საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

ქართველოლოგიის ცენტრის ასოცირებული მკვლევარი; მოწვეული ლექტორი

ფილოლოგია

ფილოლოგიის დოქტორი

თბილისი/საქართველო

s.kekua@sangu.edu.ge


Abstract

ტოპონიმია ონომასტიკის ისეთ უბანს წარმოადგენს, რომელიც შეიცავს დიდძალ ინფორმაციას ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ და კარგად ასახავს მის წარსულ ვითარებას. ტოპონიმები ხშირად განიცდიან სხვადასხვაგვარ ცვლილებას, რიგ შემთხევავში გაქრობას, ამიტომაც საჭიროა პერიოდულად მათი ჩაწერა, გადამოწმება და სწორი ეტიმოლოგიური ანალიზის საფუძველზე ამ ცვლილებათა, თუ მათი გაქრობის გამომწვევი მიზეზების დადგენა. ტოპონიმთა შესწავლის კუთხით, მეტად საინტერესო და მრავლფეროვან მასალას გვთავაზობს აფხაზეთის მხარე, კერძოდ კი სამურზაყანოს ტერიტორია, რომელზე დაკვირვებასაც ვაწარმოებთ ცალკეული სოფლების მიხედვით. წინამდებარე მოხსენება მომზადებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2026 წელს გამარჯვებული პროექტის „ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში (შიფრი: GSDP-26-1810). ამ ეტაპზე, ჩვენი მოხსენების მიზანია, წარმოვადგინოთ, ბოლო ოცი-ოცდაათი წლის მანძილზე მომხდარი ტოპონიმიკური ცვლილებები სოფელ პირველი გალის მონაცემების გათვალისწინებით. სოფელი პირველი გალი მდებარეობს აფხაზეთში, სამურზაყანოს დაბლობზე, გალის რაიონში. იგი რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 5 კმ-ით. სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს სამქვარი, რომლის შემადგენლობაში შედის შემდეგი სოფლები: ზემო გალი, კოხორა, ლეკუმხარა, ფართოღალი, ცხირი. სოფელი პირველი გალი განლაგებულია მდ. ნიშონის ხეობაში, გალის წყალსაცვის ნაპირზე. ცნობილია, რომ პირველი გალი ადრე საბჭოთა მეურნეობას ერქვა, ხოლო მოგვიანებით იგი სოფლის სახელი გახდა. 1923 წელს გალის მაზრაში პირველი გალი შედის სამი სოფლით. აფხაზეთში ბოლო წლებში განხორციელდა ტოპონიმთა მასიური ცვლილება. დღევანდელი პირველი გალი შედის ნაწილობრივ გალისა და ნაწილობრივ ოჩამჩირის რაიონის სოფლებისგან შემდგარი ტყვარჩელის რაიონის შემადგენლობაში შეცვლილი გალხუჭ სახელით, რაც „პატარა გალს“ ნიშნავს. სოფელი მდიდარია ონიმებით, შეინიშნება როგორც საკუთრივ ქართველური წარმომავლობის ტოპონიმები და ჰიდრონიმები: ნიშონი, პაპაშ ღალ, კოჩიშ ღალ, რეჭიშ ღალ, ილიაშ წყარ(ი), რეჭია, ბარცხილი და სხვ. ვლინდება ისეთი სახელებიც, რომლებიც აფხაზურ ელფერს ატარებენ, ესენია: აბაჟუ, აკვარათობა, აწფსარა... დასტურდება, რუსული და ინგლისური წარმომავლობის სახელებიც: პასელიოკი (რუს. Паселок „დასახლება“), გესი (რუს. Гес „ენგურ-ჰესი“), პტუ (რუს. ПТУ - Педагогическо-техническое училище), ელინგი (ინგლ. Helling „დამლვა, დაფარვა“), რომელიც დღეს დასასვენებელ-გასართობ ადგილს წარმოადგენს. საბოლოოდ, ირკვევა, რომ, მართალია, სოფლის დასახელება პირველი გალი შეიცვალა გააფხაზურებული გალხუჭ სახელით, მაგრამ ადგილობრივები როგორც ადრე, ახლაც იყენებენ მას ჯერ კიდევ უცვლელი სახით, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ არ დაიკარგება როგორც სოფლის სახელი, ასევე აქ გამოვლენილი ქართველური თუ აფხაზური წარმომავლობის ტოპონიმები. 


Keywords

ონომასტიკა, ტოპონიმია, აფხაზეთი, სამურზაყანო, პირველი გალი