დამოუკიდებელი მკვლევარი (შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (Fr-23-10216 ) ფარგლებში)

ახალგაზრდა მეცნიერი

ფილოლოგია

მაგისტრი

თბილისი/საქართველო

te.metreveli@yahoo.com


ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებითი ლაბორატორია ერთი ხელნაწერი კრებულის მიხედვით

აბსტრაქტი

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებითი ლაბორატორია ერთი ხელნაწერი კრებულის მიხედვით ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა კრებულები პოეტის გარდაცვალების შემდეგ მრავალჯერ დაიბეჭდა. პირველი კრებული პეტრე უმიკაშვილმა შეადგინა 1876 წელს, უკანასკნელი აკადემიური გამოცემა კი ნახევარი საუკუნის წინ მომზადდა (ივ. ლოლაშვილისა და აკ. გაწერელიას რედაქციით, 1972 წელს). ბუნებრივია, ამ დროის განმავლობაში მრავალი ახალი დეტალი გახდა ცნობილი ავტორისა თუ მისი შემოქმედების შესახებ და ახალი აკადემიური ორტომეულის მომზადებაც დადგა დღის წესრიგში. აკადემიური გამოცემის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ავთენტური ტექსტის დადგენა, ავტორის უკანასკნელი შემოქმედებითი ნების გათვალისწინება. სწორედ ამიტომ, ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებების ახალი აკადემიური ორტომეულის გამოცემის მომზადების პროცესში ავტოგრაფების ზედმიწევნით კარგად შესწავლა გახდა საჭირო, რადგან აქამდე არსებული ყველა გამოცემა შედგენილია იმ პერიოდისთვის მიღებული, თუმცა დღევანდელი რეალობისთვის შეუსაბამო ტექსტოლოგიური პრინციპების დაცვით. ცნობილია, რომ დიდებულ ავტორთა ლექსები ერთი ამოსუნთქვით იკითხება, მაგრამ როგორ იწერება ისინი, რა გზას გადის ლექსი ავტორის გონებიდან გამოცემის ფურცლებამდე, ცოტამ თუ იცის. სწორედ ამ თვალსაზრისით მიიქცია ჩვენი ყურადღება ბარათაშვილის ავტოგრაფების კრებულმა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია ნომრით H-1115. H-1115 ხელნაწერი საინტერესოა იმით, რომ მასში ჩანს ავტორის შემოქმედებითი პროცესი, ეს კრებული ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი „შავი“ ხელნაწერია და სწორედ აქ არის შემონახული სამუშაო ვერსია ზოგიერთი ლექსისა. ამჯერად ჩვენი ინტერესის საგანია ის სწორებები, რომლებიც განახორციელა ავტორმა. მაგალითად, ამ კრებულში შემორჩენილია ყველასათვის ცნობილი ლექსის, „შემოღამება მთაწმინდაზედ“, შემოქმედებითი გადამუშავების სურათი. ავტორს ამ ლექსის გარდა კიდევ 8 ლექსში შეუტანია ცვლილებები, რომელთა დაჯგუფებაც სხვადასხვა ნიშნითაა შესაძლებელი: • ლექსიკურ-კონოტაციური • მორფოლოგიური • რიტმულ-მეტრიკული • სტრუქტურული • შინაარსობრივი ამ თვალსაზრისით გამორჩეულია ლექსი „ჩემთ მეგობართ“, რომელიც პოეტმა ძირფესვიანად გადაამუშავა, რამდენიმე ეტაპად შეიტანა ყველა სახის ცვლილება და ლექსის ახალი რედაქცია შექმნა. ლექსში „ქეთევან“ გვხვდება საგულისხმო ცვლილება: ელიზბარი ] ამილბარი; ამ უკანასკნელმა ცვლილებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მეცნიერთა წრეებში, რადგან გააღრმავა ინტერესი ლექსის პროტოტიპის ძიების მიმართ (იხ. ჯულიეტა გაბოძის წერილი „ვის მიუძღვნა ბარათაშვილმა ლექსი „ქეთევან“ - სიმართლე და მონაჭორი“ - იბეჭდება „ლიტერატურულ ძიებანში“) ლექსის შემოქმედებითი გადამუშავების პროცესი კიდევ უფრო საინტერესო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ავტორსა და მისი მუშაობის პრინციპებზე ბევრი არაფერი ვიცით. ასეთი ავტორია ნ. ბარათაშვილიც, რადგან H-1115 -ის გარდა ყველა ხელნაწერი კრებული, რომელიც მისი ხელიდან გამოვიდა, საგანგებოდ იყო გადაწერილი და ავტორისეული სწორებების დადგენა მხოლოდ კრებულების დათარიღებითა და ტექსტების შედარებით არის შესაძლებელი. მოხსენების მიზანია, H-1115-ში ავტორის მიერ განხორციელებული ცვლილებების აღწერისა და შედარების გზით წარმოადგინოს რამდენიმე ლექსის შემოქმედებითი ევოლუცია და აჩვენოს, რაოდენ მნიშვნელოვანია ავტორის „შავი“ ჩანაწერები ლექსების ვარიანტებისა თუ რედაქციების თანმიმდევრობისა და, შესაბამისად, ავტორის უკანასკნელი შემოქმედებითი ნების დასადგენად.


საკვანძო სიტყვები: ნიკოლოზ ბარათაშვილი, ავტორის შემოქმედებითი ლაბორატორია, ხელნაწერი კრებული H-1115, ავტოგრაფები, ტექსტოლოგია, აკადემიური გამოცემა, ავტორის ნება, ლექსის შემოქმედებითი ევოლუცია.