ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოწვეული ლექტორი
სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია
დოქტორანტი
თბილისი/საქართველო
valerilokhishvili03@gmail.com
აბსტრაქტი
2008 წლის აგვისტოს ომი თანამედროვე ქართული პოლიტიკური და კულტურული გამოცდილების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტრავმულ მოვლენას წარმოადგენს. აღნიშნული მოხსენება მიზნად ისახავს აგვისტოს ომის გააზრებას არა მხოლოდ როგორც სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტისა, არამედ როგორც ტრავმული მოვლენისა, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქართული ეროვნული იდენტობის, კოლექტიური მეხსიერებისა და პოლიტიკური ნარატივების ფორმირებაზე. მოხსენება დაეფუძნება ფსიქოანალიტიკურ თეორიას, განსაკუთრებით კი ჟაკ ლაკანისა და სლავოი ჟიჟეკის კონცეპტუალურ ჩარჩოებს. ლაკანის მიხედვით, ტრავმა დაკავშირებულია „რეალურის“ შემოჭრასთან იმგვარ გამოცდილებასთან, რომელიც ვერ თავსდება უკვე არსებულ სიმბოლურ წესრიგში და არღვევს სუბიექტის სტაბილურ იდენტობას. ამ პერსპექტივიდან, აგვისტოს ომი შეიძლება განვიხილოთ როგორც მოვლენა, რომელმაც დაარღვია პოსტსაბჭოთა ქართული პოლიტიკური თვითაღქმის სტრუქტურა და წარმოშვა ეროვნული ნარატივების რესტრუქტურაციის აუცილებლობა. მოხსენების ერთ-ერთი მთავარი თეზისი იქნება, რომ აგვისტოს ომის შედეგად მიღებული ტრავმა ქართულ საზოგადოებაში ბოლომდე ვერ დარეგისტრირდა სიმბოლურ წესრიგში როგორც დანაკარგი. ტრავმული გამოცდილება დარჩა ნაწილობრივ გამოუთქმელი და გადაუმუშავებელი, რის გამოც იგი კვლავაც ბრუნდება პოლიტიკური, კულტურული და მედიადისკურსის სხვადასხვა ფორმებში. ლაკანიანური გაგებით, სწორედ ეს დაურეგისტრირებელი დანაკარგი ქმნის ტრავმული განმეორების შესაძლებლობას, როდესაც საზოგადოება მუდმივად უბრუნდება იმ მოვლენას, რომლის სრულ სიმბოლიზაციასაც ვერ ახერხებს. ამავე დროს, ჟიჟეკის თეორიული მიდგომა საშუალებას იძლევა, ომი გავაანალიზოთ როგორც იდეოლოგიური სიმპტომი — მოვლენა, რომელიც ავლენს პოლიტიკური და სოციალური წესრიგის შიდა წინააღმდეგობებს. ომის შემდგომ ქართულ საჯარო სივრცეში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ტრავმის, დაკარგვის, საფრთხისა და ეროვნული ერთიანობის თემებმა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ახალი პოლიტიკური და კულტურული თვითიდენტიფიკაციის ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმასაც, თუ როგორ ხდება ტრავმის ინსტიტუციონალიზაცია მეხსიერების პოლიტიკის, მედიისა და სახელმწიფოებრივი ნარატივების მეშვეობით. ამდენად, ომის მეხსიერება არ ფუნქციონირებს მხოლოდ როგორც წარსულის გახსენება; იგი აქტიურად მონაწილეობს აწმყოს პოლიტიკური და კულტურული რეალობის კონსტრუირებაში. მოხსენებაში გაანალიზდება, თუ როგორ იქცა აგვისტოს ომის გამოცდილება თანამედროვე ქართული კოლექტიური მეხსიერების ცენტრალურ ელემენტად და როგორ აისახა იგი მედიადისკურსში, საზოგადოებრივ ნარატივებსა და ეროვნული იდენტობის ფორმირების პროცესში. მოხსენების მიზანია აჩვენოს, რომ ტრავმა არა მხოლოდ დესტრუქციული, არამედ იდენტობის გარდამქმნელი ძალაც შეიძლება იყოს, თუმცა მისი გადაუმუშავებლობა საზოგადოებრივ სივრცეში მუდმივი სიმპტომური დაძაბულობის წყაროდ რჩება. ამდენად, საქართველოში აგვისტოს ომის საკითხი სცდება წმინდად პოლიტიკურ განზომილებას და ეროვნული იდენტობის რესტრუქტურირების ტრავმულ და ენიგმატურ ბირთვად წარმოგვიდგება.