კულტურული მემკვიდრეობის კვლევით ორგანიზაცია ააიპ. "დრო და მემკვიდრეობა"

თავმჯდომარე

კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

თბილისი/საქართველო

deagunia@yahoo.com


აბსტრაქტი

შესავალი ჯავახეთის რეგიონის გული ტბა ფარავნის გარშემო იშლება. ეს არის საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და, ამავდროულად, განსაკუთრებული სულიერი ატმოსფეროთი გაჟღენთილი სივრცე. ამ გარემოს საკრალურობის აღქმას კიდევ უფრო ამძაფრებს ისტორიული ფაქტი, რომ სწორედ აქედან იწყება წმინდა ნინოს მიერ საქართველოში ქრისტიანობის ქადაგების გზა. ფარავნის ტბის აუზს რამდენიმე ისტორიული სოფელი შემოფარგლავს: ფარავანი, ფოკა, ვლადიმიროვკა (მახარონი), ასფარა და ხულგუმო (ტამბოვკა). ეს ტერიტორია პრეისტორიული პერიოდიდან მოყოლებული მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის მრავალშრიანი ნაშთებით. უკანასკნელ წლებში აქ განახლდა არქეოლოგიური ექსპედიციები (ხელმძღვანელი ნინო პატარიძე), რომელთა შედეგადაც შესწავლილ იქნა ხულგუმოში არსებული ყორღანული სამარხი, ხოლო საკონტროლო ჭრილებით დადასტურდა შუა საუკუნეების ნასახლარები. ასევე დაზვერვითი ექსპედიციები განხორციელდა ისტორიული მახარონის არეალში, სადაც აეროგადაღებისა და საკონტროლო თხრილების საშუალებით გამოვლინდა შუა საუკუნეების ნასახლარებისა და ციკლოპური ციხის ნაშთები. კვლევის მიზანი და მეთოდოლოგია წინამდებარე მოხსენების მიზანს წარმოადგენს ფარავნის ტბის აუზის ახლადგამოვლენილი არტეფაქტებისა და შუა საუკუნეების ძეგლების როგორც ისტორიული მნიშვნელობის წარმოჩენა, ისე ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასება და სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა. კვლევა კომპლექსურია და ეფუძნება ისტორიულ წყაროებს, სამეცნიერო ლიტერატურას, საველე დაკვირვებებსა და ძეგლების ვიზუალურ ანალიზს. ზემოთ დასახელებულ სოფლებში შემორჩენილია X-XIV საუკუნეების ჯავახური ხუროთმოძღვრული სკოლისათვის დამახასიათებელი დარბაზული ეკლესიები — თავიანთი ორნამენტული მოტივებით გამშვენებული არქიტექტურული დეტალებით, სარკმელთა თავსართებითა, თუ ბალავრის ქვებით. განსაკუთრებულ სამეცნიერო ინტერესს იწვევს სოფელ ფარავანში შემორჩენილი, საკმაოდ მოზრდილი ქარვასლის ნაშთები. საუკუნეების განმავლობაში ჯავახეთის რეგიონი წამყვან როლს ასრულებდა როგორც სამეურნეო, ისე სავაჭრო-კულტურულ ურთიერთობათა ერთიან სისტემაში. სოფელი ფარავნის, ახალქალაქისა და ზურტაკეტის ქარვასლები თვალსაჩინოდ აცოცხლებენ შუა საუკუნეების ეკონომიკურ ცხოვრებას, რის გამოც მათი კონსერვაცია-რეაბილიტაცია უაღრესად აქტუალური ამოცანაა. დაუშვებელია რეგიონს გააჩნდეს მსგავსი მასშტაბის კულტურული ფასეულობის ძეგლები და მათი მდგომარეობა სავალალო იყოს. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუწყო ხელი სოფელი ფოკის გაძლიერებასა და გამოცოცხლებას უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლის — XI საუკუნის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციამ. ამ დარბაზული ტაძრის მდგომარეობა 2001 წლისთვის უაღრესად მძიმე იყო, თუმცა მისი სრული რესტავრაცია (ქალბატონი თამარ ნემსაძის ხელმძღვანელობით) წარმატებით განხორციელდა. დღესდღეობით ფოკის დედათა მონასტერი, მონაზონთა დაუღალავი შრომის შედეგად, მომლოცველთა და ტურისტთა აქტიურ მიზიდულობის ცენტრად იქცა. სამწუხაროდ, მსგავსი ტენდენცია არ შეინიშნება ზემოთ ჩამოთვლილ სხვა სოფლებში. რომ არა ფარავნის ტბის მიდამოებში პერიოდულად წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოები, ადგილობრივ მოსახლეობასაც კი არ ექნებოდა შესაძლებლობა, სრულფასოვნად გაეაზრებინა მიმდებარე ტერიტორიის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა. დასკვნა რეგიონული განვითარება სახელმწიფოს პრიორიტეტულ სტრატეგიას წარმოადგენს, ამ პროცესში კი უპირველესი მნიშვნელობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოვლენას, დაცვასა და რეაბილიტაციას ენიჭება. მსგავსი კომპლექსური მიდგომა მნიშვნელოვნად გაზრდის ჯავახეთის რეგიონის ტურისტულ-ეკონომიკურ პოტენციალს და უზრუნველყოფს ადგილობრივი სოფლების სისტემურ, გრძელვადიან განვითარებას.


საკვანძო სიტყვები: ჯავახეთი; შუა საუკუნეები; ხუროთმოძღვრება.