საქართველოს უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი

ფილოლოგია 

ფილოლოგიის დოქტორი

თბილისი/საქართველო

nanakupradze053@gmail.com


აბსტქარტი

ვაჟა-ფშაველას პოემაში გმირის ეგზისტენციალური ტრანსფორმაცია გულისხმობს პიროვნების კვდომასა და ხელახლა დაბადებას. ინდივიდი ერთდროულად იბრძვის ირაციონალური ვნებების, ცხოვრების ჩვეული წესის დათმობისა და ახალი ღირებულებების შემეცნებისათვის. ამ გზაზე ადამიანი, თვითჩაღრმავების გზით, ახლებურად ხედავს სამყაროს. პოემაში პიროვნების ტრანსფორმაცია ვლინდება იმ შინაგან კონფლიქტში, რომელიც ტრადიციული მთის მორალის ერთგულებისა და მტრობაზე ამაღლებისას ჩნდება. პოემის სიუჟეტი ვითარდება გოგოთურისა და აფშინას შუღლისა და შერიგების ირგვლივ, რომელიც სცდება თემის ტრადიციულ ჩარჩოს და საყოველთაო ეთიკურ წესრიგს ექვემდებარება. გოგოთური უარს ამბობს აფშინას შურისძიებაზე. საკუთარ თავში გამონახავს ძალას, რომ მტრობაზე მაღლა დადგეს და უფრო მტკიცე მორალური კატეგორიებით იმოქმედოს. ეს შემთხვევა გოგოთურს ცოდვასაც აარიდებს და დააფიქრებს აფშინაზე, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავზე, რომელსაც საკუთარი საფიქრალი და საზრუნავი აქვს. გოგოთურის ქცევა ზნეობრივი მაგალითი უნდა ყოფილიყო აფშინასთვის, რომელიც მანამდე რადიკალურად განსხვავებული ღირებულებებით ცხოვრობდა. გოგოთურმა სწორად გათვალა. აფშინა მართლაც აანალიზებს საკუთარი ცხოვრების გზას და რწმუნდება, რომ ნამდვილი ვაჟკაცობა არა მტრის დამარცხება, არამედ მოწინააღმდეგის მტრული ბუნების დაძლევა, მტრობაზე მაღლა დგომაა. პატიება, დანდობა, უფრო დიდი სასჯელი აღმოჩნდება აფშინასთვის. მის სულში იღვიძებს სინდისი, ,,მამხილებელი გონება“ და აიძულებს ძველი გზის მიტოვებას. მიტევება აფშინას სხვაგვარი ცხოვრების დაწყებას აიძულებს. ეს სულიერი ჭიდილი და ძვრები მისგან დამოუკიდებლად, ქვეცნობიერად ხდება. ნამდვილი პიროვნება იბადება მაშინ, როცა ადამიანი თავისუფლდება ჩამორჩენილი კოლექტიური აზროვნებისგან და ნაბიჯს პოსტკონვენციური ღირებულებების გათვალისწინებით დგამს. ამის გაცნობიერებამდე გასავლელი გზა გრძელია და თითოეული ადამიანისთვის განსხვავებული. აფშინას საბოლოო არჩევანი, - გახდეს ხევისბერი, გადავიდეს ხევსურეთში და შეიცვალოს სარწმუნოება, ნაკარნახევია არჩევანის სრული თავისუფლებით. ახალი საზოგადოება მას გულღიად და ძმურად ხვდება, უფრო მეტიც, მას ხევისბრის წოდებასაც მიანიჭებს, მის ტრანსფორმაციას საკრალურ ბუნებას შესძენს, რითაც მის ხელახლა შობას ამტკიცებს. ნიშანდობლივია, რომ რწმენაშეცვლილი აფშინა ათანასეს (უკვდავს) ირქმევს, რაც უნდა გულისხმობდეს მის ხელახლა დაბადებას. ქრისტიანულ რიტუალებში სახელის გამოცვლა პიროვნების არჩევანსაც გამოხატავდა, მის სრულ მობილიზაციას უარი ეთქვა ინსტინქტებზე დამყარებულ ცხოვრებაზე და დაეწყო სრულიად განსხვავებული, უფრო მძიმე, მაგრამ პასუხისმგებლობით დატვირთულ სულიერი ცხოვრების გზა. ვაჟა-ფშაველა ჰუმანისტურ იდეალს ირჩევს, რომლის თანახმად, ძალადობა, მტრობა, სიძულვილი ყოველთვის შეიძლება ჩანაცვლდეს სიკეთით, მიტევებითა და სიყვარულთ.


Keywords

ეგზისტენციალური, ტრანსფორმაცია, პიროვნების დაბადება, მიტევება, ხევისბერობა, საკრალური ბუნება, სახელის შეცვლა, ჰუმანიზმი.