საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია,

საქართველოს უნივერსიტეტი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი,

ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების წევრი

თბილისი/საქართველო

Imenteshashvili@gmail.com

 

ნაპოლეონი და მისი ხელისუფლება

აბსტრაქტი

 

   ნაპოლეონი, მისი სამხედრო გენია, მისი განათლება, მასშტაბური ხედვა და მის მიერ შექმნილი იმპერიის სახელისუფლებო ინსტიტუტები დღემდე იპყრობენ პროფესიონალი მკვლევრებისა თუ ფართო მკითხველის ყურადღებასა და ინტერესს. ნაპოლეონის ლტოლვა მსოფლიო ბატონობისაკენ, რაც მის მიერ შექმნილ იმპერიაში სავარაუდოდ თავს მოუყრიდა სხვადასხვა ეროვნების ხალხს, ნამდვილად ერთობ დამაინტრიგებელ მოვლენას წარმოადგენს. ამ მხრივ არც ჩვენი სამშობლო, საქართველო რჩებოდა განზე. რუსეთის სავარაუდო დამარცხების შემდეგ იმპერატორი თავისი ძლევამოსილი ლაშქრობის დაწყებას, რომელსაც ინგლისელების ინდოეთში ბატონობის დამხობა უნდა მოჰყოლოდა შედეგად სწორედ თბილისიდან აპირებდა. თუმცა კი საერთაშორისო პოლიტიკურ-სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე მან საქართველო ფინკენშტაინის 1807 წ. ხელშეკრულებით სპარსეთს გადაულოცა.

      რა ტიპის სახელმწიფოს წარმოადგენდა მის მიერ შექმნილი ვეებერთელა იმპერია? იყო რა სამხედრო, ნაპოლეონი იმავდროულად ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ნებისმიერი ძალაუფლება ხალხიდან მომდინარეობს. „მე უზენაესი ძალაუფლება მომენიჭა ხალხის გადაწყვეტილებით და მე ვერ ვირწმუნებ, რომ მას კვლავ სჯერა მის მიერ არჩეულის, სანამ ჩემი უფლებამოსილება მთელი ერის დასტურს არ მიიღებს.“ ამიტომაც მის სამუდამო კონსულობას და იმპერატორად გამოცხადებას წინ პლებისციტები უსწრებდნენ.  ნაპოლეონი გამუდმებით ხაზს უსვამდა სამოქალაქო ფაქტორის უპირატესობას სამხედროსთან შედარებით. არათუ კონსულობის, არამედ იმპერიის ხანაშიც კი არ არსებობდა სამხედრო კასტის მსგავსი ორგანო, რომელიც ყველაფერს, პოლიტიკით დაწყებული, ეკონომიკით დამთავრებული გააკონტროლებდა. ნაპოლეონის საფრანგეთში არაფერი იყო ისეთი, რაც შეიძლება შევადაროთ ლათინური ამერიკის სამხედრო-დიქტატორულ რეჟიმებს. ნაპოლეონი იყო გენერალი, სარდალი და საერთოდ, სამხედრო პირი მხოლოდ ომის დროს, ბრძოლის ველზე. ლაშქრობის დაწყებიდან და დამთავრებამდე. მშვიდობიან ხანაში იგი სახელმწიფო მოღვაწე, სამოქალაქო პირი იყო. ფიცი, რომელიც მან წარმოთქვა როდესაც იმპერატორის გვირგვინს იდგამდა, წარმოადგენს დაპირებების მთელ კრებულს, რომელიც ხაზს უსვამს საიმპერატორო ძალაუფლების შეზღუდვას და მის რესპუბლიკურ ხასიათს. ძალზე საყურადღებოა ფიცის დასასრული და თავად ნაპოლეონის ტიტული „ნაპოლეონი ბონაპარტი, საფრანგეთის რესპუბლიკის იმპერატორი ღვთის მადლითა და კონსტიტუციის წყალობით.“ რესპუბლიკური პრინციპები წარმოჩნდებოდნენ იმპერიის  ხანის ჰიმნშიც, „Le Chant du départ-(ომში წასვლის სიმღერა), რომლის ტექსტი  რესპუბლიკელობას და საფრანგეთს ასხამს ქება-დიდებას. იმ საფრანგეთს, რომელიც ქვეყნიერებას მშვიდობასა და თავისუფლებას მოუტანს.    

       მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლეონი ერის საყოველთაო მეთაური იყო, იგი მაინც ვერ გაიგივდება კლასიკურ აღმოსავლურ დესპოტთან, რომელიც ტრადიციულად განყენებული სიდიადის სახეს ქმნის და ასევე წარმოჩნდება ქვეშევრდომთა შორის თავისებური ღმერთკაცის სახით. ნაპოლეონი კი სრულიად იყო დამოკიდებული საკუთარ თავზე, საკუთარ უნარზე გამარჯვებები მოეპოვებინა, ქვეშევრდომები მოეხიბლა. იგი ხალხზე იყო დამოკიდებული, მის აზრსა და შეფასებაზე. ამიტომაც იყო, რომ 100 დღის მიწურულს უბრალო პარიზელები ასე თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდნენ მის გადადგომას.  ნაპოლეონის პოპულარობას მოსახლეობაში და მშრომელი ხალხის მისდამი სიმპათიების  დასტურს ისიც წარმოადგენს, რომ 1818-1819 წწ. საფრანგეთში ადგილი ჰქონდა უბრალო, მშრომელი ხალხის გამოსვლებს ლოზუნგით: „ძირს ბურბონები! გაუმარჯოს იმპერატორს!“ და ამისათვის მათ ციხეშიც კი უკრავდნენ თავს.   

       ყოველივე ზემოთქმულიდან ვასკვნით, რომ ნაპოლეონის, ჯერ როგორც პირველი კონსულის და მერე როგორც იმპერატორის მმართველობა მისთვის  დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით არ შეიძლება ცალსახად მიეკუთვნოს დიქტატურას ან მონარქიას.. ნაპოლეონი აქაც წარმოჩნდება როგორც საგანგებო, თავისებური მოვლენა. და სწორედ ამიტომ მის მმართველობას სპეციფიკური, მისთვის დამახასიათებელი სახელი ერგო- ბონაპარტიზმი. ხელისუფლების ეს ტიპი ხასიათდება როგორც ერთპიროვნული მმართველობა, რომელსაც ხალხის ფართო ფენების მხარდაჭერა აქვს, ან იდეოლოგია, რომელიც  ეფუძნება ძლიერ, ცენტრალიზებულ რეჟიმს, ეროვნულ თანხმობას, იცავს საზოგადოებრივ წესრიგს და საზოგადოებრივ თანასწორობას, პიროვნების და მისი საკუთრების ხელშეუხებლობას.  

 

საკვანძო სიტყვები: ნაპოლეონ ბონაპარტი; ბონაპარტიზმი; ნაპოლეონის იმპერია; პოლიტიკური ხელისუფლება; პლებისციტი.