საქართველოს უნივერსიტეტი
ისტორიის დოქტორი, პროფესორი
ისტორიის დეპარტამენტის უფროსი
თბილისი/საქართველო
ts.chikvaidze@ug.edu.ge
აბსტრაქტი
სტატიაში გაანალიზებულია აშშ-ის საგანმანათლებლო პოლიტიკის ტრანსფორმაცია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში და ის პოლიტიკური, იდეოლოგიური და ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა განათლების სისტემის განვითარებაზე. კვლევის მიზანია გამოავლინოს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული რეფორმების ძირითადი მიმართულებები, მათი საფუძვლები და შედეგები როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების სფეროში.
სტატიაში განხილულია საგანმანათლებლო პოლიტიკის ტრანსფორმაციის რამდენიმე მთავარი ასპექტი: ფედერალური ხელისუფლების როლის გადახედვა და დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა; შტატებისა და ადგილობრივი საგანმანათლებლო ორგანოების უფლებამოსილებების გაფართოება; სასკოლო არჩევანის (school choice) პოლიტიკის მხარდაჭერა; ჩარტერული სკოლებისა და ვაუჩერული პროგრამების განვითარება; ასევე განათლების სფეროში რეგულაციების შემცირების მცდელობები.
ყურადღება ეთმობა ბეტსი დევოსის (Betsy DeVos) როლს აღნიშნული პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც იყო დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის (2017–2021) აშშ-ის განათლების სახელმწიფო მდივანი და ტრამპის საგანმანათლებლო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. სწორედ იგი იყო იმ რეფორმების მთავარი არქიტექტორი, რომლებიც უკავშირდებოდა სასკოლო არჩევანს, დეცენტრალიზაციასა და ფედერალური რეგულაციების შემცირებას. დევოსი წლების განმავლობაში მხარს უჭერდა იდეას, რომ განათლების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია სკოლებს შორის კონკურენციის გაზრდით და მშობლებისთვის არჩევანის შესაძლებლობების გაფართოებით. მისი აზრით, სახელმწიფო მონოპოლია განათლების სფეროში ზღუდავდა ინოვაციებსა და ეფექტიანობას.
სტატიაში განხილულია საგანმანათლებლო პოლიტიკის მზარდი კავშირი იდეოლოგიურ და კულტურულ დებატებთან, მათ შორის ეროვნული იდენტობის, ისტორიის სწავლების, მრავალფეროვნების პოლიტიკისა და კრიტიკული რასობრივი თეორიის (Critical Race Theory/CRT)) ირგვლივ წარმოქმნილ კამათთან. კრიტიკული რასობრივი თეორია ერთ-ერთი ყველაზე სადავო და პოლიტიზებული საკითხია განათლების სფეროში. დისკუსია განსაკუთრებით გამწვავდა დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის ბოლო პერიოდში და შემდგომ წლებში.
სტატიაში შეფასებულია როგორც რეფორმების მხარდამჭერთა, ისე კრიტიკოსთა პოზიციები. ერთი მხრივ, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა განიხილება, როგორც განათლების სისტემის მოქნილობის, კონკურენციისა და მშობელთა არჩევანის თავისუფლების გაძლიერების მცდელობა; მეორე მხრივ, ყურადღება გამახვილებულია საგანმანათლებლო უთანასწორობის, პოლიტიზაციისა და ეროვნული სტანდარტების შესუსტების შესაძლო რისკებზე.
კვლევა ეფუძნება პირველწყაროებს: ტრამპის პროკლამაციებს, ოფიციალურ სამთავრობო დოკუმენტებს, აღმასრულებელ ბრძანებებს, საჯარო გამოსვლებსა და სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზს. დასკვნის სახით ნაჩვენებია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში საგანმანათლებლო პოლიტიკის ტრანსფორმაცია არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ მმართველობითი ცვლილებებით. იგი ასახავდა სახელმწიფოს, საზოგადოების, განათლებისა და ეროვნული იდენტობის შესახებ განსხვავებულ პოლიტიკურ ხედვას, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აშშ-ის საგანმანათლებლო პოლიტიკის შემდგომ განვითარებასა და საზოგადოებრივ დისკუსიებზე.
საკვანძო სიტყვები: აშშ-ის განათლების სისტემა, ბეტსი დევოსი, დონალდ ტრამპი, კრიტიკული რასობრივი თეორია, საგანმანათლებლო რეფორმა.