ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი

კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

თბილისი/საქართველო 

nino.chikovani@tsu.ge


 

აბსტრაქტი

9 აპრილი საქართველოს თანამედროვე ისტორიის პარადიგმული მოვლენა, რომელმაც „ყირაზე დააყენა სოციალური რეალობა“ და დიდი ხნით განსაზღვრა კოლექტიური მეხსიერება და იდენტობა. ბოლო წლებში მომდინარე პროცესები აჩვენებს, რომ, მიუხედავად 35 წლიანი დროითი დისტანციისა, ეს მოვლენა ინარჩუნებს სოციალურ და პოლიტიკურ მნიშვნელობას. წარმოდგენილი კვლევა აჩვენებს, როგორ გამოიყენება წარსულის ტრავმული გამოცდილება სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მიერ მეხსიერების კონსტრუირებისათვის; როგორ „მუშაობს” პოსტ-მეხსიერება (მ. ჰირში) 1989 წლის შემდეგ დაბადებული თაობის მეხსიერებაში; როგორ გადაეცემა 9 აპრილის მეხსიერება თაობებს, რომელთაც არ აქვთ ტრავმის „ცოცხალი“ გამოცდილება და როგორ რჩებიან დაკავშირებული ამ ტრავმასთან ე.წ. მილენიალები და ჯენ-ზი. კვლევა ემყარება კულტურული ტრავმის (ჯ. ალექსანდერი), კომუნიკაციური და კულტურული მეხსიერების (ი. და ა. ასმანები) და პოსტ-მეხსიერების (მ. ჰირში) თეორიებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, გავაანალიზოთ თაობათა შორის ტრავმული მეხსიერების გადაცემის მექანიზმები და დროთა განმავლობაში მისი მანიფესტაციის ფორმათა ცვლილებები. სხვადასხვა ტიპის ნარატივი, რომლებმაც განსაზღვრა 9 აპრილის როგორც ტრავმის და/ან ტრიუმფის ჩამოყალიბება, აგრეთვე მისი დამახსოვრების და დავიწყების ფორმები თავმოყრილი, კატეგორიზებული და გაანალიზებულია დისკურსის ანალიზის მეთოდის გამოყენებით. 9 აპრილის მეხსიერების გადაცემაში შეიძლება გამოიყოს რამდენიმე პერიოდი: მოვლენის მომდევნო ორი წელი, რომლებიც დაგვირგვინდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით 1991 წლის 9 აპრილს; სამოქალაქო დაპირისპირება და „ბნელი 90-იანები,“ როცა შეიარაღებული გადატრიალების გზით ხელსუფლებაში მოსული მთავრობა ცდილობდა 9 აპრილის ტრავმული განზომილების გაძლიერებას მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ცერემონიით და ნაკლები აქცენტით დამოუკიდებლობის აღდგენის მნიშვნელობაზე; საჯარო სივრცეში 9 აპრილის, როგორც პარადიგმული მოვლენის დაბრუნება 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ; ხელსუფლების ცვლილება 2012 წელს და მეხსიერების პოლიტიკაში 9 აპრილის მარგინალიზაცია; და ბოლოს, 2019-2025 წლები, რომლებიც აღინიშნა საჯარო დისკურსში 9 აპრილის თემის აქტიური დაბრუნებით, როცა თაობათაშორისი მეხსიერების გამოცოცხლებაში განსაკუთრებით აქტიური იყო მილენიალებისა და ჯენ-ზის თაობა. კვლევა ადასტურებს, რომ 9 აპრილის მეხსიერება დღესაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ახალი თაობების ისტორიული ცნობიერების ჩამოყალიბებაზე ტრანსგენერაციული ნარატივების, დამახსოვრებისა და გახსენების პრაქტიკების და კულტურული მეხსიერების მედიაციური ფორმების მეშვეობით. მათთვის, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ამ მოვლენის ეფექტი, 9 აპრილი კომუნიკაციური და კულტურული მეხსიერების ნაწილია, მილენიალებისა და ჯენ-ზის თაობისათვის კი, უმთავრესად, პოსტმეხსიერება. 


საკვანძო სიტყვები: 9 აპრილი, საქართველო, კოლექტიური მეხსიერება, თაობათა ტრავმა, მილენიალები, ჯენ-ზი.