ა(ა)იპ ფონდი „ჰეიამო“

დირექტორი და თანადამფუძნებელი

კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი

თბილისი/საქართველო 

kravigio@gmail.com

 

 

სასიმღერო და საკრავიერი მრავალხმიანობა ჩრდილოკავკასიაში, ჰერეთში, ფერეიდანსა და თურქეთის საქართველოში - წარსული, აწმყო და მომავალი

 

აბსტრაქტი

 

თემას საფუძვლად უდევს 1960-70-იან წლებში ჩაწერილი საარქივო ნიმუშები და 2011-2025 წლებში მოპოვებული საკუთარი საექსპედიციო მასალა. ჩერქეზეთის, ოსეთის, ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ხალხური სიმღერები ორ და სამხმიანია. დაღესტანში ორხმიანი სიმღერები იშვიათია და ერთხმიანობა სჭარბობს. ქართულ მრავალხმიან ხალხურ სიმღერებთან ყველაზე მჭიდრო კავშირი აქვს ჩეჩნურ-ინგუშურს. აქ არამარტო მელოდიკა, არამედ ბანი და აკორდიკაც ქართულია. დაღესტნურ მუსიკაში არის როგორც ქართული, ასევე აზერბაიჯანული ფენა. ჩერქეზული მუსიკა მთლიანად ადიღეურია და ქართულთან მხოლოდ ცალკეული მელოდიური კავშირები გააჩნია. აფხაზური და ოსური კი ქართულ-ადიღეურის ნარევია. ასევე ვეხები თურქეთში მცხოვრები აფხაზების (აბაზების) და ჩერქეზების მუსიკას, რომელიც ადიღეურია. ჩრდილოკავკასიაში დღემდეა შემორჩენილი სასიმღერო და საკრავიერი მრავალხმიანობა, რომელსაც საქართველოსა და მსოფლიოში სათანადო პოპულარიზაცია სჭირდება. თურქეთ-ირან-აზერბაიჯანის ქართველებში კი სიტუაცია სხვაგვარადაა. ჰერული, ფერეიდნული, ლაზური, ტაოური, შავშური ხალხური სიმღერები მხოლოდ ერთხმიანია. მრავალხმიანობა საკრავიერ კულტურაშია დარჩენილი, თუმცა ისიც დაკნინებული და დიდწილად გაერთხმიანებული სახით. ორხმიანი სიმღერები გვხვდება კლარჯეთში (მურღულის ხეობაში) და მაჭახელაში, თუმცა მურღულის ხეობაში ორხმიანი სიმღერები ძალიან ხშირად უკვე ერთ ხმაზე სრულდება და უახლოეს მომავალში იგივე ბედი ელის მაჭახლურსაც. სარფის ლაზური სიმღერები კი 1970-80-იან წლებში კი თავად სარფელმა ედნარ ხორავამ (ხიალიშმა) და ლია შეროზიამ გაამრავალხმიანეს. მიუხედავად იმისა რომ ერთხმიანი სიმღერები დღესაც და ახლო წარსულშიც მხოლოდ ერთხმიანი იყო, მათში ფარული მრავალხმიანობის დიდი ხვედრითი წილი მიგვანიშნებს რომ ლაზეთის, შავშეთის, ტაოს, ჰერეთისა და ფერეიდანის მუსიკალური კულტურა ისევე მრავალხმიანი იყო, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებისა და ჩრდილოკავკასიის. ამას მხარს უჭერს როგორც იმავე კუთხეების საკრავიერი მუსიკის ჩანაწერები, ისე ფარული მრავალხმიანობის ნიშნები და XIX-XX საუკუნეებში შექმნილ ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ლიტერატურაში მოცემული ცნობებიც. საკრავიერი ხალხური ნიმუშები ჩრდილოკავკასიაში, ჰერეთსა და თურქეთის საქართველოში მრავალხმიანია, მხოლოდ ფერეიდანშია ერთხმიანი. ჩრდილოკავკასიაში ფანდური, თურქეთის საქართველოში კი გუდასტვირი (ჭიბონი) პირდაპირ ქართულ ორ-სამხმიანობას აჟღერებს, მაგრამ თუ ფანდურზე ქართული მრავალ ხმიანობა დაცულია, გუდასტვირზე ის უკვე ფრაგმენტულია. დღეს ხმარებაშია 5/5 თვლიანი გუდასტვირი, რის გამოც მისი ორივე სალამურის დიაპაზონი ერთი და იგივეა და ორხმიანობა ფრაგმენტულია. ასევე განვიხილავ ძველ 1/5 და 3/5 თვლიანი გუდასტვირებს, რომლებიც დღეს ყოფიდან გამქრალია, მაგრამ ერთ სალამურზე ორი ან ოთხი თვალის დახურვით ჰანგი ძველებურ იერს იღებს და მრავალხმიანობაც გაბმული ხდება. აკორდეონზე აჟღერებული ჰანგები კი სულ უფრო და უფრო შორდება ქართულ მრავალხმიანობას. მომავალში თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში არათუ კიდევ უფრო მეტად შემცირდება მრავალხმიანი საკრავიერი თუ სასიმღერო კერები, არამედ მივიწყებას მიეცემა ის ერთხმიანი ნიმუშებიც, რომლებიც უფროს თაობას ჯერ კიდევ ახსოვს. ამიტომ საჭიროა მათი მუსიკალური შემოქმედების პოპულარიზება როგორც საქართველოში, ისევე მის ფარგლებს გარეთ. 


საკვანძო სიტყვები: სასიმღერო და საკრავიერი მრავალხმიანობა, ქართული და ადიღეური მრავალხმიანობა, მრავალხმიანობის შენარჩუნების დონე.