ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი

ასისტენტ-მკვლევარი

თეოლოგია,ფილოსოფია 

დოქტორანტი 

თბილისი/საქართველო 

ana.lomadze.2@iliauni.edu.ge


აბსტრაქტი

XVIII საუკუნეში ფილიპე ყაითმაზაშვილმა და დოსითეოზ ნეკრესელმა სომხურიდან ქართულად თარგმნეს არისტოტელეს De interpretatione-ს კომენტარი, რომლის ავტორადაც მთარგმნელები დავით უძლეველს ასახელებენ. აღნიშნული თარგმანის სომხურ ხელნაწერებთან შედარების შედეგად, მაია რაფავამ დაადგინა, რომ სინამდვილეში ეს თხზულება წარმოადგენს XIV საუკუნის სომხური ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოღვაწის, იოანე ვოროტნელის სალექციო კურსის საფუძველზე შედგენილ ტექსტს. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ვოროტნელი თბილისშიც ყოფილა, სომხეთსა და საქართველოში იმჟამად მყოფ ლათინ მისიონერებთან თეოლოგიური დებატების გასამართად. ვოროტნელმა აქ გაიცნო თავისი მომავალი მოწაფე, ეთნიკურად სომეხი, მაგრამ ზოგიერთი წყაროს მიხედვით, თმოგვში დაბადებული გრიგოლ ტათეველი. ბიჭი მან თან წაიყვანა სომხეთში, აღსაზრდელად. ვოროტნელის მიერ De interpretatione-ს შესახებ ლექციებისას გაკეთებული განმარტებები სწორედ ტათეველმა (შემდგომ სომხური ფილოსოფიის ცენტრალურმა ფიგურამ) დაარედაქტირა. XVIII საუკუნეში, როცა საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, ქვეყანაში იმატა ფილოსოფიური ლიტერატურისადმი ინტერესმა. უფრო პლატონურ-ნეოპლატონური გავლენების მქონე ქართული ფილოსოფიური დისკურსისათვის საინტერესო აღმოჩნდა ის მრავლასაუკუნოვანი არისტოტელური რეცეფცია, რომელიც სომხურ ტრადიციაში არსებობდა. სწორედ ამ დროს თარგმნიან De interpretatione-ს კომენტარს, იმ ორი მნიშვნელოვანი სომეხი ფილოსოფოსის კოლაბორაციის შედეგს, რომლებიც საქართველოში შეხვდნენ ერთმანეთს. ტათეველი ვოროტნელმა საქართველოდან სომხეთში წაიყვანა, რათა მისთვის განათლება მიეცა. მათ მიერ შექმნილი ტექსტი კი ოთხი საუკუნის შემდგომ ქართულად ითარგმნა, სავარაუდოდ, როგორც ახალგახსნილი თბილისისა და თელავის სემინარიების სასწავლო მასალაც. De interpretatione არისტოტელეს ლოგიკური კორპუსის ერთ-ერთი წიგნია. აღნიშნული ტექსტის გარდა, ამავე საუკუნეში ქართულად ითარგმნა არისტოტელური ტრადიციის სხვა ლოგიკური შრომები და მათზე დაწერილი კომენტარები. რატომ მაინცდამაინც ლოგიკა (და არა მაგ. მეტაფიზიკა, ფიზიკა)? სავარაუდოდ, ამ თარგმანების მიზანი (რომელთა უმეტესობის თარგმნაში თავად მთარგმნელისა თუ დამკვეთის როლს, ერთი პიროვნება, ანტონ I ასრულებს) იყო დასავლური, ანტიკურ-სქოლასტიკური მოდელის დამკვიდრების მცდელობა. ამ მოდელის მიხედვით, ფილოსოფიის შესწავლა სწორედ ლოგიკით უნდა დაიწყოს. სწორედ ამ მოდელით ხელმძღვანელობდნენ ვოროტნელი და ტათველი. და, სავარაუდოდ, სწორედ ეს მოდელი იყო გათვალისწინებული XVIII საუკუნის ქართული განმანათლებლობის რეფორმის ფარგლებშიც. არისტოტელური ტრადიციის თანახმად, ლოგიკა იგივე „აზროვნების იარაღია“: ერთგვარი წინაპირობა ნებისმიერ მეცნიერებაში შესასვლელად. De interpretatione, მისი ლოგიკური კორპუსის მეორე წიგნი, ეძღვნება ისეთ საკითხებს, როგორიცაა დებულება, მისი ელემენტები, ენა-აზროვნება-სამყაროს ურთიერთმიმართება, ლოგიკური დეტერმინიზმი. მოხსენებაში ისტორიული ნაწილის მიმოხილვის შემდგომ ნაჩვენები იქნება, თუ როგორ კომენტირებენ სომეხი ფილოსოფოსები აღნიშნულ საკითხებს და შესაბამისად, რა ტიპის არისტოტელური რეცეფცია დამკვიდრდა შემდგომ XVIII საუკუნის საქართველოში.


Keywords

ქართულ-სომხური ურთიერთობები, არისტოტელე, De interpretatione, გრიგოლ ტათეველი, იოანე ვოროტნელი, ანტონ I