ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი, ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამის დოქტორანტი

თბილისი/საქართველო

Nino_bokuchava@iliauni.edu.ge

 

აბსტრაქტი

 

ზაირა არსენიშვილს (1933-2015) სიცოცხლეში ქართველი საზოგადოება იცნობდა როგორც კინოსცენარისტსა და მუსიკოსს, ნაკლებად როგორც მწერალს. ზაირა არსენიშვილის როგორც პროზაიკოსის შემოქმედების კონცეპტუალური ჩარჩო საბჭოთა წარსულზე კრიტიკული რეფლექსიაა. საცნაურია, რომ მწერალი ჯერ კიდევ XX საუკუნეში იწყებს თავის ანტისაბჭოთა ტექსტებზე მუშაობას, ფაქტობრივად, იგი „უჯრისთვის“ ქმნიდა სისტემის მამხილებელ ტექსტებს, რომელთა რეცეფცია XXI საუკუნეში, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს. რაკი, ზაირა არსენიშვილის პროზის სიღრმისეული კვლევა მომავლის საქმეა, წინამდებარე მოხსენება, ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

მოხსენების მიზანია კულტურული მეხსიერების კვლევების თეორიულ წანამძღვარებზე დაყრდნობით დაამტკიცოს, რომ ზაირა არსენიშვილის 2002 წლის რომანი — ვა, სოფელო: კახური ქრონიკები მეხსიერების რომანი (ინგ. Fiction of Memory), საკუთრივ, თემური მეხსიერების რომანია (გერმ. Der Kommunale Gedächtnisroman; ინგლ. Communal Memory Novel) (ნოიმანი). მოხსენებაში თეორიულ ჩარჩოდ გამოიყენება მეხსიერების კვლევებში დამკვიდრებული შემდეგი კონცეფციები: კომუნიკაციური და კულტურული მეხსიერება — ალეიდა და იან ასმანები (Aleida Assmann, Jan Assmann), კოლექტიური მეხსიერების რიტორიკა ასტრიდ ერლი (Astrid Erll), მეხსიერების რომანების ტიპოლოგია ბირგიტ ნოიმანი (Birgit Neumann).

ვა, სოფელო: კახური ქრონიკები განირჩევა თემურობით, მასში მეხსიერების აქტები (ინგლ. Acts of memory) — გახსენება და თხრობა მიმართულია „ჩვენ-იდენტობის“ (ინგლ. We-identity) საწარმოებლად და განსამტკიცებლად. რომანში საბჭოთა სისტემის მიერ დაჩაგრულთა, გარიყულთა ძალადობრივად დადუმებული საზიარო მეხსიერება 1962 წელს სემანტიზებულ სივრცეში, სარდაფში ახმიანდება. ეს დათრგუნული მეხსიერების სიმბოლური გაცნობიერების პროცესია, რომელიც პრინციპულ ოპოზიციაშია მეხსიერების გაბატონებულ ნარატივთან და მის სივრცესთან — საჯარო ადგილებთან. მნემონიკური თემი, უმცირესობა „კონტრძალაუფლებით“ აღჭურავს თავის მეხსიერებას და ამგვარად  ხელს უწყობს კონტრმეხსიერების წარმოებას. მასში საბჭოთა რევოლუცია, საბჭოთა სისტემა  და მასთან დაკავშირებული პირები წარმოჩნდებიან ტრავმის წყაროდ, რომელიც შემდეგი მხატვრული ტროპებით გადმოიცემა: ბიბლიური ურჩხული (გველეშაპი), ვეშაპი, მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესი.

რომანში თხრობა თერაპიული ინსტრუმენტია, მასში წარსულის აქტუალიზაცია ემსახურება ბრძოლას საზოგადოებრივი აღიარებისათვის. აღსანიშნავია, რომ ტექსტში სწორედ კომუნიკაციური მეხსიერების საშუალებით იქმნება ჩვენ-იდენტობის კონტრუქცია, წარმატებით დაიძლევა დროითი დისტანცია და ნარჩუნდება წარსულის უწყვეტობა. რომანის დასასრულს შვილიშვილის მიერ ბებიის ანდერძის აღსრულებით (მათი წარსულის შესახებ რომანის შექმნით), კომუნიკაციური მეხსიერება კულტურული მეხსიერების მედიად გარდაიქმნება. ამრიგად, მყიფე, დროში შეზღუდული კომუნიკაციური მეხსიერება ტრანსფორმირდება სტაბილური, შენახული მეხსიერების სახესხვაობად — კულტურულ მეხსიერებად. წინამდებარე  კრიტიკული მნიშვნელობის მქონეა, რაკი მეხსიერების გარეშე არ არსებობს ცოდნა თავის შესახებ, მეხსიერების დაცვა-შენახვით იდენტობის სიმდგრადე მიიღწევა.

 

საკვანძო სიტყვები: ზაირა არსენიშვილი, პოსტსაბჭოთა ქართული ლიტერატურა, მეხსიერების რომანები