ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ასოცირებული პროფესორი
ფილოლოგია
ფილოლოგიის დოქტორი
თბილისი/საქართველო
levan.beburishvili@tsu.ge
აბსტრაქტი
მოხსენება ეძღვნება გალაკტიონ ტაბიძის პოეტურ ტრაქტატში – „საუბარი ლირიკის შესახებ“ – ანტიკური ლირიკის რეცეფციის ანალიზს და იმ ესთეტიკურ-იდეოლოგიურ ფუნქციას, რომელსაც ანტიკური პოეზიის მაგალითები ასრულებს ავტორის მსოფლმხედველობრივ კონცეფციაში. მოხსენების მიზანია გამოიკვეთოს, თუ როგორ იყენებს გალაკტიონი ძველი ბერძნული პოეზიის ისტორიას ლირიკის საზოგადოებრივი და შემეცნებითი ღირებულების დასასაბუთებლად. პოეტურ ტრაქტატში გალაკტიონი უპირისპირდება იმ ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას, რომლის მიხედვითაც ლირიკა მხოლოდ სუბიექტური განცდების გამოხატულებაა და მოკლებულია სოციალური თუ ისტორიული რეალობის ღრმა ასახვის უნარს. აღნიშნული თვალსაზრისის საწინააღმდეგოდ, პოეტი ანტიკური ლირიკის ისტორიიდან ირჩევს ისეთ ავტორებსა და ჟანრებს, რომლებიც ნათლად წარმოაჩენენ ლირიკის აქტიურ საზოგადოებრივ ფუნქციას. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არქილოქოსს, ტირტეოსს, სოლონს, სიმონიდეს, პინდაროსსა და სკოლიონის ჟანრს. მოხსენებაში ნაჩვენებია, რომ გალაკტიონისთვის არქილოქოსი ლირიკის ძალისა და ზემოქმედების სიმბოლოა; ტირტეოსის შემოქმედება – პატრიოტული და საბრძოლო პოეზიის მაგალითი; სოლონი – პოეზიისა და პოლიტიკური აზროვნების სინთეზის გამომხატველი; სიმონიდე და პინდაროსი კი – სამოქალაქო ღირსებისა და ეროვნული გმირობის მგოსნები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჰარმოდიუსისა და არისტოგიტონისადმი მიძღვნილ ანტიკურ სკოლიონს, რომელსაც გალაკტიონი პოემაში ფართო ადგილი უთმობს. ტექსტის ანალიზი ცხადყოფს, რომ აღნიშნული ეპიზოდი მრავალშრიანი პოლიტიკური ქვეტექსტის მატარებელია და ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლის იდეას უკავშირდება. ნაშრომში ასევე განხილულია, რატომ ტოვებს გალაკტიონი ყურადღების მიღმა მონოდიური ლირიკის ისეთ წარმომადგენლებს, როგორებიც არიან საფო, ალკეოსი და ანაკრეონი. ნათელი ხდება, რომ პოეტი შეგნებულად ირჩევს იმ ავტორებს, რომელთა შემოქმედებაც საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეროვნულ იდეალებს გამოხატავს. ამგვარად, ანტიკური ლირიკის ინტერპრეტაცია ემსახურება გალაკტიონის ძირითად მიზანს – დაამტკიცოს, რომ ლირიკა არა მეორეხარისხოვანი, არამედ უნივერსალური ლიტერატურული გვარია. მოხსენებაში ნაჩვენებია, რომ ანტიკური პოეზიის რეცეფცია გალაკტიონისათვის მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემას არ წარმოადგენს; იგი მისი ესთეტიკური თვითდამკვიდრებისა და ლირიკის აპოლოგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.