საქართველოს უნივერსიტეტი, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

ისტორიის დოქტორი

თბილისი/საქართველო 

kh.kokrashvili@ug.edu.ge

 

აბსტრაქტი

თეზისები XIX საუკუნის II ნახევრიდან საქართველოში საეკლესიო პრესის ჩამოყალიბება გახდა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური პროცესის ნაწილი, რომელიც მოიცავდა ქრისტიანული რელიგიის საკითხებთან ერთად, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული პრობლემების განხილვას, რაც ეკლესიის საზოგადოებრივ როლს ააქტიურებდა. განხილულია პირველი ქართული სასულიერო ჟურნალების ძირითადი შინაარსი, როგორიცაა „საქართველოს სასულიერო მახარობელი“ (1864-1868), „მწყემსი“ (1885-1910), „საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო მოამბე“ (1891-1916), „სიტყვა“ (1906), „შინაური საქმეები“ (1908-1916), „ჯვარი ვაზისა“ (1906), „განთიადი“ (1908-1916). აქედან მხოლოდ ერთი _ „საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო მოამბე“ (1891-1916) წარმოადგენდა ხელისუფლების მიერ დაარსებულ ოფიციალურ ორგანოს, დანარჩენი საზოგადოებრივ საწყისებზე შეიქმნა და ადგილობრივი მოსახლეობის ეროვნულ ინტერესებს გამოხატავდა. მათში იბეჭდებოდა საგანმანათლებლო ხასიათის მასალა, წერილები საქართველოს ისტორიის, ინფორმაცია და კვლევები ხელნაწერების, საისტორიო წყაროების, კულტურის ძეგლებისა და სიძველეების შესახებ. ეს გამოცემები მხარს უჭერდნენ რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, აშუქებდნენ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს, ნათლად გამოხატავდნენ ქართული თვითშეგნების გაძლიერების მოთხოვნებს. კვლევის მიზანია, შევაფასოთ საეკლესიო ჟურნალისტიკის როგორც სამეცნიერო, საზოგადოებრივი და რელიგიური კომუნიკაციის ეფექტური მექანიზმის როლი. ასევე, გაანალიზდეს რუსეთის იმპერიის პირობებში, ქვეყნის ინტენსიური რუსიფიკაციის ფონზე, საეკლესიო ჟურნალისტიკის გავლენა ქართული ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებასა და საზოგადოებრივ პროცესებზე. ყურადღება გამახვილდება საეკლესიო პრესის სოციალურ და საგანმანათლებლო როლზე, მის გავლენაზე ქართული ინტელექტუალური გარემოს განვითარებაში. კვლევა შეისწავლის მოდელებს, რომლითაც ჟურნალისტიკა ეროვნულ იდენტობასა და საზოგადოებრივ საჭიროებებს ახმოვანებდა. წარმოაჩენს, როგორ გადაიქცა საეკლესიო ჟურნალისტიკა საზოგადოებრივი კომუნიკაციის მნიშვნელოვან მექანიზმად, რომელიც რელიგიურ საკითხებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის ეროვნული ინტერესების გამოხატვას, იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ემსახურებოდა. ქართული საეკლესიო გამოცემები მხარს უჭერდნენ „ავტოკეფალურ მოძრაობას“, აშუქებდნენ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს, ნათლად გამოხატავდნენ ქართული თვითშეგნების გაძლიერების მოთხოვნებს. 


Keywords

საეკლესიო პრესა საქართველოში; საეკლესიო ჟურნალისტიკა; ეროვნული იდენტობა; რუსიფიკაციის პოლიტიკა; კომუნიკაციის მოდელები; საზოგადოებრივი განათლება.