აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ასოცირებული პროფესორი
ფილოლოგია
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ქუთაისი/საქართველო
zeikik@yahoo.com
აბსტრაქტი
კავკასიური კონფლიქტების ლიტერატურული რეპრეზენტაცია დღიურის ჟანრში პოსტსაბჭოთა პერიოდში კავკასიის რეგიონი არაერთი სამხედრო კონფლიქტის სივრცედ იქცა. აფხაზეთისა და ჩეჩნეთის ომებმა, ეთნიკურმა და პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა რეგიონის სოციალური და კულტურული მეხსიერება, რაც განსაკუთრებული ინტენსივობით აისახა პირადი ნარატივის ფორმით შექმნილ ტექსტებში, რომლებშიც ისტორიული მოვლენები ინდივიდუალური აღქმისა და თვითმხილველის რაკურსითაა წარმოდგენილი. ამ თვალსაზრისით, დღიური წარმოჩინდება როგორც ომის ამბების რეპრეზენტაციის სპეციფიკური ლიტერატურული ფორმა, რომელიც აერთიანებს დოკუმენტურობას, ემოციურ უშუალობასა და თვითრეფლექსიურ თხრობას. ომის პერიოდში შექმნილი დღიურები ხშირად იქცევა არა მხოლოდ პირადი განცდების გამოხატვის საშუალებად, არამედ ტრავმული რეალობის გადამუშავების ფორმადაც. პირადი ხასიათის ჩანაწერი ამ შემთხვევაში ორი ფუნქციით იტვირთება: ერთი მხრივ, ის არის ინდივიდუალური თვითგამოხატვის სივრცე, ხოლო მეორე მხრივ _ისტორიული გამოცდილების დოკუმენტური წყარო. მოხსენებაში, კვლევის კომპარატივისტული და ნარატოლოგიური მეთოდების საშუალებით, გაანალიზებულია დოკუმენტურ-ეპიკური და მხატვრული ტექსტები: პოლინა ჟერებცოვას ჩეჩნეთის ომის დღიურები, მილანა ტერლოევას „ცეკვა ნანგრევებზე“, უცნობი აფხაზი გოგონას დღიური და თამთა მელაშვილის მცირე რომანი „გათვლა“. ყველა განსახილველ თხზულებას აერთიანებს თხრობის ჰომოდიეგეტური სპეციფიკა, სადაც ამბის ნარატორი თავად წარმოადგენს ომის მოვლენათა მონაწილესა და თვითმხილველს. ჩეჩნეთის ომის ტრაგედია მძაფრადაა ასახული პოლინა ჟერებცოვას დღიურებში; მისი ჩანაწერები გვაჩვენებს დაბომბვის, შიმშილისა და მუდმივი საფრთხის ფონზე მიმდინარე ყოველდღიურ ცხოვრებას მრავალეთნიკურ ქალაქში, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ერთსა და იმავე ტრაგედიას იზიარებენ. იგივე გამოცდილება განსხვავებული პერსპექტივით გვხვდება მილანა ტერლოევას ავტობიოგრაფიულ ტექსტში. მისი ნარატივი უფრო რეფლექსიური ხასიათისაა და ავტორი მოგონებებით უბრუნდება ახალგაზრდობის ტრავმულ გამოცდილებას. ორივე ტექსტი ომის ორი განსხვავებული დროითი პერსპექტივით (დღიურითა და მემუარით) ფიქსაციაა. აფხაზი გოგონას დღიურიც უშუალოდ კონფლიქტის დროს იწერებოდა და მისი ავტორი შეეწირა ომს. პირადი ჩანაწერები ქმნის ომის ისეთ სურათს, რომელიც ხშირად ოფიციალური ისტორიული დოკუმენტების მიღმა რჩება. აქ განსაკუთრებით მძაფრადაა ნაჩვენები ახალგაზრდა ქალის რეაქცია ომის ტრაგედიაზე; თუ, როგორ ფორმირდება მოზარდის სამყაროს ეგზისტენციალური აღქმა კონფლიქტის პირობებში. თამთა მელაშვილის ტექსტი უკვე ლიტერატურული ნარატივის ფორმით გადმოსცემს იმ რეალობას, რომელიც დღიურებში უშუალო პირადი გამოცდილებითაა აღწერილი. მიუხედავად ჟანრობრივი განსხვავებისა, თხზულებაში მკაფიოდ ჩანს ომის გავლენა ახალგაზრდა პერსონაჟების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და სამყაროს ხედვაზე. განსახილველ ტექსტებს შორის არსებული თემატური და ნარატიული მსგავსებები ვლინდება ტრავმული მეხსიერების ფრაგმენტულობაში, ძალადობის ყოველდღიურობის ნაწილად ქცევაში, დევნილობის გამოცდილებაში, ქალის მოწყვლადობასა და ომის პირობებში იდენტობის კრიზისში. მიუხედავად განსხვავებული ეროვნული და კულტურულ-პოლიტიკური კონტექსტებისა, ტექსტებში იკვეთება ერთნაირი ნარატიული მოდელები, რომლებიც ომის საშინელებების სტატისტიკას ზოგადადამიანურ პრიზმაში წარმოადგენს. ომის ტრავმა, ყოველდღიური ცხოვრების დარღვევა და მომავლის გაურკვევლობა ერთიან მტკივნეულ კულტურულ გამოცდილებად ყალიბდება კავკასიის სივრცეში.