ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი
მეცნიერ-თანამშრომელი
ფილოლოგია
ფილოლოგიის დოქტორი
ქუთაისი/საქართველო
mari_teron@yahoo.com
აბსტრაქტი
ახალგაზრდობა ოცნებების პერიოდია და ამიტომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი სამართლიანობის რწმენას ინარჩუნებს. ლეო კერესელიძე ადრეული ასაკიდანვე კარგად აცნობიერებდა, თუ რას ნიშნავდა იდეური პოლიტიკური მოღვაწისა და იდეალისთვის მებრძოლი ადამიანის ცხოვრება დევნას, პატიმრობას, გადასახლებას... თუმცა, რადგან ეს წინააღმდეგობა ერთ უმაღლეს მიზანს - სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას - ემსახურებოდა, იგი მას სიხარულისა და სიამაყის განცდას ანიჭებდა.
„ჩემი პოლიტიკური საქმიანობა 1900 წელს დავიწყე, როდესაც მხოლოდ 16 წლის ვიყავი. იმავე წელს თბილისში დავაარსე „საქართველოს დამოუკიდებლობის წრე“, რომლის წევრებიც იყვნენ ვ. ქართველიშვილი, ნ. მაღალაშვილი, გ. კერესელიძე, შ. ამირეჯიბი და სხვა ახალგაზრდები. ჩვენი ბეჭდვითი ორგანო იყო გაზეთი „ახალგაზრდა საქართველო“. 1904 წელს ჟენევაში წავედი, სადაც საინჟინრო კოლეჯში ვსწავლობდი. მისი დასრულების შემდეგ ევროპის სამხედრო აკადემიაში სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი. საფუძვლიანად შევისწავლე სამხედრო მეცნიერების თეორია.“
მიხაკო წერეთლის შეფასებით, სამშობლოს სიყვარულით, იდეალიზმითა და მისი გათავისუფლების რწმენით აღსავსე ლეო კერესელიძე „საბრძოლველად იყო დაბადებული და ბრძოლა მისი მთელი ცხოვრების შინაარსად იქცა“.
ემიგრაციაში ყოფნისას ლეო კერესელიძემ ქართველ ეროვნულ-პოლიტიკურ და სამეცნიერო-კულტურულ ძალებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაუღალავი ბრძოლა გააგრძელა. XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც სოციალისტ-ფედერალისტები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთნენ, ლეო კერესელიძე ურთულეს დავალებებს ასრულებდა. მათ შორის იყო 1905 წლის რევოლუციის დასაწყისში იარაღით დატვირთული გემების საქართველოში შემოყვანა და 1906 წლის მაისში პარტიის კომიტეტის დავალებით დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაცია. ამ საქმის გამო ჟენევის სასამართლომ იგი და მისი თანამოაზრეები საერთაშორისო სამართლის საფუძველზე გაამართლა.
მალე ლეო კერესელიძემ ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. იგი კარგად აცნობიერებდა ცოდნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამშობლოს კეთილდღეობისთვის. სწორედ აქ დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და იურიდიული ფაკულტეტის პრივატ-დოცენტად დაინიშნა.
1911 წელს ჟენევაში, პეტრე სურგულაძის თავმჯდომარეობით, შეიქმნა „საქართველოს სეპარატისტთა პარტიის საზღვარგარეთის კომიტეტი“, რომელსაც საქართველოში მოქმედ საიდუმლო „სეპარატისტთა ლიგასთან“ ჰქონდა კავშირი. კომიტეტის თავმჯდომარე იყო პეტრე სურგულაძე, მდივანი გიორგი კერესელიძე, ხოლო წევრები ლეო კერესელიძე, ნესტორ მაღალაშვილი და სხვა ცნობილი მოღვაწეები.
მათი ინიციატივით შვეიცარიაში დაარსდა ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“, რომელიც ფარულად იგზავნებოდა საქართველოში. როგორც იმდროინდელი შეფასება აღნიშნავს, „ამ ჯგუფმა და მისმა ბეჭდვითმა ორგანომ დიდი საქმის მომავლის გასააზრებლად და მსოფლიო ომის პირობებში სამოქმედოდ ქართული საზოგადოებრივი აზრი მოამზადა.“
1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ქართველმა სეპარატისტებმა ტაქტიკა შეცვალეს და ძველი ორგანიზაციის ნაცვლად საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი ჩამოაყალიბეს. ომის პერიოდში კომიტეტმა გერმანიისა და ოსმალეთის იმპერიის მხარე დაიკავა, რადგან მათ რუსეთის კოლონიური ბატონობის დამხობა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მიაჩნდათ მთავარ მიზნად.
ლეო კერესელიძის ინიციატივით ოსმალეთის ტერიტორიაზე შეიქმნა ქართული ლეგიონი, რომელსაც მხოლოდ საქართველოს საზღვრებთან ან საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ებრძოლა და არა სხვა ფრონტებზე.
გერმანიაში კომიტეტის მიერ დაარსებული „ქართული გაზეთი“ ტყვეთა ბანაკებში ფართო პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწეოდა, რომლის მიზანი ქართველთა გათავისუფლება იყო რუსეთის პოლიტიკური გავლენისგან. გაზეთში სისტემატურად ქვეყნდებოდა ლეო კერესელიძის პოლიტიკური, სამეცნიერო, ისტორიული და მხატვრული ნაშრომები.
აღსანიშნავია, რომ 1918 წელს ჟენევაში ფრანგულ ენაზე გამოიცა ლეო კერესელიძის 45-გვერდიანი წიგნი Fantasies Orientales („აღმოსავლური ფანტაზიები“), რომელშიც შესული იყო რამდენიმე ლიტერატურული ფანტაზია. ამ ნაწარმოებებიდან „დედოფალი თამარი და მისი პოეტი შოთა რუსთაველი“ და „ბაზალეთის ტბა“ პირველად „ქართულ გაზეთში“ (№25, 1 აპრილი, 1917) გამოქვეყნდა.
პოლიტიკოსმა, პოლკოვნიკმა და შემოქმედმა ლეო კერესელიძემ თავისი ნიჭით, ცოდნითა და მრავალმხრივი შესაძლებლობებით მხოლოდ 33 წლის ასაკამდე შეძლო მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა იმ უმთავრესი მიზნის განხორციელებაში, რომელსაც საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ერქვა.
Keywords
Member of the detachment, White George, Independence Committee, ship "Sirius", General Kereselidze, Morocco, historical reality.