თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

თბილისი, საქართველო

Marina.puturidze@tsu.ge

 

აბსტრაქტი

 

შუა ბრინჯაოს ხანის განვითარებული ეტაპის თრიალეთის კულტურის სოციალური ბუნების საკითხი სიღრმისეულად ნაკლებად ნაკვლევ საკითხად განიხილება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საზოგადოების სოციალური სტრატიფიკაციის პროცესი უკვე ღრმად და შორს წასულია და იკვეთება ელიტისა და დოვლათის ძირითად მწარმოებელთა ანუ რიგით მეთემეთა ფენები. ამჯერად შევეცდებით არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე ჩავწვდეთ თრიალეთელთა სოციალური სტრუქტურის პრობლემას მეტი დეტალიზაციის თვალთახედვით და გავარკვიოთ კონკრეტულად რა საქმიანობით დაკავებულ მოსახლეობას ეკავა ადგილი მის სოციუმში.

საზოგადოების სოციალურ სტრატიფიკაციაზე ყველაზე უკეთ, როგორც ცნობილია, სამარხეული ძეგლები მეტყველებენ, რომლებიც ცხადყოფენ, რომ თრიალეთური საზოგადოება აშკარად რთული სტრუქტურიზაციის მქონეა. ამის მაჩვენებელია ყორღანთა კონსტრუქცია, დაკრძალვის რთული რიტუალი და განსაკუთრებით მრავალფეროვანი არტეფაქტები. არქეოლოგიური კონტექსტი აშკარად მიუთითებს საზოგადოების იერარქიზაციის რთულ სურათზე, რომელიც მოიცავს: ბელადსა და მასთან ახლოს მდგომ ელიტურ ფენას, სოციალურთან ერთად უკვე ქონებრივადაც მკაფიოდ პრივილეგირებულს. მათში მოიაზრება საერო (მმართველი) და რელიგიურ-საკულტო (ქურუმები) სფეროში დაკავებულნი. იერარქიის სათავეში მყოფი ამ კატეგორიის გარდა არსებობს ეკონომიკური დოვლათის მწარმოებელთა ფართო ფენა: მესაქონლე და მიწათმოქმედი  მოსახლეობა. თრიალეთის კულტურის სხვადასხვაგვარი არტეფაქტები ცხადს ხდიან ხელოსნობის სხვადასხვა დარგში დასაქმებულთა არსებობასაც, რომელშიც შესაძლებელია დიფერენცირდეს შემდეგი კვალიფიკაციის მქონე ჯგუფები: სამშენებლო საქმესა და ხითხუროობაში სპეციალიზებული ხელოსნები; აშკარად ცალკე  გამოყოფილი ჩანან ლითონმწარმოებლები, რომლებიც იარაღის წარმოებასთან ერთად, ცხადია, ლითონის რესურსების მოპოვებითა და გადამუშავებითაც იყვნენ დაკავებულნი. უმაღლეს საფეხურზეა განვითარებული მეთუნეობა, რასაც დახვეწილი და ნატიფად შემკული კერამიკა ცხადყოფს. აშკარად ცალკე მიმართულებადაა დიფერენცირებული მხატვრული ხელოსნობა, რომელიც ამ საქმეში კვალიფიცირებულ ხელოსან-ოქრომჭედელთა არსებობაზე მეტყველებს. ეს ფაქტი  უტყუარად დასტურდება ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ტორევტიკისა და სამკაულის მრავალფეროვნი ნიმუშებით. ამასთან, საყდრისის ოქროს საბადოს გათხრებმა უჩვენა, რომ ჯერ კიდევ ადრე ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურის საფეხურზე ხდებოდა ოქროს საბადოს სამთამადნო მოპოვება და გადამუშავება, რომელზე მოთხოვნაც, როგორც ჩანს, ანატოლიური კულტურის საზოგადოებას გააჩნდა. შუა ბრინჯაოს ხანის სრულიად დასაწყის ეტაპზე, როცა ოქრომჭედლობის პირველი ნაწარმი ჩნდება და, მით უფრო, თრიალეთის კულტურის ეტაპზე, როცა ის საგრძნობლად მრავალფეროვანდება, ცხადია, რესურზე მოთხოვნა გაიზრდებოდა, რაც ამ სფეროში დახელოვნებული ხელოსნების არსებობას გვაგულისხმებინებს. ადგილობრივი და უცხო ნაწარმის გავრცელება-გასაღებას ემსახურებოდა ვაჭართა ფენა, რაც  სამხრეთ კავკასიის ადრე და შუა ბრინჯაოს ხანების საზოგადოებებში ამ საქმიანობით დაკავებული ცალკე სუბსტრატის არსებობაზე მიუთითებს.

თრიალეთური ტორევტიკის ნაწარმში აშკარად მკვიდრდება წინააზიური მხატვრულ-სტილისტური ტენდენციები და მოწინავე ტექნიკური ხერხების გაზიარება-ათვისების შემთხვევები,  რაც მიგვანიშნებს, რომ არსებობდა ე.წ. „მოხეტიალე ხელოსანთა“ ფენა, რომლებიც იმ ეპოქის მოწინავე კულტურული ტრადიციების ადაპტირებითა და  ლოკალურ კულტურაში დანერგვით იყვნენ დაინტერესებულნი. ამასთან, თრიალეთის საზოგადოებაში უდავოდ არსებობდა ის ჯგუფი, რომლის ფუნქციასაც ცალკეულ დარგებში  შექმნილი ხელოსნური ნაწარმისა და, მით უფრო, დოვლათის მწარმოებელ მეთემეთა პროდუქციის თავმოყრა, ადმინისტრირება და ელიტური ფენის მისით უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ამდენად, ყველა აღნიშნული დარგის უდავო დიფერენცირება გულისხმობს თრიალეთური საზოგადოების ღრმა სოციალურ სტრატიფიკაციას და ზემოაღნიშნულ სფეროებში სოციუმის სხვადასხვა ფენების ინტეგრირებას.

 

საკვანძო სიტყვები: შუა ბრინჯაოს ხანა, საზოგადოების სტრატიფიკაცია, სოციალური მარკერი.