ძველი ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფია – თეოდორა ალექსანდრიელის ცხოვრების პრემეტაფრასული და მეტაფრასული ვერსიები
ძველი ქართული მწერლობა მდიდარია როგორც ორიგინალური, ასევე ნათარგმნი ლიტერატურული ძეგლებით, მათ შორის – ჰაგიოგრაფიული თხზულებებით. ბოლო წლებში ნათარგმნი ლიტერატურის კვლევის მეთოდების დახვეწამ და ბიზანტიური ჰაგიოგრაფიის შესწავლის პროგრესმა ქართულ ნათარგმნი ჰაგიოგრაფიის კვლევების საჭიროება კიდევ უფრო ნათელი გახადა. ცნობილია, რომ წმინდანთა ცხოვრების კიმენური (პრემეტაფრასული) და მეტაფრასული თხზულებების ქართული თარგმანები ბიზანტიური ჰაგიოგრაფიის განვითარების სხვადასხვა ეტაპს თითქმის სინქრონულად ასახავს. ეს გარემოება კი ქართულ ტექსტებს – მათ შორის თეოდორა ალექსანდრიელის ცხოვრების ქართული თარგმანებსაც – დიდ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც ეროვნული, ასევე ბიზანტიური ლიტერატურის შესწავლისთვის.
თეოდორა ალექსანდრიელი (Vს.), ქრისტიანულ სამყაროში ძალიან პოპულარული პერსონაა. მისი ცხოვრების ჰაგიოგრაფიული ტექსტი კი შეიცავს ე. წ. „გადაცმული წმინდანის“ იშვიათ და ჰაგიოგრაფიაში ერთ-ერთ უძველეს სიუჟეტად მიჩნეულ თხრობას. ქართულად ჩვენამდე მოაღწია ცხოვრების როგორც პრემეტაფრასულმა, ისე მეტაფრასულმა რედაქციებმა. ამასთან, მეტაფრასული რედაქცია ორი განსხვავებული თარგმანით გვაქვს ხელმისაწვდომი: 1) 1565 წლით დათარიღებულ სექტემბრის თვის მეტაფრასულ კრებულში შესული ტექსტი, ხელნაწერი დაცულია ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში (K-4), და 2) ათონის მთაზე, ივერთა მონასტერში დაცული 1081 წლის ხელნაწერი (Ivir. georg. 20), თეოფილე ხუცესმონაზონისეული თარგმანი. რაც შეეხება პრემეტაფრასულ (კიმენურ) რედაქციას, ის ჩვენამდე 10 ქართული ხელნაწერითაა მოღწეული, მათ შორის ყველაზე ადრეულია 1038-1040 წლებში იერუსალიმის ჯვრის მონასტერში გადაწერილი მენოლოგიონი, რომელიც ამჟამად ოქსფორდის ბოდლეს ბიბლიოთეკაში ინახება შიფრით Bodl. Georg. 1. ამ უძველესი წყაროს მიხედვით ტექსტი გამოქვეყნებული არ არის.
ჩვენამდე მოღწეული უძველესი ბერძნული ხელნაწერი, რომელიც თეოდორა ალექსანდრიელის ცხოვრების პრემეტაფრასულ რედაქციას შეიცავს, მე-11 საუკუნით თარიღდება და ამჟამად პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება (BnF Paris. gr. 1468; 012v-16v). სწორედ ამ ხელნაწერის მიხედვითაა გამოქვეყნებული ტექსტი 1889 წლის გამოცემაში (K. Wessely, Die Vita S. Theodorae, Fünfzehnter Jahresbericht des k. k. Staatsgymnasiums in Hernals, Wien, 1889, pp. 25-44). მართალია, თეოდორა ალექსანდრიელის ცხოვრება მე-11 საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებულ კიდევ ერთ ხელნაწერშიცაა შესული (MS. Holkham Gr. 15), თუმცა ის მონაკვეთი, რომელზეც ჩვენთვის საინტერესო ტექსტია მოცემული (1r-6r), გვიანდელ, მე-14-მე-15 საუკუნის ჩანართადაა მიჩნეული. სამეცნიერო სივრცეში ცნობილია ასევე ეგვიპტეში, ფაიუმში აღმოჩენილი ბერძნული მაიუსკულით შესრულებული მე-7 საუკუნის პაპირუსის ხელნაწერი, რომელიც თეოდორა ალექსანდრიელის ცხოვრების ფრაგმენტებს შეიცავს (P. Louvre Hag. 3).
რაც შეეხება მეტაფრასული რედაქციას – ის X საუკუნეში ჩამოყალიბდა. ყველაზე ძველი ბერძნული ხელნაწერი, რომელიც თეოდორა ალექსანდრიელის ცხოვრების მეტაფრასულ რედაქციას შეიცავს, მე-14 საუკუნისაა და ამჟამად პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება შიფრით – BnF Paris. gr. 1526 (გვერდები 093v-109v), სწორედ ამ ხელნაწერის მიხედვითაა გამოქვეყნებული ტექსტი მინის პატროლოგიაში: Migne, Patrologia Graeca (PG 115, cols. 452-468). ამდენად, ქართულ თარგმანს, განსაკუთრებით კი 1071 წლით დათარიღებულ Ivir.Geo.20-ს, რომელშიც ტექსტის თეოფილე ხუცესმონაზონისეული თარგმანია შესული და რომელიც სამი საუკუნით უსწრებს ჩვენამდე მოღწეულ უძველეს ბერძნულ წყაროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
მოხსენებაში განხილული იქნება თეოდორა ალექსანდრიელის ცხოვრების პრემეტაფრასული და მეტაფრასული რედაქციები, მათი ურთიერთმიმართება და მიმართება ბერძნულ ორიგინალთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექსტთა სტრუქტურას, ადაპტაციებსა და განსხვავებების სისტემატიზაციას.
საკვანძო სიტყვები: ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფია, თეოდორა ალექსანდრიელის ცხოვრება, ბიზანტიური ჰაგიოგრაფია, მეტაფრასული ჰაგიოგრაფია, პრემეტაფრასული ჰაგიოგრაფია.
კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [FR-24-7685, „ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული ძეგლების კორპუსი, I“].