საბჭოთა ქართული ისტორიოგრაფიის ხელშეწყობით, ამ კამპანიამ ხანგრძლივი დროით შეძლო დამოუკიდებლობის დღის მივიწყება ან მისი მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა. გამონაკლისს წარმოადგენდა ისტორიკოს უშანგი სიდამონიძის 1970 წლის ნაშრომი, სადაც 1918 წლის აქტი პროგრესულ მოვლენად იყო შეფასებული, რასაც მეცნიერის წინააღმდეგ მკაცრი საბჭოთა იდეოლოგიური სანქციები და სამეცნიერო ხარისხის გაუქმება მოჰყვა. ვითარება რადიკალურად შეიცვალა 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან, როდესაც „გარდაქმნამ“ შესაძლებელი გახადა ტაბუდადებული თემების საჯარო განხილვა. ნაშრომში დეტალურად არის გაანალიზებული ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მიერ 1988–1990 წლებში 26 მაისის აღსანიშნავად ორგანიზებული ღონისძიებები და იმდროინდელი პრესის როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. 1989 წლიდან პროცესი შეუქცევადი გახდა და ეს თარიღი ოფიციალურმა საბჭოთა სტრუქტურებმაც კი აღიარეს. 1990 წლის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში ეროვნული ძალების გამარჯვებისა და სათავეში ზვიად გამსახურდიას მოსვლის შემდეგ, 26 მაისს ოფიციალურად მიენიჭა სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსი. ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის ლეგიტიმაცია პირდაპირ დააფუძნა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის სამართლებრივ მემკვიდრეობითობაზე. გამოცხადებული გარდამავალი პერიოდის ფარგლებში სრულად გაუქმდა საბჭოთა იდეოლოგიური კალენდარი და აღდგა პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკა: დროშა, გერბი და ჰიმნი „დიდება“. სტატიის დასკვნითი ნაწილი ეთმობა 1991 წლის 26 მაისის ტრიუმფალურ აღნიშვნას. ეს თარიღი მრავალმხრივი სიმბოლური დატვირთვის მატარებელი აღმოჩნდა, რადგან დაემთხვა საქართველოს პირველ საპრეზიდენტო არჩევნებს, ეროვნული გვარდიის პირველ სამხედრო აღლუმს, სპორტულ ფესტივალებსა და საყოველთაო სახალხო ზეიმს. საბოლოოდ, კვლევა ადასტურებს ჰიპოთეზას, რომ 26 მაისის რეაბილიტაცია არ ყოფილა მხოლოდ ერთი კონკრეტული ისტორიული თარიღის აღდგენა. ეს იყო ფუნდამენტური სამართლებრივი და იდეოლოგიური გარდატეხა, რომელმაც უზრუნველყო საბჭოთა ტოტალიტარული ნარატივის დეკონსტრუქცია და საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენას.


Keywords

ისტორიული მეხსიერება; ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა; საქართველოს დამოუკიდებლობა; 26 მაისი; საბჭოთა კავშირის დაშლა.