სტრასბურგის უნივერსიტეტი, საფრანგეთი
სორბონის უნივერსიტეტი, საფრანგეთი (ერთობლივი ხელმძღვანელობით)
დოქტორანტი
სტრასბურგი, საფრანგეთი
აბსტრატქი
ევროპასა და აზიას შორის“ რეგიონის ეს ზედმეტად გამარტივებული ხედვა დღეს თითქოს საყოველთაოდ არის გავრცელებული. მას იზიარებენ როგორც კავკასიის მკვიდრნი, ისე საერთაშორისო აქტორები და იგი კვლავაც მეორდება თანამედროვე სამოგზაურო გზამკვლევებში. კავკასია წარმოჩენილია ორმაგი იდენტობის მქონე სივრცედ — ევროპასთან უფრო ახლოს მდგომ რეგიონად, რომელიც, ამავე დროს, ვერ თავისუფლდება თავისი აღმოსავლური წარსულისგან. თუმცა ამ დინამიკის სრულყოფილად გასააზრებლად საჭიროა დავუბრუნდეთ იმ პერიოდს, როდესაც ინტენსიური და სწრაფი გარდაქმნების პირობებში კავკასია ხან ევროპულ, ხანაც აღმოსავლურ სივრცედ კონსტრუირდებოდა.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბრიტანელი მოგზაურები სამხრეთ კავკასიაში იმპერიის (ხელახალი) მშენებლობის ორ ურთიერთსაპირისპირო ვერსიას წარმოადგენდნენ. მას შემდეგ, რაც რეგიონი რუსეთის კონტროლის ქვეშ მყარად მოექცა, ბრიტანელები ცდილობდნენ შეეფასებინათ, რამდენად „სათანადოდ“ მოახდინა მათმა მეტოქე იმპერიამ მისი კოლონიზაცია. საკითხს კიდევ უფრო ართულებდა ის გარემოება, რომ წარსულში კავკასიის სხვადასხვა ნაწილზე ყაჯართა და ოსმალეთის იმპერიებიც ბატონობდნენ. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა იმის კვლევა, თუ როგორ ადარებდნენ ბრიტანელი მოგზაურები კავკასიელი ერების მდგომარეობას მუსლიმური იმპერიების მმართველობის პირობებში მათ ბედს მოსკოველი მმართველის ხელში.
შედარებითი იმპერიების კვლევის სფერო აჩვენებს, რომ იმპერიული სახელმწიფოები ხშირად აფასებდნენ ერთმანეთის მმართველობით და კოლონიზატორულ კომპეტენციებს. ერთი მხრივ, სამოგზაურო ლიტერატურაში ისეთი ერები, როგორიც ქართველები იყვნენ, შეიძლებოდა წარმოჩენილიყვნენ როგორც „მოთვინიერებულნი“, რომლებმაც ოდესღაც სახელგანთქმული სამხედრო სულისკვეთება დაკარგეს. მეორე მხრივ კი, სულ უფრო ძლიერდებოდა მიდგომა, რომლის თანახმადაც რეგიონში ეროვნული აღორძინება მიმდინარეობდა და ეს პროცესი საბოლოოდ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე მივიდოდა.
ამ ჰიპოთეზებისა და ვარაუდების ფონზე ერთ-ერთი ძირითადი დისკუსია დაკარგული ისტორიული დიდების იდეისა და მისი გამოღვიძების პასუხისმგებლობის საკითხის გარშემო ვითარდებოდა. ეკისრებოდა თუ არა ეს მისია რუსეთს, როგორც ახალ სიუზერენსა და „კარგ“ კოლონიზატორს? წარმოადგენდა თუ არა გამოსავალს „შიდა“ კოლონიზაცია „ერთგული“, ხშირად ქრისტიანი ქვეშევრდომების — ქართველებისა და სომხების — დახმარებით? იყვნენ თუ არა ეს ეთნიკური ჯგუფები საკმარისად „ცივილიზებულნი“ — რუსების მსგავსად ან მათგან განსხვავებით — რათა დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულებად გადარჩენა შეძლებოდათ? წარმოადგენდნენ ისინი რუსეთის კოლონიზაციის ხელისშემშლელ ძალას თუ მის მოკავშირეებს როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ კავკასიაში?
ამ რთულ კითხვებზე პასუხის გასაცემად ნაშრომი, პირველ რიგში, მიზნად ისახავს იმ ბრიტანელ მოგზაურთა სამოგზაურო ტექსტების შერჩეული კორპუსის შესწავლას, რომლებიც აღნიშნულ გეოპოლიტიკურ რეალობებს უშუალოდ, მიმდინარე პროცესების პარალელურად აკვირდებოდნენ. მეორე მხრივ, კვლევა ცდილობს XIX საუკუნის მოვლენები თანამედროვე პერიოდს დაუკავშიროს და განიხილოს სამხრეთ კავკასიის, ისევე როგორც ევროპის, რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირებისგან გათავისუფლების რთული, თუმცა თანდათანობითი პროცესი.
საკვანძო სიტყვები: შედარებითი იმპერიები; შიდა კოლონიზაცია; სამოგზაურო მწერლობა; ცენტრი–პერიფერია.