თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
დოქტორანტი
თბილისი/საქართველო
tatia.tev@gmail.com

 

აბსტრაქტი

საქართველოში ბეჭდურ გამოცემათა გრაფიკული შემკულობის ისტორია XVIII საუკუნის დასაწყისიდან იწყება. 1709 წელს ვახტანგ VI-ის ინიციატივით, საქართველოში პირველი ქართული სტამბა დაარსდა. 1723 წელს, ოსმალთა შემოსევების გამო სტამბა დაიხურა და მხოლოდ 1745 წელს, უკვე ერეკლე II-ის ინიციატივით მოხერხდა მისი აღდგენა. 1795 წელს აღა-მაჰმად ხანის შემოსევათა გამო, თბილისში სტამბა მეორედაც დაიხურა და XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში ქართული წიგნები უმეტესწილად, რუსეთში იბეჭდებოდა. საქართველოში ბეჭდვის საქმე 1800-1817 წლებში იმერეთის მეფე სოლომონ II- გააგრძელა, თუმცა, XIX საუკუნის პირველი ნახევრის გამოცემათა რაოდენობა ძალიან მცირეა.

ქართული სტამბის ხელახალი ამოქმედება და საგამომცემლო საქმის გააქტიურება, XIX საუკუნის II ნახევარს და ქვეყანაში საზოგადოებრივი საქმიანობის ასპარეზზე `სამოციანელთა~ გამოჩენას უკავშირდება. სამოციანელთა თაობის წარმომადგენელთა ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს საზოგადოების განათლება, ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოებრიობის შეგრძნების გაძლიერება წარმოადგენდა. ამ მიზნების მისაღწევად კი წიგნი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს `იარაღად~ გამოიყენებოდა. ამ პერიოდში მომრავლდა დარგობრივად მრავალფეროვანი წიგნები. საფუძველი ჩაეყარა პერიოდულ პრესას. ბეჭდური გამოცემები, როგორც ტექსტუალური, ასევე მხატვრული თვალსაზრისით, საზოგადოებაში ეროვნული თვითშეგნებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განმტკიცებას ემსახურებოდა.

თუმცა, XIX საუკუნის მეორე ნახევრის საგამომცემლო საქმიანობა მხოლოდ ამ ტიპისა და შინაარსის გამოცემებით არ შემოიფარგლებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ძველი თბილისის წიაღში, სადაც ჯერ კიდევ აქტიურად იყო შენარჩუნებული ხალხურ ტრადიციებზე დაფუძნებული ცხოვრების წესი და ჩვეულებები, სისტემატიურად იბეჭდებოდა უფრო სახალხო გამოცემები, .. იაფი წიგნაკები - ძველი ქალაქის მგოსნების ლექსები, თხზულებები და შედარებით სქელტანიანი გამოცემები, სახალხო, საგმირო-საფალავნო, სამიჯნურო მოთხრობებით.

ჩვენი კვლევის ფარგლებში მოძიებულ იქნა XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში გამოცემული მასალა, მცირე ფორმატის წიგნი-ბროშურები თუ სქელტანიანი გამოცემები, რომელთა გვერდებსაც, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ უხვად ამკობს მრავალფეროვანი და აქამდე უცნობი გრაფიკული დეკორი. გვხვდება როგორც ერთი წიგნის სხვადასხვა წელს შესრულებული რეპრინტები, ასევე ერთმანეთისგან სრულებით დამოუკიდებელი, მხატვრული და ტექნიკური თვალსაზრისით მრავალფეროვანი მასალა.

ამ გამოცემათა გრაფიკული შემკულობა მეტად მრავალფეროვანია - ორნამენტული მოტივები, მოჩარჩოებები, საზედაო ასოები, ტექსტში ჩართული, ან დამოუკიდებელ გვერდზე მოცემული ილუსტრაციები. სტილისტური და ტექნიკური თვალსაზრისით, ეს შემკულობები მრავალფეროვანი და ხშირად, ერთმანეთისგან მეტად განსხვავებულია. ხშირად იკვეთება მხატვრული გამომსახველობის .. `ხალხური~, ნაივური მიდგომებიც. სავარაუდოა, რომ გამოცემათა შემკულობებზე სხვადასხვა განსწავლისა და მხატვრული გემოვნების ოსტატებს უნდა ემუშავათ. ნებისმიერ შემთხვევაში კი გამოცემათა სიმრავლე მიგვანიშნებს, რომ საზოგადეობის გარკვეულ ფენებში ეს წიგნები საკმაო პოპულარობით სარგებლობდა.

აქამდე უცნობი მასალის შინაარსობრივი თუ გამომსახველობრივი მრავალფეროვნება დაკვირვებას და სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს. მათ საფუძველზე შესაძლებელი ხდება XIX საუკუნის II ნახევრის მხატვრულ აზროვნებაში პროფესიულად გამართული, მხატვრული შემოქმედების გვერდით, პარალელური, უფრო „ხალხური“, ნაივურად მეტყველი გამომსახველობის და შესაბამისი მხატვრული აზროვნების გამოვლენა. ეს კი, უფრო ფართო კონტექსტში, ამ პერიოდის სოციუმის კულტურული ორიენტირებისა და ესთეტიკური მსოფლგანცდის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობასაც იძლევა.

 

საკვანძო სიტყვები: ბეჭდური გრაფიკა, წიგნის გრაფიკული შემკულობა, მეცხრამეტე საუკუნე