არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძებ“
ფსიქოლოგიის მაგისტრი / ფსიქოლოგი, ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სპეციალისტი
თბილისი/საქართველო
Mnozadze12@gmail.com
აბსტრაქტი
საქართველოში ისტორიული და თანამედროვე სოციალური პროცესები ხშირად აჩვენებს ადამიანის ბიოგრაფიული უწყვეტობის სხვადასხვა ფორმით დარღვევას. ეს ფენომენი მხოლოდ ინდივიდუალურ გამოცდილებას არ ეხება და ხშირად თაობათაშორისაც ვრცელდება, რაც გავლენას ახდენს როგორც კოლექტიური მეხსიერების ფორმირებაზე, ისე იდენტობის ჩამოყალიბებაზე.
ბიოგრაფიული უწყვეტობის რღვევის მაგალითები სხვადასხვა ისტორიულ კონტექსტში იკვეთება. მათ შორის აღსანიშნავია მამლუქობის პრაქტიკა, როდესაც ბავშვები იძულებით წყდებოდნენ ოჯახურ და კულტურულ გარემოს და სხვა სოციალურ სივრცეში ახალ იდენტობას იძენდნენ. ასევე მნიშვნელოვანია საბჭოთა პერიოდის მასობრივი რეპრესიები, რომლებიც დაკავშირებული იყო სოციალური სტატუსის, ოჯახური კავშირებისა და საცხოვრებელი გარემოს დაკარგვასთან და ადამიანის ცხოვრების ბიოგრაფიული ხაზის მკვეთრ ცვლილებასთან. თანამედროვე კონტექსტში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკანონო გაშვილების შემთხვევები, როდესაც ადამიანს ხშირად არ აქვს ინფორმაცია საკუთარი წარმოშობის შესახებ და იდენტობის ფორმირება მოგვიანებით, რთულ და კრიზისულ პროცესად იქცევა.
სოციალურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს პროცესები შეიძლება განვიხილოთ სოციალური იდენტობის თეორიის ფარგლებში, რომელიც ხაზს უსვამს ჯგუფთან კუთვნილების მნიშვნელობას თვითაღქმის ფორმირებაში. ტრანსგენერაციული ტრავმის კონცეფცია კი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება დაუმუშავებელი გამოცდილებები თაობებს შორის გადაეცეს და აისახოს ემოციურ და ქცევით სტრუქტურებზე. ნარატიული იდენტობის მიდგომა საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, როგორ ცდილობს ადამიანი საკუთარი ცხოვრების ისტორიის აღდგენას მაშინ, როცა მისი ბიოგრაფიული უწყვეტობა დარღვეულია.
ამ პროცესების გააზრება მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდუალური, ისე სოციალური თვალსაზრისით. საჭიროა ისეთი მიდგომების განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობს ადამიანებს საკუთარი ბიოგრაფიული ისტორიის გააზრებაში, იდენტობის გამყარებასა და ტრავმული გამოცდილების დამუშავებაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ღია კომუნიკაციას, ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას და საზოგადოებრივ ცნობიერებას, რაც ადამიანებს დაეხმარება საკუთარი ისტორიის უკეთ გააზრებასა და ინტეგრაციაში. ასეთი მიდგომები ასევე ხელს უწყობს საზოგადოებაში ნდობის გაძლიერებას და კოლექტიური მეხსიერების უფრო ჰუმანურ და ინკლუზიურ ფორმირებას.
საკვანძო სიტყვები: ბიოგრაფიული უწყვეტობა, იდენტობა, კოლექტიური მეხსიერება, ტრანსგენერაციული ტრავმა, სოციალური იდენტობა, უკანონო გაშვილება, ნარატიული იდენტობა.