საქართველოს უნივერსიტეტი

 

მოწვეული ლექტორი

 

კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა

 

PhD თბილისი/საქართველო

ninisanadiradze@gmail.com

Orcid:

0009-0004-7161-5894


აბსტრაქტი

საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიის კვლევა ტრადიციულად ემყარება ქართულ და რუსულ საარქივო წყაროებს, ოფიციალურ დოკუმენტებსა და ადგილობრივ პერიოდულ გამოცემებს. თუმცა XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან XX საუკუნის პირველ მეოთხედამდე პოლონურ პრესაში დაგროვილი მასალა დღემდე ნაკლებად შესწავლილ და განსაკუთრებული მნიშვნელობის დოკუმენტურ რესურსს წარმოადგენს. წარმოდგენილი კვლევა პოლონურ პერიოდულ გამოცემებს განიხილავს არა მხოლოდ როგორც უცხოურ მედიას ან ისტორიოგრაფიულ წყაროს, არამედ როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიის ალტერნატიულ არქივსა და ტრანსნაციონალური მეხსიერების სივრცეს, სადაც ყალიბდებოდა საქართველოს, როგორც პოლიტიკური და კულტურული სუბიექტის, ევროპული რეპრეზენტაცია ქართული და რუსული იმპერიული ნარატივების მიღმა. კვლევა ეფუძნება 2025 წელს, კრაკოვის საერთაშორისო კულტურის ცენტრში (International Cultural Centre) განხორციელებული Thesaurus Poloniae-ის უფროსი მკვლევრის (Senior Fellowship) პროგრამის ფარგლებში შესრულებულ საარქივო კვლევას. შესწავლილია 1870–1921 წლების პოლონურენოვანი პერიოდული გამოცემები, მათ შორის Kurier Warszawski, Gazeta Narodowa, Czas, Głos Narodu, Dziennik Kijowski და სხვა გამოცემები, სადაც იდენტიფიცირდა ორ ათასზე მეტი პუბლიკაცია საქართველოს პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ. თუმცა კვლევის მთავარი მიზანი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტობრივი ინფორმაციის რაოდენობრივი ანალიზით. უფრო მნიშვნელოვანი არის იმის გაანალიზება, თუ როგორ მონაწილეობდა პოლონური პრესა საქართველოს შესახებ ცოდნის, წარმოდგენებისა და ინტერპრეტაციული ჩარჩოების ფორმირებაში პოლონურ საზოგადოებრივ და ინტელექტუალურ სივრცეში. მოხსენება აჩვენებს, რომ პოლონური პრესა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების საშუალება არ ყოფილა, არამედ ინტერპრეტაციული და სიმბოლური სივრცე, სადაც საქართველო კონსტრუირდებოდა როგორც ევროპული პოლიტიკური და კულტურული სივრცის ორგანული ნაწილი. ორი ერის საერთო ისტორიული გამოცდილება, იმპერიული ბატონობა, ეროვნული თვითშეგნების ფორმირება და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ქმნიდა თანაზიარობის დისკურსს, რომელშიც საქართველოს სახე ერთგვარ სარკედ იქცეოდა პოლონური ეროვნული თვითაღქმისთვისაც. კვლევა წარმოაჩენს პოლონურ პრესას, როგორც ტრანსნაციონალურ მეხსიერების არქივს (lieu de mémoire პიერ ნორას გაგებით), რომელიც არა მხოლოდ ახალ ფაქტობრივ მასალას სთავაზობს საქართველოს ისტორიოგრაფიას, არამედ გვთავაზობს მეთოდოლოგიურ პერსპექტივას იმის გასააზრებლად, თუ როგორ ყალიბდებოდა მცირე ერების ეროვნული ნარატივები ტრანსნაციონალურ საინფორმაციო სივრცეში. ამავე დროს, კვლევა ამტკიცებს, რომ უცხოური პერიოდული პრესა შეიძლება განვიხილოთ არა როგორც დამხმარე ისტორიული წყარო, არამედ როგორც ეროვნული მეხსიერებისა და სახელმწიფოებრიობის ისტორიის რეკონსტრუქციის დამოუკიდებელი ტრანსნაციონალური არქივი. 


Keywords

პოლონური პრესა; საქართველოს სახელმწიფოებრიობა; ალტერნატიული არქივები; ტრანსნაციონალური მეხსიერება; ეროვნული ნარატივები; მეხსიერების ადგილები (lieux de mémoire). Polish press; Georgian statehood; alternative archives; transnational memory; national narratives; lieux de mémoire.