კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი
ისტორიის მიმართულება
Email: david.tinikashvili@gmail.com
აბსტრაქტი
აღმოსავლეთში რომის კათოლიკური ეკლესიისგან გამიჯვნა, როგორც წესი, საეკლესიო კრებების გზით აღესრულებოდა. მაგ., ლათინებთან მტკიცე საზღვარი ფორმალური საკრებო განჩინებებით გაავლო კონსტანტინეპოლმა (1484 და 1755 წლების კრებებით) და მოსკოვმა (1621 წლის კრებით). მაგრამ საქართველო, ამ მხრივ, გამორჩეულია: არცერთ ქართულ საეკლესიო კრებას არ დაუგმია ლათინური ეკლესია ან რომთან უნიონისტური მცდელობები. სწორედ ეს საკრებო დუმილი წარმოადგენს მოხსენების საკვლევ საგანს.
აღნიშნული საკრებო დუმილი მხოლოდ წყაროთა სიმწირით ან ისტორიული შემთხვევითობით ვერ აიხსნება, რადგან მას პოზიტიური მტკიცებულებებიც ახლავს, მაგ., ლათინური ქრისტიანობისადმი ღიაობის ნიშნები წმინდა გიორგი მთაწმინდელისა და წმინდა არსენ იყალთოელის თეოლოგიურ მემკვიდრეობაში, ქართველ მეფეთა მფარველობა ევროპიდან ჩამოსული კათოლიკე მისიონერებისადმი, კეთილგანწყობილი მიმოწერა ევროპელ მონარქებთან, რომის კურიასთან და ქართველთა მოკავშირეობის ფაქტები ლათინ ჯვაროსნებთან.
აღსანიშნავია, რომ ლათინთა ხსენებული არდაგმობა ზეწოლის პირობებშიც შენარჩუნდა. თავად მისიონერთა მოწმობით, ანტილათინური განწყობების გაღვივებას საქართველოში მართლმადიდებელი რუსები, სომხები და ბერძნები ცდილობდნენ, მაგრამ ქართულ ეკლესიას ამ აგიტაციისთვის საკრებო დონეზე პასუხი არასოდეს გაუცია, არც დადებითი და არც უარყოფითი. საქმე გვაქვს არა ინერტულ სიჩუმესთან, არამედ ზეწოლის ქვეშ შენარჩუნებულ მდგრად საკრებო დუმილთან.
ერთადერთი მოჩვენებითი გამონაკლისი 1755 წლის კრებაა, რომელმაც კათოლიკობის მიღების გამო კათალიკოს-პატრიარქი ანტონ I დაგმო. სინამდვილეში ეს კრება წესს ამტკიცებს: იგი მოწვეულ იქნა ad personam და არა ლათინური მოძღვრების აპრიორი დასაგმობად. ამასთან, დაინტერესებული დაჯგუფების ინტრიგის შედეგი მალევე გაბათილდა. ერეკლე II-ის მეფობისას ანტონი დაუბრუნდა კათალიკოსის ტახტს, ხოლო მოწვეულმა საეკლესიო კრებამ შემდეგ თავად ეს ანტიკათოლიკური დაჯგუფება განკვეთა.
მეთოდოლოგიურად მოხსენება ერიდება ინტენციონალისტურ მტკიცებას, თითქოს დუმილი ვინმემ „აირჩია“. ნაცვლად ამისა, გამოყენებულია რობერტ მერტონის ლატენტური ფუნქციის ცნება, რომელიც მოვლენის რეალური, დაკვირვებადი შედეგების ანალიზის საშუალებას იძლევა განზრახვის დაშვების გარეშე. ამ ჭრილში დუმილი ერთდროულად სამ ფუნქციას ასრულებდა: ღიად ინარჩუნებდა დიპლომატიურ არხს დასავლეთთან დოგმატური ვალდებულებების გარეშე, იცავდა საქართველოს ეკლესიის შიდა ერთიანობას და მოქნილობის საშუალებას ტოვებდა რიტუალურ დონეზე. საკრებო დუმილისა და პრო-ლათინური სიმპათიების ეს ერთობლიობა ყველაზე ზუსტად აღიწერება ცნებით „მოლაპარაკებითი მართლმადიდებლობა“ (negotiated orthodoxy) — კონფესიური თანაარსებობის მოდელი, რომელშიც საზღვარი ოფიციალურად განუსაზღვრელი და სწორედ ამიტომ მოლაპარაკებადი რჩება.
საკვანძო სიტყვები: მართლმადიდებელი საქართველო; რომის კათოლიკური ეკლესია; საკრებო დუმილი; მოლაპარაკებითი მართლმადიდებლობა; კონფესიური ურთიერთობები.