თამრიკო ლეკიაშვილი

დოქტორი
ასოცირებული პროფესორი
საქართველოს უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0003-6249-8721
t.lekiashvili@ug.edu.ge

 

თეა მეშველიშვილი

დოქტორი
ასოცირებული პროფესორი
საქართველოს უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0005-5556-6970
t.meshvelishvili@ug.edu.ge

თურქეთის ეროვნულ არქივში დაცული XVI საუკუნის უცნობი ფირმანები და ბარათები საქართველოს შესახებ

ისტორიკოსებისათვის მეტად მნიშვნელოვანია პირველადი წერილობითი წყაროები. წყაროებზე დაყრდნობით შესაძლებელია არა მხოლოდ მოვლენათა რეკონსტრუირება, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის, ადმინისტრაციული მმართველობის ტიპის, ეკონომიკური მახასიათებლების სისტემური შესწავლა. საქართველოს ისტორიის მკვლევრებისთვის ოსმალური წყაროები ფასდაუდებელ მასალას წარმოადგენს. სტამბოლში სამეცნიერო მივლინების შემდეგ ჩამოტანილი მე-16 საუკუნის რამდენიმე ასეული დოკუმენტაციის (მეტწილად ფირმანები, ჰუქმები) ნაწილის ტრანსკრიფცია და თარგმანი შესრულდა. ჩვენს ხელთ არსებულ მასალაში, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ შემთხვევებში საქართველო მხოლოდ ირიბად იყო მოხსენიებული, მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეგვძინა ოსმალური მიწათმფლობელობის სისტემის (მიწის ჩუქება, წახალისება, ჩამორთმევა), იმპერიული ადმინისტრაციული მოწყობისა და მუშაობის შესახებ. გარდა ამისა, წყაროზე მუშაობის მნიშვნელოვან მხარეს წარმოადგენს წყაროში დამახინჯებულად მოხსენიებული ქართულ გეოგრაფიულ სახელთა დადგენა. როგორც ცნობილია, არაბული ანბანით ქართული ფონეტიკური კანონზომიერების გამოხატვა ძალიან რთულია. პირველადი დასახელებები მეტწილად დაკარგულია, ამიტომ, ქართულ წყაროებში, სამეცნიერო პუბლიკაციებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შევეცადეთ აღგვედგინა ოსმალურ დოკუმენტებში ქართული ტოპონიმების პირველადი დასახელებები. საინტერესო იყო ასევე დოკუმენტებში ნახსენები კერძო პირთა ვინაობის დადგენა. აქაც მნიშვნელოვან სირთულეებს წავაწყდით ქართული სახელების ამოკითხვის და შემდეგ მათი ვინაობის დადგენასთან დაკავშირებით. წყაროები, რომლებიც ჩვენ მიერ იქნა შესწავლილი, არის ფირმანები - ბრძანებები და თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე შეეხება სხვადასხვა შინაარსის ბრძანებებს, რომლებიც კონკრეტულ მოვლენასთან არის დაკავშირებული. ამ კუთხით საინტერესო იყო თავად ბრძანების საფუძვლის დადგენა, რამაც ისტორიულ ჭრილში მოვლენის შეფასების შესაძლებლობა მოგვცა. სტატიის მიზანია, დაადგინოს წარმოდგენილი ფირმანებისა და ბარათების ისტორიული კონტექსტი, შეადაროს წყაროში ნახსენები ტოპონიმები ქართულ გეოგრაფიულ სახელებთან, ასევე, მოახდინოს წყაროში ნახსენები პირების იდენტიფიცირება. კვლევა ეფუძნება თვისებრივი კვლევის მეთოდებს. კერძოდ, პირველ რიგში, წყაროთმცოდნეობით მეთოდს. ჩვენ მიერ მოძიებული კონკრეტული დოკუმენტები შეფასდა, განიმარტა ისტორიული მოვლენების ჭრილში და ქართულ წყაროებთან შეჯერდა. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით ჩვენ შევეცადეთ შეგვედარებინა წყაროებში ნახსენები ტოპონიმები ქართულ გეოგრაფიულ სახელებთან და მოგვეხდინა მათი იდენტიფიცირება. 

 

საკვანძო სიტყვები: ფირმანი, ბერათი, ტოპონიმი, პირთა იდენტიფიცირება.