საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

წყაროთმცოდნეობა

ისტორიის დოქტორი 

თბილისი/საქართველო 

bxorava@yahoo.com


აბსტრაქტი

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში (1801-1917 წწ.). სახელმწიფო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად იყოფა. ასეთი დაყოფის მიზანია, გააადვილოს და რაც შეიძლება სრული და ქმედითი გახადოს სახელმწიფო მექანიზმის მუშაობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესაბამისად ყალიბდება ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივ ორგანოთა სისტემა. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფისას, როგორც წესი, ითვალისწინებენ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ისტორიულ, კულტურულ, ენობრივ და სხვა მრავალ ფაქტორს; მხედველობაშია მისაღები სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებები: ეკონომიკის ხასიათი, დონე და განვითარების პერსპექტივები, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გამოყენების შესაძლებლობა, კომუნიკაციების განლაგება, მოსახლეობის რაოდენობა და სიმჭიდროვე, ეთნიკური ჯგუფების კომპაქტური განსახლება და სხვა. რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ქვეყანაში დამყარდა იმპერიისთვის დამახასიათებელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა. შეიქმნა გუბერნიები, ოლქები, ოკრუგები, რომლებიც მაზრებად იყოფოდა. თავის მხრივ, მაზრები დაყოფილი იყო წვრილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად, საპოლიციო უბნებად. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ხშირად იცვლებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრები, დასახლებულ პუნქტთა სახელები. ადმინისტრაციულ ერთეულთა საზღვრების ცვლილებას ზოგჯერ არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა და ქართული ფაქტორის შესუსტებას ისახავდა მიზნად. ადგილობრივი გეოგრაფიული სახელწოდებები იცვლებოდა სამეფო ოჯახის წევრების, რუსეთის იმპერიის სამოქალაქო და სამხედრო ჩინოსნებისა და რუსიფიცირებული რელიგიური სახელებით; მიგრაციული პროცესების შედეგად, ქართული ისტორიული სახელწოდებები ითარგმნებოდა ან მათ ნაცვლად უცხოენოვანი სახელწოდებები მკვიდრდებოდა. 


საკვანძო სიტყვები: საქართველო, რუსეთის იმპერია, მე-19-20 სს. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა.