ევროპის უნივერსიტეტი / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოლოგიის დოქტორი / პროფესორი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ფილოლოგიის დოქტორი / მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

თბილისი/საქართველო

ბათუმი/საქართველო

lela.chotalishvili@tsu.ge

nargiz.akhvlediani@bsu.edu.ge 

 

აბსტრაქტი

ავკასიაში შემონახულია მდიდარი ეთნობოტანიკური ტრადიციები, სადაც მცენარეები მთავარ როლს ასრულებენ რელიგიურ და სარიტუალო ცერემონიებში, თუმცა ბოლო ათწლეულების სოციალურ-კულტურულმა ცვლილებებმა ამ ცოდნის გადაცემა შეაფერხა. მიუხედავად იმისა, რომ სამკურნალო და საკვები მცენარეების გამოყენება სხვადასხვა კვლევაშია წარმოდგენილი, მათი სიმბოლური მნიშვნელობა სარიტუალო კულინარიულ ტრადიციებში და ეტიმოლოგიური კავშირები ადგილობრივ მცენარეთა სახელებსა და ძველ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს შორის დღემდე შეუსწავლელი სფეროა. წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს სარიტუალო პურის ცხობის ეთნობოტანიკური ტრადიციების დოკუმენტირებას კავკასიის სამ რეგიონში.

წარმოდგენილი ნაშრომი ეფუძნება 2024–2025 წლებში კავკასიის სამ გეოგრაფიულ არეალში სვანეთში, პანკისის ხეობასა და აჭარა-ქობულეთის მხარეში ჩატარებულ ნახევრადსტრუქტუირებულ ინტერვიუებსა და მონაწილეობით დაკვირვებას. ინფორმატორების მიერ მოხსენიებული მცენარეები იდენტიფიცირდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, ენათმეცნიერებთან და ბოტანიკოს-ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე. ეტიმოლოგიური ანალიზისთვის გამოვიყენეთ შედარებით-ენათმეცნიერული მეთოდები, დავიხმარეთ გამოქვეყნებული ეტიმოლოგიური ლექსიკონები.

წინამდებარე ნაშრომში აღწერილია/დოკუმენტირებულია პურის მომზადების სამი რიტუალური ტრადიცია: სვანური „ქუთ ლემზირ“, ქისტური „ჭააბილგ“ და „სისამიანი ხაჭაპური“. ამ ტრადიციებში მცენარეები არა მხოლოდ კულინარიული ინგრედიენტების ფუნქციას (ფერმენტაცია, არომატიზაცია) ასრულებენ, არამედ რიტუალის აუცილებელ ელემენტებსაც წარმოადგენენ. კვლევა სამ მცენარეზეა ფოკუსირებული: „ქუთ-კვახ“ (Plantago major L., Plantago lanceolata L.), „ხო“ (Humulus lupulus L.) და „სისამი“ (Nigella sativa L.). გამოვლინდა მათი სიმბოლური მნიშვნელობა, ეთნობოტანიკური ასპექტები და კულტურულ-რელიგიური კონტექსტი. მათი ხალხური სახელწოდებები ასახავს პროტოირანულ, წინაბერძნულ და ქართველურ ფესვებს, რომლებიც უძველეს რელიგიურ პრაქტიკებთანაა დაკავშირებული.

კვლევამ აჩვენა, რომ სარიტუალო პურის ცხობის ტრადიციები დღემდე ცოცხალია − ოჯახებში თაობიდან თაობას გადაეცემა როგორც პრაქტიკული უნარები, ისე რიტუალის სიმბოლური მნიშვნელობა. მცენარეთა სახელები ინახავს ქრისტიანობამდელი პრაქტიკებისა და კულტურათაშორისი კონტაქტების მეხსიერებას. ამ ტრადიციების დოკუმენტირება ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობისა და ადგილობრივ მცენარეთა გამოყენების მრავალფეროვნების შენარჩუნებას. მომავალ კვლევებში საჭიროა კავკასიის სხვა რეგიონების ჩართვა, რათა სრულყოფილად გამოვლინდეს მცენარეთა როლი ამ ხალხების სარიტუალო-კულინარულ ტრადიციებში.

საკვაძო სიტყვები: კავკასია, ეთნობოტანიკა, სარიტუალო პური, ტრადიციული ცოდნა, მცენარეთა სახელწოდებათა ეტიმოლოგია.