ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ისტ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
თბილისი/საქართველო
აბსტრაქტი
როგორც ისტორიიდან ცნობილია, კავკასიის რეგიონი საუკუნეთა მანძილზე ერთ-ერთ მთავარ საბრძოლო ასპარეზს წარმოადგენდა სხვადასხვა ჯურის დამპყრობელთათვის. ამ კუთხით, თავისი მოხერხებული გეო-სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს საქართველო წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, ის მუდამ ცხელ წერტილად მოიაზრებოდა და ნებსით თუ უნებლიეთ, გლობალურ პროცესებში იყო ჩართული, რომელთა დაბალანსება ხელისუფალთა მხრიდან მოქნილ და ფრთხილ პოლიტიკურ ნაბიჯებს მითხოვდა. თუმცა გარკვეულ კრიტიკულ სიტუაციებში, ცალკეული ქართველი მეფე-მთავრები იძულებულნი იყვნენ თავიანთი პოლიტიკური ორიენტაციის ფორმა და სახე რადიკალურად შეეცვალათ, რაც უშუალო კავშირში იყო სამხრეთ კავკასიაში და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ ვითარებასთან. ასეთ შემთხვევებში ერთმანეთს პერიოდულად ენაცვლებოდა მძიმე ბატალიები და დაზავება, დაპირისპირება და მშვიდობიანი დიპლომატიური ურთიერთობები, რასაც თან ახლდა ასევე კულტურათა დიალოგისა და ურთიერთგავლენის პროცესებიც. ამ ჭრილში საყურადღებოა აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ კახეთის და ირანის ურთიერთდამოკიდებულების წარმოჩენა მე-16 საუკუნის პირველ მეოთხედში.
ამთავითვე ხაზგასასმელია, რომ სეფიანთა სახელმწიფოს ფუძემდებელმა შაჰ ისმაილ I-მა სამეფო ტახტის დაკავებისთანავე, მთავარი ყურადღება სწორედ საქართველოსკენ მიაპყრო, რასაც მოჰყვა კიდეც ყიზილბაშთა ლაშქრობების მთელი ციკლი საქართველოს სხვადსხვა მხარეში. ამჯერად ყურადღება ფოკუსირებულია აღნიშნული ლაშქრობების დამასრულებელ ეტაპზე კახეთის სამეფოს მიე განხორციელებულ ადეკვატურ საპასუხო ქმედებებზე, კერძოდ, ლევან მეფის მიერ ორგანიზებულ მძლავრ ანტიირანულ აჯანყებებზე 1521 და 1524 წლებში, მათ მიზეზებზე და შედეგებზე. აღნიშნული ისტორიული მოვლენები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რამდენადაც უშუალოდ უკავშირდება შაჰ ისმაილ I-ის საქართველოში ყოფნა-არყოფნის საკითხს, რის თაობაზეც სამეცნიერო წრეებში აზრთა სხვადასხვაობაა.
ნაშრომში წარმოდგენილი საკითხები განხილულია ქართული, სპარსული, თურქული და ევროპული წერილობითი წყაროების მონაცემების ურთიერთშეჯერებისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე, რის შედეგადაც გამოტანილია სათანადო დასკვნები. კვლევა ეფუძნება. ისტორიოგრაფიაში აპრობირებული კვლევის აკადემიური მეთოდებს, რაც გულისხმობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების მმოძიებას, შედარებით-ისტორიულ და კონტენტ-ანალიზის მეთოდს ობიექტური დასკვნების გამოტანის მიზნით.
საკვანძო სიტყვები: საქართველო, კახეთი, აჯანყება, შაჰ ისმაილ I, ირანი