ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
არქეოლოგიის დოქტორი, ასიტენტ პროფესორი/მეცნიერ-თანამშრომელი
ბათუმი/საქართველო
kqamadadze@gmail.com
აბსტრაქტი
მოხსენება ეხება მაღალმთიან აჭარაში, აჭარა-შავშეთის საზღვარზე მდებარე ხიხანის ციხეს, რომელიც აბუსერისძეთა საგვარეულო რეზიდენციასა და ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. აბუსერისძეთა საგვარეულო XI-XIII საუკუნეების აჭარის ისტორიულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, აღნიშნული გვარი მჭიდროდ იყო დაკავშირებული სამეფო კართან და აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისა და ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების პროცესში. ამასთანავე, აბუსერისძეები მნიშვნელოვან ეკონომიკურ ძალასაც წარმოადგენდნენ. აბუსერისძეები ისტორიულ წყაროებში XI საუკუნიდან ფიქსირდებიან. გვარის პირველი ცნობილი წარმომადგენელია იოანე აბუსერისძე - არტანუჯის ერისთავი, რომელიც ბაგრატ IV-ის მეფობის ადრეულ წლებში იხსენიება. XI საუკუნეში აბუსერისძეები, ხიხანის ციხესთან ერთად, ფლობდნენ არტანუჯის, ციხეჯვარისა და აწყურის მნიშვნელოვან ციხესიმაგრეებს. თუმცა, მოგვიანებით მათ აღნიშნული სამხედრო-ადმინისტრაციული ცენტრები დაკარგეს და მათი ძალაუფლება ძირითადად ხიხანის ციხესა და აჭარის ტერიტორიაზე მმართველობითი ფუნქციებით შემოიფარგლა.
ხიხანის ციხე მდებარეობს სხალთა-ხიხანისწყლის სათავეებთან, ბათუმიდან დაახლოებით 125 კილომეტრის დაშორებით, არსიანის ქედის ერთ-ერთ განშტოებაზე, აჭარა-შავშეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 2236 მეტრის სიმაღლეზე. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ციხე პრაქტიკულად მიუვალ ადგილასაა აგებული და სტრატეგიული თვალსაზრისით მეტად ხელსაყრელ პოზიციას იკავებს. იგი ეფექტურად აკონტროლებდა სხვადასხვა მიმართულებით გამავალ სავაჭრო-საქარავნო გზებს. ერთ-ერთი გზა ციხესთან ახლოს მდებარე სოფელ ბაკოს გავლით სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით მიემართებოდა. მეორე გზა, ასევე სოფელ ბაკოსა და ციხის ტერიტორიის გავლით, საიჩარის იალაღებს უკავშირდებოდა, საიდანაც ჩირუხის მთის გავლით იმიერხევის, შავშეთისა და კლარჯეთის მიმართულებით გრძელდებოდა. მესამე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზა კი ახალციხე-არტაანის რეგიონიდან მოდიოდა, სხალთა-აჭარისწყლის ხეობას მიუყვებოდა და ზღვისპირა ზოლს უკავშირდებოდა. აღნიშნული გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო ხიხანის ციხე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მაღალმთიანი აჭარის სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. განვითარებულ შუა საუკუნეებში (XI–XIII სს.) ხიხანის ციხე აბუსერისძეთა სარეზიდენციო და ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა, ხოლო გვიან შუა საუკუნეებში (XVII–XIX სს.) იგი ხიმშიაშვილთა მთავარი ციხესიმაგრე გახდა აჭარაში.
არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, ხიხანის ციხის ტერიტორიაზე პირველი ნაგებობები X საუკუნეში ჩნდება, ხოლო XI საუკუნის 40-იანი წლებისთვის ციხე უკვე ძირითადი არქიტექტურული კომპლექსით ფუნქციონირებდა. ადრეულ სამშენებლო ფენებს მიეკუთვნება კოშკები და გალავნის კედლები. X საუკუნის მეორე ნახევარსა და XI საუკუნის დასაწყისში მიმდინარეობდა სასახლისა და 43-ქვევრიანი მარანის მშენებლობა. მოგვიანებით, XIII საუკუნის დასაწყისში, აუგიათ კიდევ ერთი 28-ქვევრიანი მარანი, აგრეთვე ეკლესია.
საკვანძო სიტყვები: შუა საუკუნეები, აჭარა, ხიხანის ციხე.
კვლევა განხორციელდა ,,შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, GSDP-25-478, ,,აბუსერისძეთა სასახლე და საგვარეულო ეკლესია სოფელ თხილვანაში“.