თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

მეცნიერი თანამშრომელი

წყაროთმცოდნეობა

სიძველეთმცოდნეობის მაგისტრი, დოქტორანტი

თბილისი/საქართველო

zazakarchava98@gmail.com


აბსტრაქტი

1943 წელს ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიასა და ნიკოლოზ ბერძენიშვილის ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის დამდეგამდე“. სახელმძღვანელოზე მუშაობა ავტორთა ჯგუფმა 1936 წელს დაიწყო და ეს პროცესი თითქმის 6 წელი გაგრძელდა. სახელმძღვანელოს გამოცემიდან მალევე წიგნი რუსულადაც თარგმნეს, რის შემდეგაც სახელმძღვანელოს ავტორებმა სტალინური პრემია დაიმსახურეს. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმძღვანელოს შექმნის პროცესი მეტად საინტერესოდ წარიმართა, ხოლო ქართული ისტორიოგრაფიის სამი გამორჩეული წარმომადგენლის ავტორობით დაწერილი სახელმძღვანელო იქცა ერთგვარ შეჯამებად იქამდე წარმოებული სამეცნიერო კვლევა-ძიებისა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წიგნი 1953 წლიდან კრიტიკის მძაფრ ქარ-ცეცხლში მოექცა სახელმძღვანელოში წარმოდგენილი საისტორიო ნარატივები დღემდეა დამკვიდრებული, როგორც ვიწრო სამეცნიერო წრეებში, ასევე ფართო კოლექტიურ მეხსიერებაში. მოხსენების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ნათლად წარმოაჩინოს თუ როგორ მიმდინარეობდა სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესი. როგორი სახით ჩამოაყალიბეს ავტორებმა თავდაპირველი ტექსტი და რა ძირითადი ცვლილებები განიცადა ტექსტმა სახელმძღვანელოს საბოლოო ვერსიაში. მოხსენების მომზადებისას მაქსიმალურად ვეცადეთ წარმოგვეჩინა ის ისტორიული დისკურსი, რომლის ფონზეც იქმნებოდა სახელმძღვანელო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სახელმძღვანელოს რედაქტორის ფუნქციას სიმონ ჯანაშიასთან ერთად ითავსებდა საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი. სიმონ ჯანაშიასა და ნიკოლოზ ბერძენიშვილის სტალინთან შეხვედრის შემდეგ, რომელმაც ავტორებს თავისი მოსაზრებები და სურვილები გააცნო სახელმძღვანელოს ზოგი საკითხის შესახებ, სახელმძღვანელომ ისევ განიცადა გარკვეული, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები. ფაქტობრივად იოსებ სტალინი სახელმძღვანელოს კიდევ ერთ რედაქტორად მოგვევლინა. ასევე მოხსენებაში დეტალურადააწარმოჩენილი და განხილული ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას და ნიკოლოზ ბერძენიშვილის ისტორიოგრაფიული შეხედულებები, რომლებმაც სათანადო ასახვა ჰპოვა სახელმძღვანელოში. მოხსენებისათვის მთავარ საისტორიო წყაროს წარმოადგენს საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო; შესაბამისად, ნაშრომი დაფუძნებულია ისტორიოგრაფიული კვლევა-ძიებისათვის დამახასიათებელ კვლევის მეთოდებზე. მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, ნაშრომი ეფუძნება ისტორიული შემეცნების მეთოდს, რაც შესაძლებელს ხდის, დინამიკაში გამოჩნდეს პრობლემის არსი. მოხსენებაში დეტალურად არის განხილული სახელმძღვანელოს სხვადასხვა ნიუანსი, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმძღვანელოს შექმნის ისტორიისა და მისი გამოცემის კონტექსტის წარმოჩენას. საკითხზე მუშაობისას ასევე გამოყენებულია ჰერმენვტიკული და დისკურსის ანალიზი. გარდა ამისა, გამოყენებულია კომპარატისტული კვლევაც. მოხსენებაზე მუშაობის პროცესში გარდა სამეცნიერო ლიტერატურისა დამუშავდა ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიასა და ნიკოლოზ ბერძენიშვილის პირადი არქივები. არქივებში დაცულმა მასალებმა შესაძლებელი გახადა დეტალურად წარმოგვეჩინა როგორ მიმდინარეობდა სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესი და რა ისტორიოგრაფიული შეხედულებებისა თუ იდეოლოგიური დოგმების მიხედვით ქმნიდნენ ავტორები სახელმძღვანელოს. კვლევის პროცესმა ნათლად ცხადყო, რომ სახელმძღვანელოზე მუშაობა მკაცრი იდეოლოგიური ზედამხდეველობის ქვეშ მიმდინარეობდა, თუმცა მიუხედავად ამისა, სახელმძღვანელოს ავტორებმა ზოგიერთი იდეოლოგიური ხასიათის შენიშვნა არ გაითვალისწინეს და მოახერხეს, რომ თავდაპირველი მოსაზრებანი უცვლელად დარჩენილიყო სახელმძღვანელოში.


Keywords

საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, ნიკოლოზ ბერძენიშვილი, ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფია.