ივანე ჯავახიშვილის თსუ, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
ფილოლოგიის დოქტორი; ლექსიკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
თბილისი/საქართველო
აბსტრაქტი
ტოპონიმი ენობრივი დოკუმენტია. ტოპონიმიის ძირითადი ნაწილი იმ ეთნოსების მიერაა შექმნილი, რომლებიც ისტორიულად ბინადრობდნენ კონკრეტულ ტერიტორიაზე, ამიტომ ტოპონიმები მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ქვეყნის ისტორიის, ბუნებრივი გარემოსა და ტრადიციული კულტურის შესასწავლად.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველოლოგიაში ტოპონიმიას არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა მიეძღვნა, დღეს აქტუალური ჩანს ისეთი მიმართულებების განვითარება, როგორიცაა: (1) ტოპონიმების ანალიზი კულტუროლოგიური პერსპექტივით; (2) შედეგების პრაქტიკული გამოყენება (საგანმანათლებლო, ეკოლოგიის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით); (3) პოპულარიზაცია.
კვლევის მიზანია დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა ტოპონიმიური კვლევების შედეგების ინტეგრირება ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების პროცესში და რა ფორმით.
ამ მიზნით დავიწყეთ მუშაობა პროექტზე ,,ტოპონიმებით დანახული საქართველო“, რომელიც
ერთგვარი ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამაა და გულისხმობს სწავლებას არაფორმალური განათლების მიმართულებით. პროგრამის პირველ ეტაპზე ხორციელდება საინტერესო ტოპონიმების მოძიება და კვლევა, რომელიც ეფუძნება ტოპონიმთა ლინგვისტურ, ლექსიკოგრაფიულ და კულტუროლოგიურ ანალიზს. მიღებული შედეგების გაცნობა და სწავლება წარიმართება პროექტული სწავლების მოდელებით. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ველზე მასალის მოპოვების მეთოდოლოგიის სწავლებას, პრაქტიკულ სამუშაოებსა და ინტერაქტიულ თამაშებს.
მოხსენებაში შევეხებით ერთ-ერთ საკითხს ამ პროექტიდან - „მეხორბლეობის ამსახველი ტოპონიმია საქართველოში“ - და წარმოვადგენთ პრეზენტაციას, სადაც სათანადო მასალა გაანალიზებულია ისტორიულ-ლინგვისტური და ეთნოლინგვისტური მეთოდებით.
პრეზენტაციაში განხილული იქნება ტოპონიმთა სახელდების მოტივაციები, მათი ლინგვისტური ანალიზი და ლექსიკოგრაფიული მონაცემები; საქართველოში გავრცელებული ხორბლის სახეობები, მეხორბლეობის ისტორია და ხალხური ტრადიციები; შემეცნებითი თამაშის („პურმა თქვა, სახელქებულმა“) მოკლე აღწერა და პროექტის ტექნიკური კომპონენტი.
ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ ზოგიერთი ტოპონიმი დღეს აღარ ასახავს ხორბლის ყანების რეალურ არსებობას აღნიშნულ ადგილას, თუმცა ინახავს მნიშვნელოვან ინფორმაციას იქ მისი გავრცელებისა და მოყვანის შესახებ, რასაც ცხადად ადასტურებს ტოპონიმთა ენობრივი ფორმები: ნა-პურ-ალ-ა, ნა-პურ-ვ-ალ-ი, ნა-დიკ-ვ-არ-ი/ა, ნა-ასლ-ევ-ი, ნა-ქობალ-უ (მეგრ.), ნა-მახ-ვ-ან-ი და ა.შ.
პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ციფრული და საველე ინსტრუმენტების გამოყენებას: მოსწავლეები აგროვებენ ფოტო- და ვიდეომასალას, მუშაობენ მიკროსკოპთან და მოძიებულ ტოპონიმებს კულტურულ-ისტორიული აღწერილობებით ციფრულ რუკაზე ათავსებენ.
დასკვნა.
მასალის მოძიებისა და კვლევის შედეგად ნათლად გამოჩნდა, რომ ხორბლისა და ქერის (Triticum, Hordeum) მოყვანა უძველესი დროიდან გავრცელებული იყო ისტორიული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ქართველთა ტრადიციული მეურნეობის საყრდენს წარმოადგენდა, ხოლო შესაბამისი ტოპონიმები ინარჩუნებს ისტორიულ-ეკონომიკური მეხსიერების ფუნქციას მაშინაც კი, როცა რეალური მეურნეობა უკვე გამქრალია.
კვლევის სიახლე მდგომარეობს ტოპონიმიური მასალის ინტეგრირებაში არაფორმალურ განათლებასა და ციფრულ საგანმანათლებლო პრაქტიკებში.
ტოპონიმია წარმოადგენს უნიკალურ საგანმანათლებლო რესურსს, ქმნის ინტერდისციპლინარული სწავლებისა და ცოდნის სახალისო ფორმით ათვისების შესაძლებლობას, ამდენად, ის არა მხოლოდ ისტორიული მეხსიერების მატარებელია, არამედ თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის ღირებული რესურსიც. პროექტ „ტოპონიმებით დანახული საქართველოს“ ფარგლებში ჩატარებულმა მეცადინეობებმა ეს მკაფიოდ წარმოაჩინა, რამაც დაადასტურა ტოპონიმიური მასალის მაღალი საგანმანათლებლო პოტენციალი.
საკვანძო სიტყვები: საქართველოს ტოპონიმია, მეხორბლეობა, მარცვლეული კულტურები, კულტურული მეხსიერება, ეთნოლინგვისტიკა, არაფორმალური განათლება, ციფრული საგანმანათლებლო პრაქტიკები