საქართველოს უნივერსიტეტი
ისტორიის დოქტორი, პროფესორი
თბილისი, საქართველო
t.koridze@ug.edu.ge
ORCID: 0009-0003-6208-0480
შარვაშიძეთა სამთავრო სახლის ურთიერთობა აფხაზეთის (დასავლეთ საქართველო) საკათალიკოსოსთან XVII–XVIII საუკუნეებში
აბსტრაქტი
XVII–XVIII საუკუნეებში შარვაშიძეთა სამთავრო სახლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოს ურთიერთობის შესახებ ცნობები მწირია. კვლევა ეფუძნება აფხაზეთის კათოლიკოსების (დავით ნემსაძე, გრიგოლ ლორთქიფანიძე) და შარვაშიძეთა სამთავრო სახლის წარმომადგენლების (ყვაპუ, ქერექიმი და სხვ.) მიერ გაცემული საეკლესიო საბუთების ანალიზს. მოხსენების მიზანია გამოავლინოს საერო და საეკლესიო ხელისუფლების ურთიერთობის ძირითადი ფორმები და დაადგინოს ის პოლიტიკური, ეთნიკური და სარწმუნოებრივი ფაქტორები, რომლებმაც XVII–XVIII საუკუნეებში ამ ურთიერთობათა ხასიათი განსაზღვრა.
აღნიშნული პროცესების გასაგებად აუცილებელია XVI საუკუნეში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინება. აფხაზეთში შეცვლილმა ეთნიკურმა და სარწმუნოებრივმა ვითარებამ აფხაზეთის საკათალიკოსოს რეზიდენციის ბიჭვინტიდან გელათში გადატანა განაპირობა, რის შედეგადაც საკათალიკოსოს მწყემსმთავართა უშუალო კავშირი აფხაზეთის სამთავროსთან მნიშვნელოვნად შეიზღუდა. XVII- XVIII საუკუნისთვის, უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, კათოლიკოსები აფხაზეთში ჩასვლას ვეღარ ახერხებდნენ, რაც იქ მათ მიერ საეკლესიო იურისდიქციის განხორციელებასაც აფერხებდა. XVIII ს-ში ბიჭვინტის საკათედრო ტაძარმა ფუნქციონირება შეწყვიტა.
XVII–XVIII საუკუნეებში აფხაზეთის სამთავროს პოლიტიკა მნიშვნელოვნად განისაზღვრებოდა ოდიშთან დაპირისპირებითა და ტერიტორიული ექსპანსიის მცდელობებით. ამ ბრძოლებში შარვაშიძეები აქტიურად იყენებდნენ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მთიელთა სამხედრო ძალას და ხელს უწყობდნენ მათ აფხაზეთში დასახლებას. ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, ამ პროცესებმა საკუთრივ აფხაზეთში მნიშვნელოვანი ეთნოდემოგრაფიული და სარწმუნოებრივი ცვლილებები გამოიწვია, რაც აისახა როგორც ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობის მდგომარეობაზე, ისე აფხაზეთის საკათალიკოსოს საქმიანობაზე.
საეკლესიო საბუთები მოწმობს, რომ აფხაზეთის საკათალიკოსოს იურისდიქციაში მცხოვრები მოსახლეობა მძიმე სოციალურ და უსაფრთხოების პრობლემებს განიცდიდა. ამავე დოკუმენტებიდან ჩანს, რომ კათოლიკოსები აფხაზეთის მთავრებთან ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობის უფლებების დაცვის, საკათალიკოსო ყმების ადგილზე შენარჩუნებისა და წარმოშობილი კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით ურთიერთობდნენ.
XVIII საუკუნეში რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, განსაკუთრებით ოსმალეთის გავლენის გაძლიერებამ, კიდევ უფრო გაართულა როგორც აფხაზეთის სამთავროს, ისე აფხაზეთის საკათალიკოსოს მდგომარეობა. ქრისტიანული ინსტიტუტების საქმიანობის შეზღუდვამ მნიშვნელოვნად შეცვალა შარვაშიძეთა სამთავრო სახლსა და საეკლესიო ხელისუფლებას შორის ურთიერთობის ფორმები და ინტენსივობა. წარმოდგენილი საბუთების ანალიზი აჩვენებს, რომ XVII–XVIII საუკუნეებში ამ ურთიერთობათა ხასიათს განსაზღვრავდა არა მხოლოდ საეკლესიო-სამართლებრივი ტრადიცია, არამედ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური, ეთნიკური და სარწმუნოებრივი ცვლილებები, რომლებმაც თანდათან შეასუსტა აფხაზეთის საკათალიკოსოს პრაქტიკული გავლენა საკუთრივ აფხაზეთში.
საკვანძო სიტყვები: შარვაშიძეთა სამთავრო სახლი; აფხაზეთის საკათალიკოსო; საერო და საეკლესიო ხელისუფლება; დასავლეთ საქართველო.