სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი

სხვა 

ისტორიის დოქტორი 

თბილისი/საქართველო

kaxaberp73@gmail.com


აბსტრაქტი

ახ.წ. 63 წ. კოლხეთის სანაპირო პუნქტებში - აფსაროსში, ფასისსა და დიოსკურიაში ჩაყენებულ იქნა რომაული გარნიზონები, რითაც საფუძველი ჩაეყარა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაულ სასაზღვრო-თავდაცვით სისტემას. მოგვიანებით რომაული გარნიზონები ჩადგნენ პიტიუნტშიც. კოლხეთის თავდაცვითი ხაზი წარმოადგენდა რომაული აღმოსავლეთის ერთიანი სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის ნაწილს. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის ხასიათისა და მასშტაბების შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე არ არსებობს ერთიანი შეხედულება. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ტერმინ ,,Limes“-ის ზუსტი დეფინიცია არსებობს და ის გულისხმობს მაღალორგანიზებულ სასაზღვრო-თავდაცვით კომპლექსს - საფორტიფიკაციო ნაგებობებით, უწყვეტი თავდაცვითი ხაზებით, კედლებით, თხრილებით, მიწაყრილებითა და განვითარებული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით - მკვლევართა ნაწილი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაულ ციხესიმაგრეთა სისტემას მაინც ,,პონტოს ლიმესს“ უწოდებს. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული სასაზღვრო პერიმეტრი კაპადოკიის ლიმესის ერთ-ერთ სექტორს წარმოადგენდა. ნაშრომში გაანალიზებულია წერილობითი და არქეოლოგიური წყაროები, აგრეთვე თანამედროვე ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრებები კოლხეთის რომაული სასაზღვრო სისტემის შესახებ; დასაბუთებულია, რომ რეგიონის სპეციფიკური გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობების გამო, კოლხეთის საზღვარზე კლასიკური ლიმესის მოწყობის საჭიროება არ იყო და შესაბამისად, იგი აქ არც არსებობდა. აქედან გამომდინარე, ტერმინი „პონტოს ლიმესი“ მეცნიერულად გაუმართლებელია. ნაშრომში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ პუნქტების იდენტიფიკაციის პრობლემას, რომლებსაც აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული სასაზღვრო სისტემის ნაწილად მიიჩნევენ. მკვლევართა ნაწილის მიხედვით, ეს სისტემა მოიცავდა აფსაროსს, ფაზისს, ზიგანისს, სებასტოპოლისს, პიტიუნტს, ტრაქეას, მამაი-კალასა და ბატას, თუმცა რამდენიმე ამ პუნქტში სტაციონალური რომაული გარნიზონის არსებობა დოკუმენტურად არ დასტურდება. ზოგიერთი ავტორი ამ სისტემას კიდევ უფრო აფართოებს და მასში ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის არაერთ სხვა ლოკაციასაც მოიაზრებს, თუმცა ასეთი იდენტიფიკაციების უმეტესობა სარწმუნო საფუძველს მოკლებულია. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემა რეალურად წარმოადგენდა ტრაპეზუნტიდან პიტიუნტამდე გადაჭიმული გამაგრებული პუნქტების ქსელს, რომელშიც შედიოდა ტრაპეზუნტი, ჰისოსი, რიზე, ათენა, აფსაროსი, პეტრა, ფაზისი, სებასტოპოლისი და პიტიუნტი. რომაული საფორტიფიკაციო ქსელი ამ არეალს არასოდეს გასცდენია. შესაბამისად, რომაული სამხედრო-თავდაცვითი სისტემა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში უფრო შეზღუდული მასშტაბისა იყო, ვიდრე ეს ზოგიერთ თანამედროვე ნაშრომშია წარმოდგენილი. კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი GSDP-24-1289]. This work was supported by Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG) [grant number GSDP-24-1289


Keywords

ლიმესი, რომი, კაპადოკია, პონტო, კოლხეთი, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, პონტო-კავკასიის საზღვარი.