გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კველვითი ცენტრი
მეცნიერ-თანამშრომელი
თბილისი/საქართველო
nm.aronishidze@gmail.com
აბსტრაქტი
წინამდებარე მოხსენება წარმოადგენს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზენდიდში მდებარე დარბაზული ეკლესიის კვლევას. წარმოდგენილი ნაგებობა ქართული ხუროთმოძღვრების იმ ტიპს განეკუთვნება, რომელიც ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევის საგანი მხოლოდ ბოლო წლებში გახდა. ზენდიდის ტაძარი მარტივი, დარბაზული ეკლესიაა, რომელიც აღმოსავლეთით მართკუთხასაკურთხევლით სრულდება. ნაგებობის შესახებ სამეცნიერო კვლევები არ გვხვდება და შეიძლება ითქვას, რომ ის სამეცნიერო წრეებისთვის თითქმის უცნობია. ძეგლი ნაწილობრივაა გადარჩენილი, თუმცა იკითხება მისი გეგმარებითი და არქიტექტურული მახასიათებლები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია მისი, როგორც ტიპოლოგიის განსაზღვრა, ასევე ძეგლის დათარიღება.
საყურადღებოა, რომ ამ გეგმარებითი მახასიათებლის მქონე ეკლესიები საქართველოში მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში შენდება და როგორც სრულად ქართული ხუროთმოძღვრება, ეს ტიპიც გადიც განვითარებისა თუ სახეცვლის გარკვეულ გზას. დღემდე შემორჩენილი სახით წარმოდგენილია, როგორც ადრექრისტიანული და გარდამავალი ხანის, ისე განვიათარებული და გვიანი შუა საუკუნეების მართკუთხასაკურთხევლიანი ტაძრები. ამასთანავე, იმის მიუხედავად, რომ ამგვარი „აღმოსავლეთის“ მქონე ეკლესიათა უმეტესობა დარბაზული ტიპისაა, გვხვდება მართკუთხასაკურთხევლიანი სამნავიანი, სამეკლესიიანი და გუმბათოვანი ტაძრების კომპოზიციები. ცნობილია ამავე მახასიათებლების მქონე კლდეში ნაკვეთი ეკლესიები, რაც საერთო ჯამში, ტიპისა თუ მოტივის უკიდურესად ფართო გავრცელებაზე მიუთუთებს ქართულ სატაძრო ხუროთმოძღვრებაში.
წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილი იქნება უშუალოდ სოფელ ზენდიდში არსებული დარბაზული ეკლესიის არქიტექტურული კვლევა, არქეოლოგიური გათხრების მონაცემების ანალიზი, ისტორიული მიმოხილვა და ძეგლის კომპარატივისტული კვლევა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება, როგორც ნაგებობის გეგმარებითი რაოგვარობა, ისე მისი შესაძლო აშენების თარიღი.
საკვანძო სიტყვები: ზენდიდის ეკლესია; დარბაზული ეკლესია; მართკუთხა საკურთხეველი; ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება; შუა საუკუნეების არქიტექტურა.