კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
დოქტორი
თბილისი/საქართველო
აბსტრაქტი
ართული ხელნაწერი მემკვიდრეობა, განსაკუთრებით სამედიცინო და რეცეპტული ტექსტები, მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს იმის შესასწავლად, თუ როგორ იყო მცენარეებთან დაკავშირებული ცოდნა ჩართული ყოველდღიურ ცხოვრებაში, სამკურნალო პრაქტიკებსა და სხეულის მოვლის კულტურაში.
წინამდებარე მოხსენება ეყრდნობა კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში განხორციელებული კვლევითი პროექტების ფარგლებში გამოვლენილ მასალას და განიხილავს მცენარეთა როლს ქართული ხელნაწერი კულტურის კონტექსტში კულტურულ-ისტორიული პერსპექტივიდან. კვლევის მიზანია აჩვენოს, თუ როგორ არის მცენარეები ჩართული ყოველდღიურ პრაქტიკებში და როგორ აისახება მცენარეთა დამუშავებასთან დაკავშირებული ცოდნა XVII–XVIII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში.
ამ კონტექსტში განხილულია XVIII საუკუნის კარაბადინი S 1122ბ, რომლის მეორე ნაწილი შეიცავს მცენარეული ზეთების დამზადების რეცეპტებს ბაბუნაჯის (გვირილა), იასამნის, იის, ვარდის, ლილიფარის (Helianthus annuus) და სხვა მცენარეთა საფუძველზე. ტექსტის ანალიზი ცხადყოფს, რომ სხვადასხვა მცენარის შემთხვევაში გამოყენებულია ერთიანი ტექნოლოგიური სქემა: მცენარეული მასალის ნუშის ზეთში დამუშავება, მზეზე დაყენება და შემდგომი მექანიკური დამუშავება, რაც უზრუნველყოფს არომატული ზეთის მიღებას. აღნიშნული რეცეპტები ასახავს არა მხოლოდ სამედიცინო ან საყოფაცხოვრებო გამოცდილებას, არამედ ცოდნის სტანდარტიზებულ, გადაცემად და პრაქტიკაზე დაფუძნებულ ფორმას, რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც ადრეული ქიმიურ-ტექნოლოგიური ცოდნის გამოვლინება. ექსტრაქციის ერთიანი მოდელის არსებობა მიუთითებს პროცესების გააზრებულ ორგანიზებასა და ცოდნის კოდიფიკაციაზე. კვლევა ყურადღებას ამახვილებს ასევე არომატული ზეთების კულტურულ ფუნქციასა და გამოყენების კონტექსტზე.
მცენარეებისა და მათგან მიღებული პროდუქტების გამოყენება გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავიაზროთ ცოდნის სხვადასხვა ფორმის, პრაქტიკისა და კულტურის ურთიერთმიმართება გვიანი შუა საუკუნეების ქართულ საზოგადოებაში, მათ შორის — ქიმიურ-ტექნოლოგიური ცოდნის კულტურული განზომილებები.
საკვანძო სიტყვები: ქართული ხელნაწერები; კარაბადინი; მცენარეული ზეთები; ყოველდღიური პრაქტიკები; ქიმიურ-ტექნოლოგიური ცოდნა; ქიმიის ისტორია; კულტურის ისტორია