ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი

nan.pruidze@ug.edu.ge

ORCID: 0009-0003-0358-2974

ისტორიული პერსონაჟი ლიტერატურულ დისკურსში: შამილი აკაკი წერეთლის თვალით

 

აბსტრაქტი

 

სტატია ეძღვნება მეცხრამეტე საუკუნის კავკასიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფიგურის, იმამ შამილის, მხატვრულ რეცეფციას დიდი ქართველი კლასიკოსის, აკაკი წერეთლის, შემოქმედებაში. კვლევის აქტუალობას განაპირობებს ის გარემოება, რომ მწერლის მემკვიდრეობაში შამილის სახე არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი კონკრეტული ჟანრით; იგი კომპლექსურად ვლინდება როგორც პოეზიაში, ისე პროზაულ ნაწარმოებებში, ავტობიოგრაფიულ ტექსტებში, დრამატურგიასა და პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ წერილებში.

აკაკი წერეთლის შემოქმედებით ინტერესებზე დაკვირვება გვარწმუნებს, რომ სრულიად ახალგაზრდა  პოეტი შესანიშნავად ხვდებოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოსთვის კავკასიის ომის შედეგები. აკაკი თანაურძნობდა თავისუფლებისმოყვარე მთიელთა ძალისხმევას, არ დაეშვათ რუსული გავლენის დამყარება თავიანთ სამშობლოში. პოეტისათვის აშკარად მიუღებელი იყო ქართული სამხედრო არისტოკრატიის პოზიცია - მხარი დაეჭირათ რუსეთისათვის და დახმარებოდნენ აჯანყებულთა დამარცხებაში.  სტატიაში გაანალიზებულია, თუ რაგვარად ტრანსფორმირდება ისტორიული პერსონაჟის რეალური სახე  ლიტერატურულ დისკურსში და რა იდეოლოგიურ თუ ესთეტიკურ ფუნქციას იძენს იგი აკაკისეულ ნარატივში. ნაშრომში განხილულია შამილისადმი მიძღვნილი ლექსის ემოციურ-პოეტური სტრუქტურა და პარალელურად შესწავლილია მწერლის პროზაულ თუ დოკუმენტურ ჩანაწერებში არსებული პასაჟები, სადაც ჩრდილოკავკასიელი ლიდერის ფენომენი უფრო ანალიტიკურ ჭრილშია დანახული.

აკაკი წერეთლის ის თხზულებები, რომლებშიც შედარებით მკაფიოდ და არაორაზროვნადაა გამოხატული მისი დამოკიდებულება შამილის მიმართ, პოეტის სიცოცხლეში არასოდეს დაბეჭდილი (მაგ.: ლექსი „შამილის სიზმარი“ და პიესა „არსენა ყაჩაღი“). საყურადღებოა ისიც, რომ ეს თხზულებები იწერება არ მაშინ, როცა შამილი დაუმარცხებელი ლიდერია და ზედიზედ აყენებს უმძიმეს დარტყმებს რუსულ არმიას, არამედ მაშინ, როცა ის უკვე დატყვევებულია  („შამილის სიზმარი“ 1859) და როცა უკვე ერთი წელია გასული კავკასიის ომის საბოლოო დასრულებიდან („არსენა ყაჩაღი“ 1865).  ცნობილია, რომ 1864 წლის 21 მაისს რუსეთს ჯარმა მდინარე მზიმთის სათავეში მთიელთა უკანასკნელი სიმაგრე - კბაადა - აიღო. სწორედ ეს თარიღი ითვლება კავკასიის ომის დასრულების თარიღად.   ეს ომი თითქმის ნახევარი საუკუნე გაგრძელდა (ზუსტად 46 წელი) და რუსეთს გამარჯვება ძალიან ძვირად დაუჯდა. შამილის სახელი, რომელიც ამ დროისათვის ოჯახთან ერთად კალუგაშია გადასახლებული, ჯერ კიდევ იმედს აძლევდა რუსეთის მოწინააღმდეგეებს და, სავარაუდოდ, ახალგაზრდა აკაკი წერეთელიც ამ მიზნით ცდილლობდა გაეაქტიურებინა ეს თემა.

კვლევის პროცესში გამოყენებულია შედარებით-ისტორიული და დისკურს-ანალიზის მეთოდები. ნაჩვენებია, რომ აკაკი წერეთლისთვის შამილი არ არის მხოლოდ ბრძოლის ქრონიკებიდან აღებული ისტორიული ფიგურა; იგი წარმოადგენს ერთგვარ სიმბოლურ კონსტრუქტს, რომლის საშუალებითაც მწერალი ააქტიურებს კავკასიური ერთობის, თავისუფლებისთვის სწრაფვისა და რუსეთის იმპერიულ პოლიტიკასთან დაპირისპირების საკითხებს. ნაშრომი საშუალებას იძლევა, ახლებურად შეფასდეს აკაკი წერეთლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხედვები და მისი ლიტერატურული სტრატეგიები ისტორიული მეხსიერების მხატვრული რეპრეზენტაციის პროცესში.

საკვანძო სიტყვები: აკაკი წერეთელი, იმამ შამილი, ლიტერატურული დისკურსი, პუბლიცისტიკა, რეცეფცია, კავკასიის ისტორია.