იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესორი
თელავი/საქართველო
tengiz.simashvili@gmail.com
აბსტრაქტი
სტატიაში გაანალიზებულია 1920-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლების ანტირელიგიური პოლიტიკა საქართველოში, მისი განხორციელების ფორმები და შედეგები. კვლევა ეყრდნობა უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში, კახეთის რეგიონულ არქივში, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში და თელავის ისტორიული მუზეუმის ფონდებში დაცულ საარქივო დოკუმენტებს, აგრეთვე მემუარულ და ზეპირ წყაროებს.
საარქივო მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ საბჭოთა ანტირელიგიური პოლიტიკა საქართველოში არა უწყვეტ, არამედ პერიოდულ ხასიათს ატარებდა. იგი მნიშვნელოვნად ძლიერდება 1922-1923 წლებში, რასაც თან ახლავს ეკლესიების ნგრევა, დახურვა და სასულიერო პირების მასობრივი დევნა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდგომ რეპრესიებს, როდესაც სასულიერო პირების წინააღმდეგ განხორციელებულმა ძალადობამ მასობრივი ხასიათი მიიღო.
1924 წლის აგვისტოს შეიარაღებული აჯანყების შემდეგ, მოსახლეობაში უკმაყოფილების ზრდის ფონზე, საბჭოთა ხელისუფლების ანტირელიგიური პოლიტიკა გარკვეული პერიოდით სუსტდება. თუმცა, სსრკ-ში დაწყებული ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზაციის ფონზე, 1928 წლიდან კვლავ იწყება საბჭოთა ანტირელიგიური პოლიტიკის გააქტიურება, რაც გამოიხატებოდა ადმინისტრაციულ, ეკონომიკურ და ფიზიკურ რეპრესიებში სასულიერო პირებისა და მორწმუნეების მიმართ.
კვლევაში საარქივო მასალებზე დაყრდნობით დეტალურად არის ნაჩვენები, აღნიშნულ პერიოდში საბჭოთა ხელისუფლების ანტირელიგიური პოლიტიკის გამოვლინებები - ეკლესიების დახურვის პრაქტიკა, სასულიერო პირების უფლებების შეზღუდვა, მათ შორის ე.წ. „ხმააღკვეთილთა“ სიებში შეყვანა, რაც სასულიერო წოდების წარმომადგენლებს, მათ ოჯახებს სოციალურ და სამოქალაქო იზოლაციაში აქცევდა.
სტატიაში ასევე გაანალიზებულია რელიგიური დღესასწაულების ჩანაცვლების, საბჭოთა რიტუალების დამკვიდრების და მოსახლეობის ნაწილის ანტირელიგიურ საქმიანობაში ჩართვის პროცესი. კვლევა აჩვენებს, რომ საბჭოთა ანტირელიგიური კამპანია წარმოადგენდა სახელმწიფო იდეოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ცნობიერების გარდაქმნას და ეკლესიის, როგორც ტრადიციული ინსტიტუტის, დასუსტებას.
საკვანძო სიტყვები: საბჭოთა ანტირელიგიური პოლიტიკა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, საბჭოთა რეპრესიები, სასულიერო პირების დევნა, ეკლესიების დახურვა და ნგრევა, 1920-იანი წლები