ფილოლოგიის დოქტორი
ასისტენტ პროფესორი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0000-0002-9094-6291
ფილოლოგიის დოქტორი
ასისტენტ პროფესორი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0000-0002-9094-6291
აზიზ ნესინის შემოქმედების ანალიზი მიშელ ფუკოს ძალაუფლების თეორიის კონტექსტში
აზიზ ნესინი თურქული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული სატირიკოსი ავტორია. ავტორი თავისი ნარატივებით ასახავს არა მხოლოდ ინდივიდუალური ყოფის ტრაგიკომიკურ განზომილებებს, არამედ ახდენს დომინანტური დისკურსების დეკონსტრუქციას, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, გამოავლინოს თანამედროვე თურქულ საზოგადოებაში ძალაუფლების გავრცელების მექანიზმები. ნესინის ტექსტებში მკითხველი მუდმივად წააწყდება ბიუროკრატიული კონტროლის, სოციალურ-კულტურული რეგულაციების, მორალური რეპრესიისა და თვითდასჯის პრაქტიკის რეპრეზენტაციებს. წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს აზიზ ნესინის შემოქმედების ანალიზს მიშელ ფუკოს ძალაუფლების თეორიული ჩარჩოს გამოყენებით. ფუკოს ძალაუფლების კონცეფცია უარყოფს მის კლასიკურ გაგებას, როგორც მხოლოდ ცენტრალიზებულ ინსტიტუციურ ძალას, და წარმოადგენს მას დეცენტრალიზებულ, დისკურსულად წარმოებულ და ქსელურად გადანაწილებულ ფენომენად. მოცემული კვლევის თეორიული ღერძი ეფუძნება ფუკოს ისეთ ცენტრალურ ცნებებს, როგორიცაა დისციპლინა, ზედამხედველობა (პანოპტიზმი), ბიოპოლიტიკა. კვლევის მთავარი კითხვაა: როგორ იყენებს ნესინი ფუკოსეული ძალაუფლების მექანიზმების მხატვრულ რეპრეზენტაციას საზოგადოების კრიტიკისთვის და როგორ წარმოჩინდება წინააღმდეგობის იმპლიციტური სტრატეგიები მის ტექსტებში? დისციპლინა და სახელმწიფო სტრუქტურები, მიშელ ფუკოს თეორიული სისტემის მიხედვით, დისციპლინა წარმოადგენს ძალაუფლების ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია სხეულის, დროისა და სივრცის კონტროლისკენ, რაც მიზნად ისახავს ინდივიდების ქცევების სისტემატურ რეგულაციას. ეს მექანიზმი, როგორც წესი, არ მიმართავს ფიზიკურ რეპრესიას, არამედ ეფუძნება ნორმების დადგენასა და მათი დაცვის მეშვეობით თვითდამორჩილების გენერირებას. აზიზ ნესინის მოთხრობაში „Vatandaş ve Polis“ (მოქალაქე და პოლიციელი) მკაფიოდ იკვეთება დისციპლინური ძალაუფლების ფუნქციონირების პრინციპები. პოლიცია იქცევა ზედამხედველობის სიმბოლოდ, რომლის არსებობაც მოქალაქეს აიძულებს, შეიმუშაოს ქცევის თვითრეგულაციის მექანიზმები. აღნიშნული დინამიკა შეგვიძლია მივაკუთვნოთ ფუკოს მიერ აღწერილ პანოპტიციზმის მოდელს, სადაც სუბიექტი მუდმივი შესაძლო ზედამხედველობის პირობებში ცხოვრობს. შედეგად, იქმნება „დისციპლინაური სუბიექტი“ — ადამიანი, რომელიც თავად იმეორებს და აწარმოებს დომინანტურ წესრიგს. ნიშანდობლივია, რომ ნესინის ტექსტებში სახელმწიფო ინსტიტუციები ძალაუფლებას მხოლოდ ფიზიკური ან იურიდიული ზეწოლის გზით არ ავლენენ. ისინი ქმნიან სოციალურ გარემოს, სადაც მოქალაქეთა თვითრეგულაცია წახალისებულია და ბუნებრივად აღიქმება. ეს მოდელი სრულ თანხვედრაშია ფუკოს ძალაუფლების კონცეფციასთან, რომლის თანახმად ძალაუფლება ეფუძნება არა ძალადობას, არამედ ცოდნას, ნორმატიულობასა და სტრუქტურულ პროდუცირებას. ბიუროკრატიული აბსურდი და ბიოპოლიტიკური კონტროლი. ფუკოს ბიოპოლიტიკის თეორია ეხება ისეთ ძალაუფლებრივ სტრატეგიებს, რომლებიც მიმართულია მოსახლეობის რეგულირებისკენ სიცოცხლის დონეზე — რესურსებზე წვდომა, ჯანმრთელობის მართვა, სივრცითი ორგანიზება და ადმინისტრაციული რეგისტრაცია. ამ კონტექსტში აზიზ ნესინის მოთხრობები იძლევა გამორჩეულად მკაფიო ლიტერატურულ ილუსტრაციებს. მოთხრობაში „Bir İnsan Başarır“, პერსონაჟის არსებობა დამოკიდებულია ბიუროკრატიული აპარატის მიერ მის აღიარებაზე. მოთხრობის აბსურდული გარემო წარმოსახავს სისტემას, რომელშიც ინდივიდუალური იდენტობა და სოციალური სტატუსი განისაზღვრება მხოლოდ ადმინისტრაციული კრიტერიუმებით. პერსონაჟი ებმება ბიუროკრატიული რეგულაციების დაუსრულებელ ჯაჭვში, რაც ასახავს ფუკოსეულ ბიოპოლიტიკურ რეალობას — არსებობა აღიარებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ფორმალიზებულია და რეგისტრირებულია. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ პერსონაჟები თავად იღებენ მონაწილეობას ამ სისტემაში — ისინი ავსებენ დოკუმენტებს, ითხოვენ ნებართვებს. ეს პროცესი წარმოადგენს ფუკოსეული ძალაუფლების დეცენტრალიზებული მოდელის მაგალითს, სადაც ძალაუფლება ფუნქციონირებს თანხმობის, ცოდნისა და თვითკონსტიტუციის გზით. ნესინის მიერ შექმნილი სატირული დისკურსი აშიშვლებს იმ პარადოქსულ რეალობას, როდესაც ინდივიდის ცხოვრება და არსებობა დაქვემდებარებულია რეპრესიული ცოდნის მექანიზმებს. ფუკოს ტერმინოლოგიით, ეს მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს როგორც „ცოდნის ძალაუფლება“, რომლის მეშვეობითაც საზოგადოება სიცოცხლეს არა როგორც გამოცდილებას, არამედ როგორც სტატისტიკურ მონაცემს აღიქვამს. ზედამხედველობა და საზოგადოების თვითდასჯის მექანიზმები, ფუკოს ზედამხედველობა სცდება ინსტიტუციური კონტროლის ჩარჩოებს და ვლინდება სოციალურ-კულტურულ თვითრეგულაციაში, რაც იწვევს ინდივიდთა ქცევების ინტერიალიზებულ მონიტორინგს. აზიზ ნესინის მოთხრობებში აღნიშნული ფენომენი განსაკუთრებული სიცხადით ვლინდება მორალური დისციპლინისა და საზოგადოებრივი შერცხვენის მეშვეობით განხორციელებულ კონტროლში. მოთხრობაში „Korkudan Korkmak“ („შიშის შიში“) პერსონაჟები იმყოფებიან მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, რაც განპირობებულია არა რეალური დევნით, არამედ იმის განცდით, რომ ყოველგვარი ქცევა დაქვემდებარებულია პოტენციურ შეფასებას. ამგვარად იქმნება ინტერიალიზებული ზედამხედველობის მექანიზმი, სადაც სოციალური სირცხვილი და მორალური დოგმები ფუნქციონირებს, როგორც კონტროლის ინსტრუმენტები. აღნიშნული სტრუქტურა შეესაბამება ფუკოს პანოპტიციზმის მოდელს, რომელიც ზუსტად აღწერს იმ ძალაუფლებრივ სქემას, სადაც ინდივიდი თავად იქცევა საკუთარი თავის ზედამხედველად. ნესინის ტექსტებში თვითდასჯა არ არის მხოლოდ მორალური პასუხისმგებლობის გამოვლინება, არამედ სისტემის პროდუქტია, რომელიც ქმნის მორჩილ სუბიექტს. საზოგადოების როლი ამ პროცესში განისაზღვრება როგორც კოლექტიური ზედამხედველის ფუნქცია, რაც იწვევს მორალური კონფორმიზმისა და შიშზე დაფუძნებული ქცევის ნორმალიზაციას.
საკვანძო სიტყვები: თურქული ლიტერატურა, აზიზ ნესინის შემოქმედება, მიშელ ფუკოს ძალაუფლების თეორია