„გეღარდის“ სამეცნიერო-ანალიტიკური ფონდი
მკვლევარი
ერევანი, სომხეთი
აბსტრაქტი
2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის შემდგომმა პერიოდმა სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები გამოიწვია, რომლებმაც განსაკუთრებით სომხეთსა და საქართველოზე მოახდინა გავლენა. რუსეთის მიერ წარმართული რეგიონული პოლიტიკის შესუსტებამ, 2022 წელს დაწყებული რუსეთ–უკრაინის ომის შედეგებთან ერთად, რეგიონული ძალთა ბალანსი შეცვალა და მცირე სახელმწიფოებს უბიძგა, უფრო მეტად გაემრავალფეროვნებინათ საგარეო უსაფრთხოების პარტნიორობები, თანამშრომლობის მექანიზმები და განევითარებინათ შიდა ინფრასტრუქტურა.
წინამდებარე მოხსენებაში მცირე სახელმწიფოების სტრატეგიული ავტონომია განისაზღვრება, როგორც გარდაუვალი ასიმეტრიული ურთიერთდამოკიდებულების პირობებში სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების უნარი. კვლევის ცენტრალური კითხვაა: რა პირობებში აძლიერებს პარტნიორობების დივერსიფიკაცია და ურთიერთკავშირების განვითარება სომხეთისა და საქართველოს სტრატეგიულ ავტონომიას? გაანალიზებულია სამი ძირითადი ასპექტი: პარტნიორობების დივერსიფიკაცია, სანდო ინსტიტუციურ გარანტიებზე წვდომა და კრიტიკულად მნიშვნელოვან კავშირებზე სუვერენული კონტროლის შენარჩუნება.
მოხსენებაში დასაბუთებულია, რომ სამხრეთ კავკასიის მცირე სახელმწიფოებისთვის სტრატეგიული ავტონომია გულისხმობს დამოკიდებულებების დივერსიფიკაციას და, ამავე დროს, შიდა ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, როგორც საგარეო უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფოებს შორის შერჩევითი თანამშრომლობის პოტენციალს იმ პირობით, რომ ასეთი თანამშრომლობა მათ ავტონომიას საფრთხეს არ შეუქმნის.
საკვანძო სიტყვები: მცირე სახელმწიფოები; სომხეთი; საქართველო; სამხრეთ კავკასია; სტრატეგიული ავტონომია; ურთიერთკავშირი; ჰეჯირების პოლიტიკა; რეგიონული უსაფრთხოება.