კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise
მაგისტრები, მკვლევრები
თბილისი/საქართველო 
t.ketsbaia@ug.edu.ge
d.kutidze@ug.edu.ge 

 

აბსტრაქტი

წინამდებარე კვლევა შეისწავლის სამხრეთ კავკასიაში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) სამოქალაქო ორგანიზების ევოლუციას და ცდილობს იმის დადგენას, თუ როგორ იმოქმედა საბჭოთა ოკუპაციამ და შემდგომმა პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციამ რეგიონის საზოგადოებრივ სტრუქტურებზე. კვლევის ამოსავალ წერტილს და ინსტიტუციურ საყრდენს წარმოადგენს გვიანი მეფის რუსეთისა და პირველი რესპუბლიკების პერიოდი 1921 წლამდე, რომლის ანალიზიც აუცილებელია იმის გასაგებად, თუ რა ტიპის ავტონომიური სამოქალაქო ტრადიცია არსებობდა რეგიონში გასაბჭოებამდე.

ამ მიზნის მისაღწევად, ნაშრომის ფარგლებში, შესწავლილია, თუ რა სოციალურ და კულტურულ საყრდენებს ფლობდა სამოქალაქო ორგანიზება 1921 წლამდე სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში და რამდენად იყო ეს გამოცდილება ორგანული თავად რეგიონისთვის. ამ ისტორიულ ბაზისზე დაყრდნობით, კვლევა აანალიზებს, თუ როგორ შეცვალა, მოახდინა მუტაცია ან სრულად წაშალა 70-წლიანმა საბჭოთა ტოტალიტარულმა სისტემამ აღნიშნული ისტორიული მეხსიერება და საზოგადოებრივი თვითორგანიზების უნარი. საბოლოოდ, ნაშრომის ფოკუსს წარმოადგენს პოსტსაბჭოთა პერიოდი 1991 წლიდან დღემდე, რათა გამოავლინოს, თუ რამ განაპირობა სამივე ქვეყნის სამოქალაქო სექტორის განვითარების მკვეთრად განსხვავებული გზები და რა როლი ითამაშა ამ პროცესში ადგილობრივმა პოლიტიკურმა კონტექსტმა, შიდა თუ გარე კონფლიქტებმა და ჩამოყალიბებული რეჟიმების სპეციფიკურმა ტიპებმა.

საკვანძო სიტყვები: სამხრეთ კავკასია; სამოქალაქო ორგანიზება; საზოგადოებრივი თვითორგანიზება; პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია.