საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ასოცირებული პროფესორი
თბილისი/საქართველო
maiatsertsvadze@yahoo.com
აბსტრაქტი
1832 წლის შეთქმულების სახელით ცნობილ განმანთავისუფლებელ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომლის მიზანი ქვეყნიდან რუსული მმართველობის განდევნა და მისი გაუქმებული სახელმწიფოებრიობის აღდგენა იყო, საბჭოთა ისტორიოგრაფია დაკნინების მიზნით არამართებულად უწოდებდა თავადაზნაურულს. შემდგომმა კომპლექსურმა კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ მასში ჩართულნი იყვნენ საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ფენების წარმომადგენლები. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ამ დიდი ანტიიმპერიული ეროვნული აქტის ავანგარდში ნამდვილად იდგა უმაღლესი ქართველი არისტოკრატია ქართლ-კახეთის სამეფო სახლის ბაგრატიონი ბატონიშვილებისა და მათი შთამომავლების სახით.
როგორც ცნობილია, შეთქმულების თაოსნები და იდეური სულისჩამდგმელნი იყვნენ მეფე ერეკლე II-ის (1720-1798) იმხანად რუსეთში გადასახლებული შვილიშვილები, დიმიტრი იულონის ძე (1803-1845) და ოქროპირ გიორგის ძე (1795-1857) ბაგრატიონები, რომელთაც შემოიკრიბეს იქ სასწავლებლად ჩასული ქართველი პატრიოტები და შთააგონეს აჯანყების იდეა. ბატონიშვილების სულისკვეთებას იზიარებდნენ მათი ოჯახის წევრებიც, მთ შორის, იულონის და, თამარი (1791-1857), ერთ-ერთი აქტიური შეთქმული, რომელიც თბილისში მოქმედებდა და შეთქმულების წარმატების შემთხვევაში დამოუკდებლობააღდგენილი ქვეყნის დროებით მმართველადაც ივარაუდებოდა.
შეთქმულების მეთაურებად შერაცხული ოთხეულიდან სამეფო ოჯახის შთამომავალია ორ პირი - ალექსანდრე ორბელიანი (1802-1869) და ელიზბარ ერისთავი (1810-1872). ალექსანდრე ორბელიანი ერეკლე II-ის შვილიშვილია, რომელიც დედასთან, თეკლე ბატონიშვილსა (1776-1846) და ძმებთან, დიმიტრი (1806-1882) და ვახტანგ (1812-1890) ორბელიანებთან ერთად იყო ჩართული შეთქმულებაში. ელიზბარ ერისთავიც მეფის შთამომავალია, თამარ ერეკლე II-ის ასულის (1747-1786) შვილთაშვილი. იგი და-ძმასთან, დიმიტრი (1811-1854) და მელანია ერისთავებთან (1808-1836) ერთად იღებდა მონაწილეობას შეთქმულებაში.
შეთქმულთა შორის არიან ერეკლეს ვაჟი ალექსანდრე ბატონიშვილი (1770-1844) და გიორგი (1746-1800), ელენე (1753-1886), ანასტასია (1763-1838) ქეთევან (1764-1840), ეკატერინე (1774-1818), და ფარნავაზ (1775-1852) ბატონიშვილების შვილები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეფის ქალიშვილების შვილები არა ბაგრატიონების, არამედ სხვა გვარებით - მუხრან-ბატონების, ორბელიანების, ჩოლოყაშვილების, ერისთავების... - ფიგურირებენ შეთქმულების საგამოძიებო მასალებში, რაც ერთგვარად ართულებს მათი, როგორც სამეფო ოჯახის პირდაპირი შთამომავლების იდენტიფიკაციას.
1832 წლის შეთქმულებისადმი მიძღვნილ კვლევებში, ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი მასში აქტიურად მონაწილე ქართლ-კახეთის ბატონიშვილებს (დიმიტრი, ოქროპირ, თამარ, თეკლე ბატონიშვილებს...). ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ ისინი არ ასახავენ სამეფო ოჯახისა და მისი შთამომავალი ყოველი წევრის შეთქმულებაში მონაწილეობის ერთიან ყოვლისმომცველ სურათს, მათი ამ მონაწილეობის ხარისხს, მიმართებას, ადგილსა და როლს შეთქმულებაში, ასევე მიკუთვნებულ სასჯელებს. ამ მხრივ შეთქმულების პერსონალიის შესწავლას კვლავ სჭირდება დამატებითი შევსება და სრულყოფა.
მოხსენებაში შევეცდებით ყურადღება გავამახვილოთ დასმულ საკითხზე, თავს მოვუყრით და წარმოვადგენთ შეთქმულ ბაგრატიონთა და მათი შთამომავლების დაზუსტებულ, უახლეს კვლევებზე დაფუძნებულ ბიოგრაფიულ ცნობებს და გამოკვლების მიზნებისათვის სპეციალურად შედგენილ სრულ გენეალოგიური ტაბულას. ამით, ჩვენი აზრით, ხელს შევუწყობთ როგორც 1832 შეთქმულების, ასევე ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახისა და ზოგადად მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოების ისტორიის უკეთ გაგებას და გააზრებას.
საკვანძო სიტყვები: 1832 წლის შეთქმულება; 1832 წლის შეთქმულების პერსონალია; ბაგრატიონები 1832 წლის შეთქმულებაში; ქართლ-კახეთის სამეფო სახლი; მეფე ერეკლე II-ის შთამომავლები.