ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სრული პროფესორი, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი
სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია
დოქტორი
თბილისი/საქართველო
tamar.tsopurashvili@iliauni.edu.ge
არისტოტელიზმი საქართველოში: ანტონ პირველის ფილოსოფიური მემკვიდრეობა და მისი კლასიფიკაციის საკითხი
აბსტრაქტი
მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება იმ კვლევითი პროექტის შედეგები, რომელიც 2020-2024 წლებში ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ჯონ ტემპლტონის ფონდის დაფინანსებით განვახორციელე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოხსენებაში ნაჩვენები იქნება, რომ ტრადიციული ნეოპლატონიზმის გვერდით ანტონ პირველი ცდილობს საქართველოში შემოიტანოს არისტოტელური სააზროვნო ტრადიცია, რასაც ის აკეთებს როგორც თავისი ფილოსოფიური შრომებით, ასევე მის სკოლაში განხორციელებული არისტოტელეს ტექსტების თარგმანებით. მოხსენებაში ნაჩვენები იქნება ის არისტოტელური სააზროვნო პარადგიმები, რომლებიც ანტონს სისტემურად განხილული აქვს თავის ორ ფილოსოფიურ ტექსტში: „სპეკალში“, რომელსაც მისი კათოლიციზმში ბრალდება და კათალიკოსის ტახტიდან გადაყენება მოჰყვა; და „კატეგორია სიმეტნეში“, რომელიც მან თითქმის ათი წლის მოგვიანებით დაწერა. ამის გათვალისწინებით მოხდება ამ ორი ფილოსოფიური შრომის პოზიციონირება არა მხოლოდ ქართული ინტელექტუალური ისტორიის კონტექსტში, არამედ რეგიონალურ ჭრილშიც. შესაბამისად, მოხსენებაში მიმოხილული იქნება ის ინტელექტუალური ტენდენციებიც, რომლებსაც ადგილი აქვს 17-18-ე საუკუნის შავი ზღვის აკვატორიაში და რომლის ნაწილიც რუსულ ანექსიამდე საქართველოც იყო. წარმოდგენილ მოხსენებაში ასევე განხილული იქნება სქოლასტიკური თეოლოგიური ტექსტების მნიშვნელობა და მსოფლმხედველობრივი კონტექსტი ანტონის ნაშრომისთვის, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეხება არისტოტელეს თეორიულ ფილოსოფიას. ნაჩვენები იქნება არისტოტელეს შრომების ამგვარი სელექციის მსოფლმხედველობრივი საფუძვლებიც. მოხსენებაში ნაჩვენები იქნება ანტონის მოსაზრებების შედარება არისტოტელეს შრომებზე ალბერტ დიდის კომენტარებში გადმოცემულ იდეებთან უშუალოდ ალბერტ დიდის De homine-სა და De anima-ზე კომენტარზე დაყრდნობით. ორივე ტექსტი განხილული იქნება როგორც ანტონისეული მოსაზრებების ერთ-ერთი წყარო ამ საკითხებზე მსჯელობისას. მოხსენებაში ასევე მოხდება ანტონის ორივე ნაშრომის კონტექსტუალიზაცია და ამის შესაბამისად ინტერპრეტირება, რაც თავის მხრივ, „სპეკალში“ მოცემული ცნობილი ფორმულირების სწორად გაგების წინაპირობაა („არარაი ჩემის უსწავლელობისა, თავისა ჩემისა მისიბრძნიეს ცთომილსა, არამედ რაივეცა ვისმინე ლათინთაგან ფილოსოფოსთა და ზაქარიას ვისმე სომეხთა მოძღვრისა, რომლისაგან აღმეხსნა მე დაფარულებაი არისტოტელისა გამო სიბრძნეთა და სხვათა მიერ ვიეთმე მეცნიერთა, იგი შესაკრებით განვაწყევ, და ესთა გვირგვინოსან ვყავ წიგნი ესე ‘სპეკალი’ თავშედგმულობით“. (სპეკალი, თ. 120)).