გალაკტიონ ტაბიძის 1919 წლის კრებული „არტისტული ყვავილები“ წარმოადგენს ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთ ცენტრალურ ტექსტს, რომელშიც მკაფიოდ იკვეთება ევროპული, განსაკუთრებით ფრანგული სიმბოლიზმის ინტერტექსტური გავლენა და კულტურული რეცეფცია. კრებული არა მხოლოდ ესთეტიკური ექსპერიმენტია, არამედ კულტურული დიალოგის სივრცე, სადაც ქართული პოეზია მსოფლიო ლიტერატურულ სისტემასთან ერთიანდება. ევროპული სიმბოლიზმის ესთეტიკური კოდი კრებულში უკვე სათაურისა და პროგრამული ეპიგრაფების დონეზეა გამოკვეთილი. ფრანგულენოვანი სათაური (CRANE AUX FLEURS ARTISTIQUES) და შარლ ბოდლერის, თეოფილ გოტიეს, პოლ ვერლენისა და ანრი დე რენიეს ციტატები ქმნის ინტერტექსტურ ჩარჩოს, სადაც მელანქოლია, მუსიკალურობა და ფერის სიმბოლიკა („ვარდისფერი და შავი“) დომინანტურ მხატვრულ პრინციპებად ყალიბდება. ამ კონტექსტში პოლ ვერლენი გალაკტიონისთვის იქცევა „დაღუპულ მამად“, ხოლო პარიზი - სულიერი ორიენტაციის ცენტრად. კრებულის მნიშვნელოვანი განზომილებას ქმნის ედგარ ალან პოს რეცეფცია, რომელიც გალაკტიონის ტექსტებში „შავი პოეზიის“ მისტიკურ მოდელად ტრანსფორმირდება. პოსგან მომდინარე სახეები - ლენორა და ყორანი - ქმნის ინტერტექსტურ ხიდს რეალობასა და მისტიკურ გამოცდილებას შორის და ამყარებს ევროპული მოდერნიზმის ტრაგიკულ-ფილოსოფიურ ტონს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერმედიალური დიალოგი ფერწერასა და მუსიკასთან. კრებულში გვხვდება ბოტიჩელი, გოია, მოზარტი და სხვა ევროპელი ხელოვანები. ეს ინტერტექსტური ქსელი აფართოებს პოეტური ტექსტის საზღვრებს და მას ვიზუალურ-ხმოვან სივრცედ გარდაქმნის. „არტისტულ ყვავილებში“ ასევე ვლინდება არისტოკრატიული ესთეტიზმისა და დეკადენტური კულტურის მოდელი, რომელიც ვერსალის, ტრიანონისა და მარიამ ანტუანეტას სიმბოლიკით არის წარმოდგენილი. ამავე სივრცეში დენდიზმი და ესთეტური ინდივიდუალიზმი უახლოვდება ევროპულ მოდერნისტულ თვითგამოხატვას. მიუხედავად ძლიერი ევროპული ორიენტაციისა, კრებული ინარჩუნებს ქართულ კულტურულ საფუძველს. რუსთაველის, მცხეთისა და მთაწმინდის სახეები, ასევე ქართული ისტორიული და რელიგიური სივრცეები, ინტეგრირდება ევროპულ კონტექსტში და ქმნის უნივერსალურისა და ნაციონალურის სინთეზს. ამ გზით გალაკტიონი ქართულ ლირიკას ათავსებს მსოფლიო კულტურულ დიალოგში და აყალიბებს ახალ მოდერნისტულ პოეტურ ენას.