ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი
კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის მაგისტრი
ქობულეთი/საქართველო
Sabakalanda@gmail.com

 

აბსტრაქტი 

ნაშრომში განხილულია თურქეთში, კერძოდ ფაცას რეგიონში, მცხოვრები ქართველი მუჰაჯირების შთამომავლების დამოკიდებულება ისტორიულ სამშობლოსთან. კვლევა აანალიზებს ტრანსფორმაციას „წარმოსახვითი სამშობლოდან“, რომელიც საბჭოთა პერიოდის ჩაკეტილი საზღვრების პირობებში მხოლოდ ზეპირსიტყვიერი გადმოცემებითა და რადიოსიგნალებით არსებობდა, რეალურ, ფიზიკურ კავშირებამდე, რაც 1988 წლიდან, საზღვრის გახსნის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ეთნოგრაფიული ინტერვიუების საფუძველზე ნაჩვენებია პირველი შეხვედრების ემოციური რეკონსტრუქცია, სადაც ნათესაობის იდენტიფიცირება ხშირად ფიზიკური მსგავსებებითა და საერთო გვარსახელების ძიებით ხდებოდა. ნაშრომში ხაზგასმულია „წრიული მობილობის“ (Circular Mobility) ფენომენი - პროცესი, როდესაც საქართველოში ვიზიტი არ აღიქმება მხოლოდ ტურისტულ აქტად, არამედ წარმოადგენს სიმბოლურ დაბრუნებას წინაპრებისეულ სივრცეში, რაც აძლიერებს კოლექტიურ იდენტობას.

კვლევა ასევე ეხება საზღვრის გახსნის სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებს: სეზონური მუშახელის მობილობას, ბიზნეს-კონტაქტებსა და კულტურულ დიპლომატიას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2013 წლის პრეცედენტს, საქართველოს მოქალაქეობის მასობრივ მინიჭებას ფაცელი ქართველებისთვის, რაც განიხილება როგორც სახელმწიფოს მხრიდან მათი იდენტობის აღიარებისა და ისტორიულ ფესვებთან ოფიციალური მიკუთვნებულობის აქტი.

დასკვნით ნაწილში ნაჩვენებია, რომ მიუხედავად გლობალიზაციისა და ასიმილაციის საფრთხეებისა, თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებები და გახშირებული ვიზიტები ხელს უწყობს ქართული ენისა და კულტურის „ცოცხალი არქივის“ შენარჩუნებას, რაც ფაცას ქართველებისთვის ორ საცხოვრებელ სივრცეს შორის მყარ სოციო-კულტურულ ხიდს აგებს.

 

საკვანძო სიტყვები: მუჰაჯირები, ფაცა, საზღვრის გახსნა, წრიული მობილობა, ისტორიული სამშობლო, ნათესაური კავშირები, იდენტობა.