კავკასიის უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
ასოცირებული პროფესორი
კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
თბილისი/საქართველო
ekakiknadze@yahoo.com
აბსტრაქტი
მოხსენების მიზანია გააანალიზოს, თუ როგორ გარდაიქმნა კავკასიის მეფისნაცვლის, მიხაილ ვორონცოვის მმართველობა (1845-1854) ისტორიული გამოცდილებიდან კულტურულ მითად. მოხსენების ცენტრალური არგუმენტია, რომ ვორონცოვის ეპოქის წარმოდგენა „ოქროს ხანად“ არა იმდენად ობიექტურ ისტორიულ შეფასებას, რამდენადაც მიზანმიმართული მეხსიერების პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს, პოლიტიკისა, რომელმაც კოლონიური მმართველობა ცივილიზაციური პროგრესის იდეას დაუკავშირა. ამდენად, კვლევა მოიცავს არა მხოლოდ ვორონცოვის კულტურულ პოლიტიკას, არამედ იმ დისკურსულ და ინსტიტუციურ პროცესებსაც, რომლებმაც მისი მმართველობა ისტორიულ მითად აქცია და გრძელვადიანი სიმბოლური მეხსიერება შექმნა. კვლევა ეფუძნება კულტურული მეხსიერების, კოლონიური მმართველობისა და „აქტიური დავიწყების“ თეორიულ ჩარჩოებს. მეთოდოლოგიურად ის ეყრდნობა მეხსიერების ფორმირების ეტაპებისა და დისკურსის ანალიზს, რაც საშუალებას იძლევა გაანალიზდეს, როგორ კონსტრუირდება ისტორიული ფიგურა ინსტიტუციურ და კულტურულ სივრცეებში. პირველადი წყაროები მოიცავს მე-19 საუკუნის ქართულ პერიოდიკას და პუბლიკაციებს და საარქივო მასალას. ემპირიულ დონეზე მოხსენება აანალიზებს ვორონცოვის მმართველობის სამ ურთიერთდამაკავშირებელ განზომილებას. პირველი - ადმინისტრაციული და ურბანული გარდაქმენი: თბილისის ევროპეიზაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები და ქალაქის სივრცის სიმბოლური რეორგანიზაცია, რომლებმაც ხელშესახები ფორმა შესძინეს იმპერიული „ცივილიზაციური მისიის“ ნარატივს; მეორე - კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივები: პრესის განვითარება, სასწავლო დაწესებულებების ქსელის გაფართოება და ევროპული კულტურული ფორმების გავრცელება, რომლებიც სოციალური ინტეგრაციისა და სიმბოლური ჰეგემონიის მექანიზმებად მოქმედებდა; მესამე - „აქტიური დავიწყების“ პოლიტიკა: მოხსენებაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ვორონცოვის ადმინისტრაციის პერიოდში 1832 წლის შეთქმულების პოლიტიკური რადიკალიზმმა თანდათან მეხსიერების პერიფერიაზე გადაინაცვლა და ლოიალისტური კულტურული ავტონომიის ილუზიით ჩანაცვლდა, წინააღმდეგობის ისტორია კი იმპერიული წესრიგის ლეგიტიმაციის ენით გადაიწერა. სწორედ ამ სამი მექანიზმის თანხვედრამ განაპირობა ვორონცოვის მითოლოგიზაცია: მმართველი, რომელმაც ქალაქები განავითარა, სამეცნიერო, კულტურული და საინფორმაციო ინფრასტრუქტურა ჩამოაყალიბა, მარტივად გარდაიქმნა პროგრესსა და მოდერნულობასთან გაიგივებულ სიმბოლოდ და არა კოლონიური ძალაუფლების გამტარებლად. ქართული ელიტა, რომელიც ამ კულტურულ სივრცეში მოქმედებდა, ხშირად, საკუთარი კულტურული ინტერესების განხორციელების პროცესშიც კი, იმპერიული ლეგიტიმაციის თანამონაწილე ხდებოდა. ამ თვალსაზრისით, ვორონცოვის მითი აღმოჩნდა მდგრადი და გრძელვადიანი - მის ადმინისტრაციაზე გაცილებით გამძლე. ვორონცოვის ფიგურა ავლენს იმპერიული ძალაუფლების იმ ფორმას, რომელიც პირდაპირ რეპრესიაზე მეტად კულტურულ მფარველობას, ინსტიტუციურ ინტეგრაციასა და მეხსიერების მართვას ეფუძნებოდა - მმართველისა, რომელმაც მოახერხა არა მხოლოდ ტერიტორიის, არამედ ისტორიული დროისა და კოლექტიური მეხსიერების კოლონიზაციაც.